ფილოსოფიური თხზულება
შესავალი
იყო და არა იყო რა… პრინციპში, თუ „იყო“, ე.ი. რაღაც უფრო იყო, ვიდრე არაფერი, შესაბამისად, მეორე მტკიცება — „არა იყო რა“ იმთავითვე მცდარია; ხოლო თუ „არა იყო რა“, ე.ი. უფრო არაფერი ყოფილა, ვიდრე რაღაც, შესაბამისად, პირველი მტკიცება — „იყო“-ც იმთავითვე მცდარი გამოდის. თუმცა, პარადოქსები იქით იყოს და, მოდით ჩვენი გმირის თავგადასავლის თხრობას შევუდგეთ.
მას შემდეგ, რაც დურსუნმა ფილოსოფიის ცადაზიდული მწვერვალები თამამად დაიპყრო და სიბრძნის უშრეტ წყაროს ხარბად დაეწაფა, გადაწყვიტა, რომ მთელი თავისი ინტელექტუალური ავლა-დიდება ხალხისათვის უშურველად დაერიგებინა და ამით ქველმოქმედების უნიკალური ფორმისთვისაც დასაბამი მიეცა. ცოდვა გამხელილი სჯობს და, არც ასეთი გულუბრყვილოდ ალტრუისტი გახლდათ ჩვენი დურსუნი, ის ხალხში პრაქტიკული ცოდნის, ხალხთან ურთიერთობის გამოცდილების შესაძენად უფრო გავიდა, ვიდრე უანგარო სიკეთის დასათესად, თუმცა მის გეგმებში ხალხის ცნობიერების ამაღლება და აზროვნების განვითარებაში ხელშეწყობა რომ შედიოდა ეს ცხადი იყო. ისე, არც ეგოისტი ეთქმოდა დურსუნს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ეგოიზმს სრულიად ბუნებრივ ფენომენად მიიჩნევდა. ხშირად ამბობდა — ეგოიზმი ცოცხალ არსებაში სტიქიურად ჩამოყალიბებული თვითგადარჩენის ინსტინქტის ერთგვარი ვარიაციააო, დაახლოებით ისეთივე, როგორიც შიში და თუ ადამიანი საკუთარ ინტერესებს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე სხვისას ან ჯერ საკუთარ თავზე ზრუნავს და მერე სხვაზე, საკვირველიც არაფერიაო. ზომიერების მომხრე იყო დურსუნი ყველაფერში. მისი წარმოდგენით, ადამიანური ეგოიზმიც რაციონალური ზომიერების საზღვრებს არ უნდა გასცილებოდა. რადგანაც დურსუნის პიროვნულ შტრიხებზე ყურადღების გამახვილება მისი ფათერაკებითა თუ უსიამოვნო ინციდენტებით აღსავსე თავგადასავლის თხრობისას არაერთხელ მოგვიწევს, ამიტომ მის დახასიათებას აქ მოვრჩები. ჰო, მართლა, დურსუნისათვის რომ გეკითხათ საით გაგიწევია ყმაწვილოო, ამაყად მოგიგებდათ — სამოგზაუროდო, ხოლო თუ თქვენ გამოუსწორებელი ცნობისმოყვარე აღმოჩნდებოდით და კითხვას დაუკონკრეტებდით — სად აპირებ მოგზაურობასო, პირდაპირ მოგახლიდათ — ხალხში ვაპირებო. დიახ, ხალხში! სწორედ ხალხში აპირებდა დურსუნი იმ ფასდაუდებელი ცოდნის შეძენას, რასაც ადამიანური ურთიერთობების ცოდნა ჰქვია.
გამგზავრების დღეს, ოჯახთან გამომშვიდობების სევდისმომგვრელი რიტუალის ხანგრძლივობა რომ შეემცირებინა იმედისმომცემი პირობა დადო: როგორც კი საკმარის ცოდნასა და გამოცდილებას დავაგროვებ, მაშინვე დავკრავ ფეხს და შინ გეახლებითო. უნდა ვაღიაროთ, რომ დურსუნის გამგზავრების ამბავს ოჯახი სახის ნაკვთების ჩამოხოკვითა და ვაი-ვიშით ნამდვილად არ შეხვედრია. აკი მათვე არ წააქეზეს დურუსუნი ხალხში გასულიყო? ოღონდ დურსუნს შინაყუდას სტატუსი აღარ ჰქონოდა და მისი რუტინული ყოფაც დასრულებულიყო და რას აღარ გაიღებდნენ. ამიტომაც, დურსუნმა ჯალაბობას თითოჯერ გადაკოცნა აკმარა, ზურგზე ხშირი ხმარებისგან სახელურებმოცვეთილი ჩანთა მკვირცხლად მოიგდო და გზას გაუყვა. ასე იწყება ჩვენი, კაცმა რომ თქვას, ფრიად ახირებული გმირის თავგადასავალი.
ვეგეტარიანიზმის შესახებ
რამდენიმე საათიანი მომქანცველი ყიალის შემდეგ დურსუნი სოფლის ბოლოს მდებარე გზაჯვარედინს მიადგა და მის წინ არსებული სამი ალტერნატიული გზიდან ერთ-ერთის არჩევაზე დაფიქრდა. ფიქრის საგანს გზის შერჩევის კრიტერიუმი წარმოადგენდა, თუმცა სანამ ფიქრით ტვინს გაიჭყლეტდა, მანამ მოაგონდა ოიდიპოს მეფის ნაცადი ხერხი — თვალდახუჭული დატრიალებულიყო და რომელ მხარესაც გაჩერდებოდა ის გზაც აერჩია. ზურგჩანთამოკიდებულმა დურსუნმა საკუთარი წარმოსახვითი ღერძის გარშემო იმდენი იბზრიალა, სანამ თავს რეტი არ დაესხა და გლეხის ხელისგულივით დამსკდარ მიწაზე ზღართანი არ მოადინა, მაგრამ მალევე წამოდგა და მის წინ გადაჭიმულ, ჭიაყელასავით დაკლაკნილ გზას პირველი თავგადასავლის იმედით გულანთებული გაუყვა.
