ბლოგის შესახებ

۞ ÷ ۞ ÷ ۞

ჩემი ბლოგი ფილოსოფიაზეა, ანუ ყველაფერზე. როგორც მისი ქვესათაური გაუწყებთ — იგი ჩემს საყვარელ ფილოსოფოსს — ბენედიქტ სპინოზას ეძღვნება, რომლის ცხოვრების წესსა და მსოფლგაგებას, რაღა დაგიმალოთ და, აღტაცებაში მოვყავარ. დიდი დანანებითა და გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ ქართული ფილოსოფიური აზრის განვითარებიდან დღემდე მისი ერთი ნაშრომიც კი არ თარგმნილა ქართულ ენაზე. ალბათ, წინამდებარე ბლოგიც ამ დანაკლისის შევსების დილეტანტურ მცდელობას წარმოადგენს. ტრაქტატების კატეგორიაში კონსპექტური სახით გადმოცემულია სპინოზას ყველა ნაშრომის ჩემეული ქართული თარგმანი, რომლის დანიშნულებაა ზედაპირული წარმოდგენა შეუქმნას ჰოლანდიელი ბრძენის ფილოსოფიით დაინტერესებულ მკითხველს. თუ ჩემი გულმოდგინე მცდელობა ერთ ადამიანს მაინც გაუღვიძებს სპინოზას ფილოსოფიის უცხოურ ენაზე გაცნობის წადილს, მე დიდად მოხარული დავრჩები და ჩავთვლი, რომ ბლოგმა „მისია“ შეასრულა. 

წარმოდგენილი ბლოგი ჩემი მოკრძალებული ფილოსოფიური შემოქმედების კიდობანია, სადაც საკუთარ ხორცშესხმულ ფილოსოფიურ ფანტაზიებს სასოობით ვინახავ. ბლოგის არსებობა ჩემი „ფილოსოფიური“ ჭიის გახარება უფროა, ვიდრე ფილოსოფოსობის უნიჭო მცდელობა. მასში მთელი ჩემი მსოფლმხედველობაა წარმოჩინებული, რომელიც უნივერსალურ პრობლემებზე გონებაჭყლეტითი მუშაობის შედეგად, დროთა განმავლობაში, დაილექა ჩემს ბუნდოვანებით მოსილ ქვეცნობიერში.

თანამედროვე ბლოგოეპოქაში აღარავის უკვირს ბლოგთა სიუხვე და მოზაიკური მრავალფეროვნება. ზოგისთვის ბლოგი ცხოვრებისეული დღიურია, სადაც იუველირული სიზუსტით ასახავს დღის განმავლობაში თავს გადამხდარ საინტერესო თუ უინტერესო ამბებს. გარკვეული კატეგორიისთვის იგი თვითრეალიზაციის ერთ-ერთი მეთოდია, სადაც საკუთარ შეხედულებებს ჯანსაღი კრიტიკის მოლოდინში ამზეურებს და პრეტენზიული მკითხველის განსჯის საგნად აქცევს. მავანთათვის ბლოგი ფსიქოლოგიური კომპლექსების არტახებისაგან გათავისუფლების საშუალებაა, ხოლო ზოგისთვის კი „წაბზერიამ თხაი დაკლა, მიბზერიამ მოზვერიო“-ს ნათელი დადასტურება, იმას თუ აქვს, ამას რატომ არ უნდა ჰქონდეს? ნუთუ სხვაზე ნაკლებია? რით?!

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ჩემი ბლოგის ზემოხსენებული რომელიმე კატეგორიისადმი კუთვნილების განსაზღვრა თქვენთვის მომინდვია.

۞ ÷ ۞ ÷ ۞

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s