ზაფხულის მოკრძალებული წვიმისგან დანამულ გზაზე დურსუნი უხმოდ მიაბიჯებდა, თუმცა თავი ათასგვარი საფიქრალით ჰქონდა გამოტენილი და პერიოდულად წუთისოფლის ამაოებაზე გულგამწყრალი მოხუცივით სევდიანად ამოიოხრებდა ხოლმე, რასაც ონავარი ჩიტები საამური ჟღურტულით ეხმიანებოდნენ. ჰაერის ნაზი არომატით დამთვრალ ჩამავალი მზის სხივებს მწველი ძალა დაჰკარგვოდათ და დურსუნს ახლადგაპარსულ წვერზე ვნებისაღმძვრელად ელამუნებოდა. ხანგრძლივი ხეტიალით გამოწვეული დაღლილობის მიუხედავად დურსუნი წუთითაც არ შეყოვნებულა, თუ არ ჩავთვლით იმ დროს, რაც ქვაზე დამჯდარმა მზაკვარი ძროხის ნეხვით დამშვენებული ფეხსაცმლის გაპატიოსნებას მოანდომა.
ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც და დურსუნის თვალწინ კანტიკუნტად დასახლებული პუნქტის არც თუ ისე მომხიბლავი პეიზაჟი გადაიშალა. უცხო სოფლის შესასვლელში ისე შეაბიჯა, რომ განსაკუთრებული ყურადღება არც კი გამოუჩენია, თორემ დაკვირვებული მგზავრის თვალს არ გამოეპარებოდა მიხრწნილი დედაბერივით მოკაკულ ხის ბოძზე სახელდახელოდ მილურსმული ტრაფარეტი, რომელზეც უგერგილოდ მიდღაბნილი ასოები სოფლის სახელწოდებას იუწყებოდნენ — „ლობიეთი“. სახელწოდების უნიკალურობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ვთვლი ორიოდე სიტყვით გიამბოთ მისი წარმოშობის ისტორია: მეორე მსოფლიო ომის დროინდელი კრიზისი იყო, სოფელში ტოტალური შიმშილობა ჩამოწვა. იმ წლის მოსავალმაც არ გაამართლა და რომ არა დახმარების სახით სოფლის ტერიტორიაზე ჩამოყრილი ლობიოთი სავსე ტომრები, მოსახლეობას გამხმარი კუჭით მოუწევდა სიკვდილთან შეხვედრა. სოფლის მოსახლეობამ ლობიო ციურ მანანად ერთხმად აღიარა და სოფლის სახელის გადარქმევისას ერთ ადამიანსაც კი არ გამოუთქვამს პროტესტი. აი, ასე გახდა დურსუნი ლობიეთის დაუპატიჟებელი სტუმარი.
ზაფხულის შემაწუხებელი ხვატის გამოისობით დურსუნმა ყელის არეში მომეტებული სიმშრალე იგრძნო, რამაც აიძულა ზურგჩანთაში გადანახული წყლის ბოთლი მოეჩხრიკა. მალევე იპოვნა და სულმოუთქმელად პირზე მიიყუდა, თუმცა პირველივე ყლუპი უკანვე გადმოაპურჭყა, რადგან წყალი მგზავრობისას ისე გამთბარიყო, რომ ჩაის დასალევად უფრო გამოდგებოდა, ვიდრე წყურვილის მოსაკლავად, ამიტომ ცივი წყლის თხოვნის მიზნით ვეება ჭიშკართან შეჩერდა და ომახიანად შესძახა:
— მასპინძელო! პასუხად დურსუნს პოლიფონიური გადაძახილები მოესმა, თუმცა მალევე კარი ხანშიშესულმა ქალმა გაუღო და ისე, რომ მისთვის სტუმრობის მიზეზიც არ უკითხავს, სახეგაბადრულმა შინ შეიპატიჟა.
რამდენიმე წუთის შემდეგ კი წყურვილმოკლული დურსუნი სახლის შუა ეზოში, ტალავერის ქვეშ გაშლილ, მრავალფეროვანი კერძებით მოოჭვილ სუფრასთან იჯდა და უნებლიე თანამეინახეებს გამომცდელი მზერით აკვირდებოდა.
— კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს ოჯახში დურსუნ ბატონო, — წამოიწია და ფეხზე ადგომით მიესალმა დურსუნის სტუმრობას ახოვანი მამაკაცი, რომელიც სახლის თავკაცობასთან ერთად სუფრის თამადობასაც ითავსებდა.
— ფრიად მოხარული ვარ ბატონო, თუმცა სიმართლე გითხრათ თქვენთან წყურვილმა მომიყვანა და წვეულებაზე კი ამოვყავი თავი, — ღიმილით უპასუხა დურსუნმა.
— სტუმარი ღვთისაა, დურსუნ. ჩემი ოჯახი გულითადი სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა და ღვთის კაცსაც საკადრის პატივს მივაგებთ ყოველთვის, არც შენ იქნები გამონაკლისი. ახლა კი, მორიდება იქით გადავდოთ და კერძებს მადიანად შეექეცი, მოშიებული იქნები, — უთხრა თამადამ და კმაყოფილი იერით ოჯახის დიასახლისს გადახედა.
ცოტაოდენი წახამსების შემდეგ ჟღალთმიანმა კაცმა დურსუნს ხორცეულისკენ თვალით ანიშნა და მწვადებით დახუნძლული შამფური გადააწოდა.
— დიდად გმადლობთ, მაგრამ ნუ შეწუხდებით, ხორცს არ გეახლებით, ბოსტნეულით შემოვიფარგლები მხოლოდ, — მორიდებით ამოიკნავლა დურსუნმა.
დურსუნის პასუხით გახალისებულმა თამადამ გულიანად გაიცინა:
— შენ ალბათ მარხვის წესს იცავ ჩემო დურსუნ, თუმცა მინდა დაგამშვიდო და გითხრა, რომ ჩვენც, ამ სუფრის წევრები, მარხვაში ვიმყოფებით და ნამდვილად არ ვაპირებთ ამ წესიდან გადახვევას, მითუმეტეს ისეთ რელიგიურად ღირსშესანიშნავ დღეს როგორიც წმ. თეოფილე სასომიხდილის ხსენების დღეა. ამიტომ, ნუ იდარდებ, სუფრაზე განთავსებული ყველა კერძი, განსაკუთრებით ხორცეული, ზუსტად მარხვისთვისაა განკუთვნილი, რადგან სამარხვო ღორის ხორცისგანაა დამზადებული და მარხვის წესის დარღვევისა თუ ღმერთის განრისხების ნუ შეგეშინდება.
— იცით, ჯერ ერთი, არასოდეს დამიცავს მარხვის წესი, უფრო მეტიც, ათეისტი გახლავართ და ყოველი რელიგიური შეფერილობის რიტუალი ჩემთვის უცხოა; მერე მეორე, ხორცს მხოლოდ იმიტომ არ გეახლებით, რომ ბალახისმჭამელი ვარ, რადგან ხორცის ჭამა ამორალურად მიმაჩნია.
— ოჰო, სტუმარიც ასეთი უნდა! — უკბილოდ იხუმრა კბილებჩაფცქვნილმა შუახნის მამაკაცმა, რომლის საცუგურაო მოედანივით მოპრიალებულ მელოტ თავზე თმის სამი ღერი ეულად კიაფობდა.
— დურსუნ ბატონო, შენ ამბობ, რომ ვეგეტარიანელი ხარ? — საუბარში ჩაერთო ჟღალთმიანი მამაკაცი, რომელმაც პირველმა ითავა დურსუნის ხორცით გამასპინძლება.
— დიახ, ვეგეტარიანელი გახლავართ, შესაბამისად მხოლოდ მცენარეულით ვიკვებები, — მიუგო დურსუნმა.
— ბატონებო! ბოდიშის მოხდით, მინდა საუბარი დროებით შეგაწყვეტინოთ, რადგან ერთი ფრიად მნიშვნელოვანი სადღეგრძელო უნდა შემოგთავაზოთ, — დიალოგში ჩაერია თამადა.
— ნება თქვენია, — მორიდებით უთხრა დურსუნმა.
— თამადის სიტყვა კანონია! — გაისმა აქა-იქ.
ერთსულოვანი მხარდაჭერით კმაყოფილი თამადა ამაყად წამოიმართა, გრძელი მოხსენების წარმოსათქმელად პირი წინასწარ ცივი წყლით გაისველა და რიხიანად დასჭექა:
— ქართველი კაცი ყოველთვის გამოირჩეოდა მადის განსაკუთრებული სიმძაფრით! ღვთის სამადლობელად უნდა ითქვას, რომ მამა-პაპათაგან მოყოლებული თაობიდან თაობას გადაეცემოდა ეს სანუკვარი თვისება. არა, მაინც რა არ გვინახავს და რა არ გადაგვხდენია თავს… განგების ძალამ ჩვენს ერს მძიმე ხვედრი არგუნა წილად და სწორედ ამის გამოისობითაა, რომ ჩვენს წინაპარს დღენიადაგ ჭირ-ვარამსა და ჟამთა სიავეში უწევდა ყოფა… ჩვენი მრავალტანჯული ქვეყნის ისტორიის ფოლიანტები ხომ დამპყრობლებთან უთანასწორო ბრძოლაში დაღვრილი სისხლითაა გაჟღენთილი… ხშირად იდგა ქართველობა ყოფნა-არყოფნის საფრთხის წინაშე და სამშობლოზე გულშემატკივართ მოსვენებას არ აძლევდა ამაზე ფიქრი… იყო შინააშლილობაც… მზაკვრობა, ორგულობა, ვერაგობა… კვლა მამისა, ძმისა, შვილისა… ინგრეოდა სიმწრით ნაშენები ციხე-სიმაგრეები… იბილწებოდა და იბღალებოდა მრავალსაუკუნოვანი ტაძრის სიწმინდეები… ვერანდებოდა მრევლსავსე ეკლესიები… გვიწიოკებდნენ დედებს, ცოლებს, ქალიშვილებს… გვიმონებდნენ და სულში გვაფურთხებდნენ… მაგრამ, ამ ყველაფრისდა მიუხედავად, ქართველ კაცს მადა არასოდეს დაუკარგავს! დიახ! მას არ დაუკარგავს მამული, ენა, სარწმუნოება და… მადა! სწორედ ამ სასოობით შემონახული მადის სადღეგრძელო მინდა შევსვათ ბატონებო! დღეგრძელი იყოს ქართველი ერი და დღეგრძელი იყოს მადა მისი!
— ამინ, გისმინოს ღმერთმა! — შესძახა უკბილომ.
— გვწყალობდეს მადა! — იგრიალა სუფრამ.
მადის სადღეგრძელოს შემდეგ ჩამოწოლილი სიჩუმე პირველად დურსუნმა დაარღვია:
— ნება მომეცით ჩემი გაკვირვება გამოვხატო მარხვის თქვენებურ წესთან დაკავშირებით. იცით, აი… მარხვას იცავთ და ღორის ხორცს კი მიირთმევთ, თან ამბობთ სამარხვოაო, ეს როგორ?
— საქმე იმაშია ჩემო დურსუნ, რომ ზოგადად, საკუთრივ ღორის ხორცი სამარხვო არ არის, თუმცა ჩვენ მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით სასურველი შედეგი — სამარხვო ღორის ხორცი, გარკვეული ძალისხმევის შედეგად მაინც მიიღწევა. ამ უნიკალური მეთოდოლოგიის ძირითადი არსი ცოცხალი ღორის სულიერ და ხორციელ განწმენდაში მდგომარეობს, კერძოდ, იმისათვის, რათა ღორის ხორცი მარხვისათვის გამოსადეგი გახდეს აუცილებელია ღორმა სიცოცხლეშივე დაიცვას ყველა რელიგიური რიტუალი — დაესწროს წირვას, მიიღოს ზიარება, ასევე დასაშვებია მირონცხებაც და რაც მთავარია, თვითონ ღორი მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ანუ დაკვლამდე უნდა იცავდეს მარხვის წმინდა წესს. რაღა თქმა უნდა, მთელ ამ პროცესს ჩვენ ხელვმძღვანელობთ, კერძოდ, ყოველ კვირას სოფლის ეკლესიაში დაგვყავს ღორი წირვაზე, ვაზიარებთ, მღვდლისგან იღებს კურთხევას და ასევე იკვებება ჩვენ მიერ სახელდახელოდ შედგენილი მენიუთი, სამარხვო მენიუთი ცხადია. მხოლოდ ამ მეთოდოლოგიით დადგენილი წესების მკაცრი დაცვით მიიღება სამარხვო ღორის ხორცი, რომელსაც მარხვაში მყოფი მრევლი მივირთმევთ და არც ცოდვაში გვეთვლება და არც ღმერთი გვიწყრება, — დაასრულა თხრობა სუფრის თავკაცმა, რომელსაც სახეზე საკუთარი დამაჯერებლობით გამოწვეული კმაყოფილების ღიმილი აღბეჭდოდა.
— რა არ მსმენია: სამარხვო კარაქი, სამარხვო არაჟანი, სამარხვო მაიონეზი, სამარხვო ნამცხვარი, სამარხვო ხაჭაპურიც კი, მაგრამ სამარხვო ღორის ხორცი?! მე მაინც ყველაზე მეტად ის გამკვირვებია, ნუთუ მღვდელი და საეკლესიო პირები ამ მეთოდოლოგიის წინააღმდეგნი არ არიან? რომელი მღვდელი თანხმდება ღორის ზიარებაზე ან ეკლესიაში შეშვებაზე?
— ყველა მღვდელი, ჩემო დურსუნ, ყველა! — მაამებლური ღიმილით წამოიძახა თამადამ, — ყველას კარგად მოეხსენება, რომ ღორი არც ისეთი ბოროტი ცხოველია რომ ცოდვით დამძიმებული სული ჰქონდეს. ან კი, როგორ უნდა იყოს ბოროტი, ის ხომ ცხოველია და არა ადამიანი, ხოლო რაც შეეხება მღვდლებს, ჩვენ როგორ უნდა დაგვიშალონ, როცა თვითონვე მოჰყავთ ღორები ეკლესიაში და კურთხევას აძლევენ. ბუნებრივია, აღსარებას ღორი ვერ ჩააბარებს საარტიკულაციო აპარატის განუვითარებლობის გამო, ამიტომაც თითოეული ღორის პატრონი უყვება მღვდელს ჩაიდინა თუ არა პირუტყვმა რაიმე მიუტევებელი ცოდვა. პრინციპში, არც ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ წირვაზე მიყვანილი ღორისთვის მღვდელს კურთხევა არ მიეცეს.
დურსუნი გაოგნებული სახით შესცქეროდა თანამეინახეებს და მათი უდრტვინველობით აღშფოთებულს მზერა ერთიდან მეორეზე გადაჰქონდა. მარხვის პროცესის მოდიფიკაცია და ადამიანის პირუტყვულ სურვილებზე მისი მორგება დურსუნისთვის უცხო არ იყო, მაგრამ სამარხვო ღორის ხორცი?! ეს მეტისმეტი იყო, თუმცა აგრესიაში გადაზრდილ პროტესტის გრძნობას გულშივე იხშობდა და ხალხის უნებისყოფობას მათივე პრიმიტიულობასა და ინსტინქტების მონობას აბრალებდა.
— მარხვა იქით იყოს და, თქვენი — ვეგეტარიანელების ვერაფერი გამიგია, ხორცს არ ჭამთ, ნუ ჭამთ, მაგრამ ამით რისი თქმა გინდათ ან რისი დამტკიცება? — ცოტა არ იყოს მკვახედ მიახალა კოდალასავით წაწვეტებულ ცხვირზე მეჭეჭდაკოსებულმა დედაკაცმა, რომლის მხარმარცხნივ მჯდომი კუპრივით შავი ღიპოსანი მამაკაცი გულმოდგინედ ებრძოდა ღორის ვეება ბარკალს და ძვლისაგან ხორცის უკანასკნელი ნაფლეთის გამოცალკევებას უიმედოდ ცდილობდა, თუმცა ჩანდა, რომ არც იოლად დანებებას აპირებდა.
— ჩვენ, ვეგეტარიანელებს, არც არაფრის თქმა გვინდა და მითუმეტეს, არც რაიმეს დამტკიცება, — მიუგო ხეპრული შეკითხვით ოდნავ შეცბუნებულმა დურსუნმა, — საერთოდ, ბალახისმჭამელობა ინდივიდის ზნეობრივი ცხოვრების წესია, შინაგანი მორალური სტანდარტი, ანუ როგორც ერთი გერმანელი ფილოსოფოსი იტყოდა: „მორალური კანონი ჩემში“. ასევე მსოფლმხედველობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. პირადად ჩემთვის ვეგეტარიანელობა არჩევანია ადამიანობასა და არადამიანობას შორის.
— როგორ, გინდათ თქვათ, რომ ყველა, ვინც ხორცს ჭამს არაადამიანია? — გააწყვეტინა მეჭეჭიანმა დედაკაცმა.
— სიმართლე გითხრათ, ასეა, — მოკრძალებულად უპასუხა დურსუნმა.
— კი მაგრამ, ხორცის ჭამაში რას ხედავთ არაადამიანურს? ეს ხომ ბუნების წესია, ზოგი არსება მცენარეულით იკვებება, ზოგიც ხორცით, ასეა ადამიანიც, — არ ეპუებოდა გაკაპასებული დედაკაცი.
— ველური ბუნების წიაღში მოქმედი წესები რომ ადამიანური ბუნებისათვის მიუღებელია, სწორედ ამიტომაც ვიწოდებით ადამიანებად. თუმცა, რა თქმა უნდა, ადამიანი ცხოველთან წილნაყარი არსებაა და მასში პირუტყვული საწყისებიც უხვადაა თავმოყრილი, მაგრამ ადამიანის ღირებულება ხომ იმით იზომება, რაც უფრო ნაკლები მსგავსება ექნება ცხოველთან?! ევოლუციური განვითარების პროცესში ადამიანმა სრულყოფილების მრავალსაფეხურიანი კიბე გაიარა და რაც უფრო მაღლა მიიწევდა, მით უფრო სუსტდებოდა მასში ცხოველური ბუნების გამოძახილი. კერძოდ, ინსტინქტური ქცევის ნაცვლად განუვითარდა ცნობიერი ქცევა და მისი ყოველი ნაბიჯი გააზრებული გახდა. ადამიანს ჩამოუყალიბდა სიყვარულის გრძნობა, ბედნიერებისა თუ მწუხარების განცდები და ემოციები, განსჯის უნარი, ხოლო დროთა განმავლობაში ადამიანური ბუნება ნელ-ნელა დაშორდა ცხოველურს და აღმატებულ ხარისხში ავიდა. ამიტომ, ჩვენი — ადამიანების უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მეტი განსხვავება და ნაკლები მსგავსება არსებობდეს ჩვენსა და ცხოველს შორის. აი, ხორცის ჭამა, სისხლისღვრა და მტაცებლობა კი მხოლოდ ცხოველურია და ადამიანურთან ამ ყველაფერს საერთო არა გააჩნია რა, ამიტომაც ყოველი ხორცისმჭამელი ადამიანი, პირდაპირ თუ ირიბად, ჩემთვის, მტაცებელი ცხოველია, — ენაწყლიანობდა დურსუნი.
— ვერ დაგეთანხმები დურსუნ ბატონო, — საუბარში ჩაერია სუფრის ხელმძღვანელი, — ჯერ ერთი, ხორცის ჭამაში არაფერია არაადამიანური და ამორალური, მეორეც, შინაურ ცხოველთა მოვლა-პატრონობის სანაცვლოდ ჩვენც ხომ უნდა მივიღოთ რაღაც სარგებელი? ბოლოს და ბოლოს, ჩვენ გარეშე ხომ შინაურ ცხოველებს მომავალი არ აქვთ, გინდათ გადაშენებისათვის გაწიროთ დურსუნ?
— საქმე იმაშია ბატონებო, რომ ხორცის ჭამა ამორალურია იმდენად, რამდენადაც იგი უმწეო არსების ხოცვა-ჟლეტას, მოსპობასა და განადგურებას ემსახურება. უფრო მეტიც, რომელ მოვლა-პატრონობაზეა საუბარი, როცა ცხოველისა და ადამიანის თანაცხოვრება მარტოოდენ ადამიანურ სარგებელზეა აგებული და საბოლოოდ ცხოველისთვის დანის ყელში გამოსმით სრულდება?! რაც შეეხება სარგებელს, მიიღეთ ბატონო სარგებელი, ვინ გიშლით, ოღონდ ისე, რომ ეს სარგებელი ცხოველის კვლასა და სისხლისღვრასთან არ იყოს დაკავშირებული. ადამანის გარეშე შინაურ ცხოველებს შეიძლება მართლაც არ ჰქონდეთ მომავალი, თუმცა ეს ისევ და ისევ ადამიანის დამსახურებაა, რადგან ადამიანმა ცხოველების მოშინაურებითა და დამორჩილების გზით გამოთიშა ისინი ველურ ბუნებაში მიმდინარე ევოლუციური პროცესებიდან, რის გამოც მათ მტაცებელი ცხოველებისაგან თავდაცვის მექანიზმები დროთა განმავლობაში გაუქრათ. ადამიანს რომ ღორი არ მოეშინაურებინა ახლა ის გარეული იქნებოდა, ბასრი ეშვებით შეიარაღებული და ადამიანის მფარველობაც აღარ დასჭირდებოდა. ამიტომ, ადამიანი ვალდებულია ყველაფერი იღონოს ცხოველთა არსებული სახეობების შესანარჩუნებლად ისე, რომ სანაცვლოდ მათი საკვებად გამოყენება არ მოისურვოს. და მაინც, რატომ თვლიან ადამიანები, რომ ცხოველის სიცოცხლის განკარგვის უფლება აქვთ და შეუძლიათ საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვიტონ იცოცხლებს თუ ადამიანის გაუმაძღარი მუცლის ამოყორვის საშუალებად გადაიქცევა ცხოველი? ნუთუ არ შეგიძლიათ იმის გაცნობიერება, რომ ამ სამყაროში წარმოქმნილ ყველა ცოცხალ არსებას თანაბარი უფლებები გააჩნია? ნუთუ ფიქრობთ, რომ უფრო მეტად განვითარებულ არსებას უფლება აქვს უფრო ნაკლებად განვითარებულის ბედი გადაწყვიტოს? ასე ხომ უფრო მეტად განვითარებული ადამიანის მიერ უფრო ნაკლებად განვითარებული ადამიანის ჩაგვრასა და ექსპლოატაციას დავუდებთ დასაბამს. დროა შეიგნოთ ხალხნო, რომ ამ სამყაროში ყოველი არსება — ადამიანი, ცხოველი, ფრინველი, მწერი თუ მიკროორგანიზმები ერთმანეთის თანასწორნი არიან და თანაბარი უფლებებით სარგებლობენ, ხოლო სახელდობრ ადამიანისთვის სხვა დანარჩენ ცოცხალ არსებათა ბედის გადაწყვეტის უფლება არავის მიუნიჭებია და უნდა შევეგუოთ ამას, — დაასრულა გამოსვლა გაქაფულმა დურსუნმა, რომელმაც პირის გასასველებლად იქვე მდგარი ჭიქა მიიყუდა და სულმოუთქმელად გამოცალა.
— მართალია ეს კაცი! დიახ, არავის მოუცია ჩვენთვის ცხოველთა სიცოცხლის განკარგვის უფლება, ამიტომაც დაკვლის წინ ღორისაგან ნებართვა უნდა იქნას აღებული, კერძოდ, თანახმაა თუ არა პატივცემული ღორი დათმოს სანუკვარი სიცოცხლე ადამიანური კეთილდღეობისათვის, ხოლო თუ გოჭია, მაშინ ასეთი ნებართვა დედა ღორისაგან უნდა იქნას აღებული! — ისევ უკბილოდ იხუმრა შუახნის თავმოტვლეპილმა კაცმა და ყალბი ღიმილით დურსუნს გადახედა, რომელსაც თავი მარჯვენა ხელის მტევანში ჩაერგო და აქეთ-იქით არხევდა.
— „შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს“, — ბიბლიაში ღრმა განსწავლულობის წარმოჩენა სცადა თავსაფრიანმა დედაკაცმა.
— „თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო“, — არ ჩამორჩა დურსუნი, — საერთოდ, მაინტერესებს თუ რატომ თვლით თქვენ, რელიგიური ადამიანები, რომ ღმერთს „პატრონობაში“ აუცილებლად ცხოველთა ხოცვა-ჟლეტა და საკვებად გამოყენება აქვს ნაგულისხმევი? იქნებ „პატრონობა“ მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ ვინაიდან ადამიანი ცხოველზე აღმატებული არსებაა, ამიტომ სწორედ მას ევალება მათზე ზრუნვა? რატომ მაინცადამაინც სისხლისღვრა?! მაგრამ, მოდით შევეშვათ ამ აბსურდულ დოგმატიკას. მე, უბრალოდ, მინდა გითხრათ, რომ ათეისტთან რელიგიური ფსევდოარგუმენტების მოშველიება წყლის ნაყვაა და მეტი არაფერი. საერთოდ, ნებისმიერი არგუმენტი, რომელიც ამა თუ იმ აზრის განსამტკიცებლად გამოიყენება, თავის მხრივ, აუცილებლად უნდა ეყრდნობოდეს სარწმუნო წყაროს. კამათის ელემენტარული წესის მიხედვით, თუ ოპონენტი უარყოფს იმის არსებობას ან ნამდვილობას, რასაც წამოყენებული არგუმენტი ეყრდნობა, ეს ფაქტი, თავისთავად, აბათილებს ამ არგუმენტს. ყოველი რელიგიური არგუმენტი ეყრდნობა ბიბლიას, ხოლო ბიბლია ეყრდნობა წარმოდგენას ან რწმენას, რომლის მიხედვითაც ბიბლია ღვთის შთანაგონი წიგნია, რაც მასში გადმოცემულ ფაქტებს მორწმუნეთათვის უტყუარობას ანიჭებს. მაგრამ, ბატონებო, მინდა შეგახსენოთ, რომ მეცნიერული აღმავლობის ეპოქაში ბიბლიამ დაკარგა სარწმუნოობა და პრიმიტიული ადამიანის ბავშვური ფანტაზიების გროვად გადაიქცა. დღეს, ბიბლიაში აღწერილ ყოველ მოვლენას, სამყაროს წარმოშობით დაწყებული და ადამიანის შექმნით დამთავრებული, ბუნებრივი წარმომავლობა და მეცნიერული ახსნა მოეძებნება, ამ ფონზე კი ბიბლია ობიექტური რეალობის ანტიმეცნიერულ და დამახინჯებულ სურათს იძლევა, რომელიც მიუღებელია ჯანსაღი აზროვნებისთვის. სწორედ ამიტომაც, ნებისმიერ დისკუსიაში რელიგიური სარჩულის მქონე არგუმენტების მოშველიება უკან დახევასა და დანებებას ნიშნავს. იმის თქმა, რომ საკუთრივ ღმერთმა მიანიჭა ადამიანს ცხოველთა ხორცის ჭამის უფლება, არაფერს ამტკიცებს, რადგან ჩემთვის ღმერთი არ არსებობს და საინტერესოა, მაშინ ვისგან ბოძებულად ჩავთვალო ცხოველთა ხოცვა-ჟლეტის უფლება? — ბრაზს ვერ მალავდა ევროპელი დიპლომატივით შეშფოთებული დურსუნი.
— ღვთისგან ბოძებული უფლება იქით იყოს დურსუნ და, მინდა ისევ შინაურ ცხოველთა გადაშენების საფრთხეზე ვისაუბრო, — წამოიწყო თამადამ, — საქმე არც ისე მარტივადაა შენ რომ გგონია. თუ ადამიანები შეწყვეტენ ცხოველთა საკვებად გამოყენებას, მაშინ მათ მოვლა-პატრონობაზეც უმალვე ხელს აიღებენ. გასაგებია, რომ ცხოველთა და ფრინველთა უმეტესობას ხორცის გარდა სხვა სახის სარგებელიც მოაქვს, მაგრამ ისეთი ცხოველებიც ხომ არიან, რომელთაც მხოლოდ საკვებად ვიყენებთ? ამიტომაც, ისინი გადაშენდებიან და როგორც სახეობა სამუდამოდ გაქრებიან.
— რა თქმა უნდა, ზოგადად, ადამიანის სრულყოფილებაში ეჭვი ყოველთვის მეპარებოდა, თუმცა მწამს, რომ მაინც მოიძებნება კეთილგონიერი და გულისხმიერი ხალხი, რომელთა კეთილი ნება და მცირეოდენი ფინანსური სახსრები უზრუნველყოფს ამ სახეობათა შენარჩუნებას. ამისათვის ზედგამოჭრილი იქნება ამგვარ ცხოველთა ზოოპარკის, ნაკრძალის ან ტყე-პარკის გაშენება, სადაც ადამიანის ზედამხედველობის ქვეშ გააგრძელებენ ცხოვრებას შინაური ცხოველები.
— მე მაინც მგონია, რომ თქვენ ადამიანურ მოდგმაზე უფრო ხართ გულგამწყრალი, თორემ რატომ იგივე პროტესტის გრძნობა არ გიჩნდებათ, როცა მტაცებლები, მაგალითად, ლომი ან ნიანგი იჭერენ და ჭამენ ამ თქვენს უმწეო ცხოველებს? — ამოიკნავლა ისევ მეჭეჭიანმა დედაკაცმა.
— ამგვარი მიდგომა როგორ შეიძლება?! თქვენ ხომ ამით ადამიანსა და ნიანგს ერთსა და იმავე სამსჯავროზე აყენებთ. როგორ მოვთხოვო ნიანგს ის, რაც ადამიანს მოეთხოვება?! ნუთუ თქვენთვის უცნობია, რომ ბუნებაში ადამიანის გარდა თითქმის არ მოიძებნება ცხოველი, რომელიც ერთროულად ბალახისმჭამელიც იყოს და ხორცისმჭამელიც? ცხოველთა ნაწილი ბუნებაში ან მცენარეულით იკვებება ან ხორცეულით. ადამიანისაგან განსხვავებით მტაცებელ ცხოველებსა თუ ფრინველებს არჩევანი არ აქვთ და თუ ისინი სხვა ცხოველს არ მოინადირებენ, მაშინ მათ შიმშილით სიკვდილი ელით და გინდ ზებრა მომკვდარა ლომის ხელით და გინდ ლომი შიმშილით, ჩვენთვის ორივე ტრაგედია იქნება. მაგრამ ამას თავი დავანებოთ, თქვენ თუ წარმოგიდგენიათ ნიანგი, რომელიც წყლის დასალევად მდინარის პირას ჩასულ ანტილოპას მღვრიე წყალში უსაფრდება და ამ დროს მორალზე, სიკეთესა და ბოროტებაზე ფიქრობდეს? ადამიანის გარდა ყოველი ცოცხალი არსება ინსტინქტებით მართული მანქანაა და მისთვის უცხოა მორალური ქცევა როგორც კატეგორიული იმპერატივი. ჩვენ კი, ადამიანებმა, რომლებმაც შევქმენით საზოგადოება, სახელმწიფო, კულტურა და ცივილიზაცია, ნუთუ ის ვერ შევიგნეთ, რომ უსუსური არსების სისხლისღვრით მოპოვებული ხორცის ჭამა არაადამიანობა და ბარბაროსობაა? კი მაგრამ, მე თქვენ გეკითხებით, ვინ მოგცათ უფლება ადამიანებს განკარგოთ სხვათა სიცოცხლე?!
— ჩემო დურსუნ, ერთი ეს მითხარი, რა განცდა გეუფლება როცა შენ წინ სუფრაში ჩალაგებულ ხორციან კერძებს ხედავ, ნუთუ შეგიძლია ასე მარტივად უგულებელჰყო ასეთი მადისაღმძვრელი სიამენი? — გამომცდელის იერით დასძინა თამადამ და დურსუნს ხელით შებრაწულ დედალსა და ორთქლამდინარ მწვადებზე მიუთითა.
— რა თქმა უნდა ცდუნება დიდია, ნერწყვის ნიაღვარსაც კინაღამ დავუხრჩვივარ, თუმცა ეს ჩემთვის ნებისყოფის გამოცდაა, პრინციპების განუხრელად დაცვაზე რომ აღარაფერი ვთქვა, ასე რომ, დიდი ძალისხმევის წყალობით ცდუნებას ვუძლებ და მორალური ვალდებულების წინაშეც ყოველთვის პირნათელი ვარ.
— შე კაი კაცო, — დიალოგში ჩაება სალათით პირგამოტენილი მელოტი, — თუ ხორცი გიყვარს, ჭამა გსიამოვნებს და ნერწყვები გახრჩობს, თავს რაღას იწამებ, მაზოხისტი ხომ არა ხარ? აიღე და ჭამე ეგ ხორცი, შენც დაისვენებ და ჩვენც, და აღარც ეგ მგზნებარე გამოსვლები იქნება საჭირო.
— ადამიანური ზნეობა ხომ ინსტინქტისა და გონების ურთიერთჭიდილში იბადება ბატონებო?! ამგვარ ჭიდილს მხოლოდ ჩვენს ცნობიერებაში შეიძლება ჰქონდეს ადგილი და სწორედ ამ ჭიდილის შედეგი განსაზღვრავს ადამიანის მორალურ სახეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მორალურად გამართლებული ქცევა გონების მიერ ინსტინქტების კონტროლისა და დამორჩილების შემთხვევაში მიიღწევა. ზნეობაზე მხოლოდ მაშინ შეიძლება ვილაპარაკოთ, როდესაც ადამიანი ცნობიერ ქცევას ახორციელებს, ხოლო ინსტინქტური ქცევის შემთხვევაში კი ზნეობრიობა გამორიცხულია. რა გასაკვირია თუ ადამიანი იმას აკეთებს, რაც უნდა ან იმას არ აკეთებს, რაც არ უნდა, ეს ხომ ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის ბუნებრივი მიდრეკილებაა. მაღალი მორალური თვითშეგნება კი მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც ინდივიდი ინსტინქტების ზეგავლენით შინაგან ცდუნებას განიცდის, თუმცა ნებისყოფის სიმტკიცისა და მორალური სიკერპის წყალობით ახერხებს ამ ცდუნების მოთოკვასა და დათრგუნვას. რატომ? იმიტომ, რომ მორალური ადამიანის ცნობიერებისათვის მიუღებელია ინსტინქტებით ნაკარნახევი სურვილები, რომლებიც მის შინაგან ზნეობრივ მრწამსთან და პრინციპებთან წინააღმდეგობაში მოდის, ამიტომაც მიილტვის გონების ინსტინქტებზე გაბატონებისაკენ. შესაბამისად, თუ ადამიანს ხორცის დანახვაზე სული მისდის ან პირი ნერწყვით ევსება, მაგრამ შინაგანი ზნეობრივი ძალისხმევით იხშობს ამ სურვილებს — ეს მხოლოდ მორალის ზეობაა და არა მაზოხიზმი.
მცირეოდენი უხერხული პაუზის შემდგომ ცხარე კამათში პირველად ჩაერთო მაგიდის კუთხეში მჯდარი ახალგაზრდა, რომლის ასიმეტრიული სახის ნაკვთები ჯეჯილივით აბიბინებულ თმასთან საზარელ კონტრასტს ქმნიდა:
— ადამიანი ოდითგანვე ხორცის მომპოვებელი იყო და ნადირობით ირჩენდა თავს. წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა ეს ადამიანი რომ მორალზე დაფიქრებულიყო და თქვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, პირუტყვული ინსტინქტები დაეოკებინა. მას ხომ უთუოდ შიმშილით გასძვრებოდა სული?
— დავიწყოთ იქიდან, რომ ხორცის ჭამა ამორალურია, რამდენადაც ის ხელს უწყობს მკვლელობას, ხოლო მკვლელობა კი, თავისი არსით, უდიდესი ბოროტებაა. უფრო მეტიც, ხორცისმჭამელობა ამორალურია, მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა ჩვენ — ადამიანებს სხვა ალტერნატივა. ზოგადად, სიცოცხლე — ეს არის ყოველი ცოცხალი არსებისათვის ბუნებრივად თანდაყოლილი ინდივიდუალური საკუთრება, ხოლო საკუთარ სიცოცხლეზე საკუთრების უფლება ხელშეუვალია და თავის თავში გულისხმობს ამავე საკუთრების (სიცოცხლის) ხელყოფის აკრძალვას. სწორედ აქედან მომდინარეობს სიცოცხლის უფლება, რომელიც ბუნებრივად ენიჭება ყოველ ცოცხალ არსებას. მაშასადამე, ხორცის ჭამა იმთავითვე ამორალურია, რამდენადაც ის განაპირობებს სხვისი სიცოცხლის ხელმყოფი ქმედების — მკვლელობის ჩადენას, ხოლო მკვლელობა, რომელიც მიზნად არ ისახავს თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ერთმნიშვნელოვნად ამორალურია. არ არის თავდასხმა, შესაბამისად, არ არის თავდაცვაც. აქედან გამოდის, რომ ადამიანს მხოლოდ ისეთი ხორცის ჭამის მორალური უფლება აქვს, რომელიც თავდასხმითი მკვლელობით არ არის მოპოვებული. თუ განვიხილავთ ისეთ მდგომარეობას, როცა არ არსებობს კვების სხვა წყარო, მაშინ, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ხორცის ჭამის მხოლოდ აუცილებლობაზე და არა მორალურობაზე, რადგან აუცილებლობა არ განსაზღვრავს ჩვენი ქმედების მორალურობას. ეს რომ ასე იყოს, მაშინ ჩვენ იძულებული გავხდებოდით მორალურად გაგვემართლებინა აუცილებლობით გამოწვეული ქურდობა ან კანიბალიზმი. მე გეკითხებით, აქვს თუ არა ადამიანს მორალური უფლება მოიპაროს საკვები თუ ის შიმშილით კვდება? ან აქვს თუ არა ადამიანს მორალური უფლება მოკლას და შეჭამოს მეორე ადამიანი თუ ისინი უკაცრიელ კუნძულზე იმყოფებიან და კვების არავითარი სხვა წყარო არსებობს? რა თქმა უნდა არა! ვინაიდან, ამგვარი აუცილებლობის დადგომის ყოველი შესაძლებლობა დაანგრევდა ჭეშმარიტ ადამიანურ ურთიერთობებს.
— კი, მაგრამ, დურსუნ, როცა ამბობთ, რომ ხორცის ჭამა ყველა შემთხვევაში ამორალურიაო, მაინტერესებს, ნუთუ გეგულებათ მორალურად ისეთი სრულყოფილი ადამიანი, რომელიც მზად არის თავად მოკვდეს, ვიდრე სხვა მოკლას და მისი ხორცით იკვებოს?! — გაკვირვებას ვერ მალავდა ახალგაზრდა.
— რა თქმა უნდა არა! მე შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ თუნდაც ერთი ადამიანი მზად იქნება შიმშილით მოკვდეს, ვიდრე ცხოველის მოკვლით მოპოვებული ხორცი შეჭამოს. მაგრამ, ჩვენი დოვლათიანი ბუნება ხომ გვარიდებს ამ დილემას? საქმეც იმაშია, რომ ჩვენ არ გვიწევს ამ დილემასთან პირისპირ დგომა, რადგან ადამიანს ხვავრიელი დედა-ბუნება მრავალგვარი მცენარეული საკვები საშუალებით ანებივრებს, ხოლო ასეთ შემთხვევაში კი ცხოველთა საკვებად გამოყენება და სისხლისღვრა, ერთმნიშვნელოვნად, მხეცობა და ბარბაროსობაა. საერთოდ, როდესაც ადამიანს აქვს შესაძლებლობა გახდეს უფრო ჰუმანური და ზნეობრივი, ვიდრე არის და ამას განგებ არ აკეთებს, აი სწორედ ეს არის უდიდესი ვერაგობა და ბიწიერება. თუმცა, რომელ ზნეობაზე და ჰუმანურობაზეა საუბარი, როცა დღევანდელი ადამიანი მთელი თავისი არსებით იმდენად გახრწნილი და წაბილწულია, რომ ცოცხალ არებათა ჟლეტა გართობის საშუალებად გაუხდია, ხოლო ხართან უთანასწორო ბრძოლა სანახაობად?!
— როგორც ვხვდები, დურსუნ ბატონო, თქვენი პროტესტი ნადირობისა და კორიდის წინააღმდეგ არის მიმართული, არა? — წამოიძახა ალმაცერად მომზირალმა თამადამ.
— რაღა თქმა უნდა ნადირობას ვგულისხმობ. მოვლენას, რომელიც არაადამიანური გულქვაობის, ძალმომრეობისა და შეუბრალებლობის ხორცშესხმაა. ნადირობა, როგორც ბუნებრივი ფენომენი, შეუთავსებელია ადამიანის ჭეშმარიტ არსთან, რამდენადაც ნადირობა — ეს არის შიმშილის გრძნობის დაკმაყოფილების მიზნით მტაცებლის მიერ უწყინარ ცოცხალ არსებაზე თავდასხმა ინსტინქტებზე დაფუძნებული ძალადობის გამოვლინებით, ხოლო ადამიანი — ეს არის ცნობიერების მქონე ბიოსოციალური არსება, რომლის არსი — ადამიანობა, ავალდებულებს მას იყოს მორალური, ჰუმანური და ინსტინქტებზე მბრძანებელი. აქედან კი გამომდინარეობს, რომ რამდენადაც ნადირობა არის ველური პირობებისათვის დამახასიათებელი, ინსტინქტებით მართული ძალადობრივი მოვლენა, ამდენად ცივილიზაციის პირმშო — ადამიანი მორალურად ვალდებულია უარი თქვას ველურ ბუნებაში მოქმედ წესებზე და აღარ მოიპოვებდეს საკვებს მტაცებლისათვის ჩვეული მეთოდებით, რადგანაც მას განვითარებული ცნობიერების წყალობით შეუძლია საზრდოობდეს ჰუმანური და ლმობიერი საშუალებებით. მორალის ენაზე ნადირობა ბოროტებაა, ხოლო ყოველი მონადირე… დიახ, ყოველი მონადირე იმდენად გრძნობაჩლუნგია, რომ მას ბუნების ქმნილების არც სილამაზით ტკბობა შეუძლია და არც მისი მრავალფეროვნების აღქმა; იმდენად უსულგულოა, რომ მან სიცოცხლის არც ფასი იცის და არც მისი მოფრთხილება. ყოველი მონადირე სულით ბოროტი უგულო ლეშია, რამეთუ ის სპობს, სისხლს ღვრის, ანგრევს, ანადგურებს და… და მას ეს ყველაფერი სიამოვნებს!
— თქვენი კარგად მესმის, დურსუნ, — დაძაბული ვითარების განსამუხტავად ჩაერთო აბიბინებულთმიანი ახალგაზრდა, — თუმცა, კორიდამ რაღა დაგიშავათ, ხართან ბრძოლა ხომ ესპანელი ერის ძირძველი ტრადიციაა?
— მიმიფურთხებია ისეთი ტრადიციისათვის, რომელიც ძალადობრივია და ძლიერის მიერ სუსტის ჩაგვრას უდებს დასაბამს! ტრადიცია მხოლოდ იმ შემთხვევაშია კარგი, თუ ის ჭეშმარიტად კეთილშობილურ და ჰუმანურ მიზანს ემსახურება. არ შეიძლება ტრადიციად იწოდებოდეს მოვლენა, რომელიც ცოცხალი არსების ტანჯვისა და წამების პროპაგანდას ეწევა, შესაბამისად, ყოველი ასეთი სიმახინჯე უნდა დაიგმოს და სამუდამოდ ამოიძირკვოს ადამიანური ცხოვრების წესიდან. რაც შეეხება კორიდას, იგი თავისი არსით სისხლისღვრის, ძალმომრეობის, ჩაგვრის, ბარბაროსობისა და მზაკვრობის სრული განსახიერებაა და მთელი ესპანელი ერის სამარცხვინოდ უნდა ითქვას, რომ თანამედროვე ცივილიზაციის ეპოქაშიც კი განაგრძობს არსებობას. ეს ამაზრზენი სანახაობა გონებადაბინდული წინაპრების ავადმყოფური ფანტაზიის გულისამრევი გადმონაშთია, რომელიც სისაძაგლისა და შეუბრალებლობის ნაზავს წარმოადგენს. ცალკე აღსანიშნავია ხართან ბრძოლის უთანასწორო ბუნება, კერძოდ ის, რომ განვითარებული და დახვეწილი ინტელექტის წყალობით ადამიანი უდიდეს უპირატესობას ფლობს ხართან შედარებით და უფრო მეტიც, ბრძოლის დასასრულს ხარს ისე ვერაგულად კლავენ, რომ ეს უკანასკნელი ვერც კი ხვდება მისი რეალური მტერი წითელი მოსასხამია თუ ადამიანი. თუმცა, ამ ყველაფერზე მეტად ჩემი უკიდურესი აღშფოთების მიზეზს იმ ტვინატროფირებულ ადამიანთა გონებრივი სიბეცე წარმოადგენს, რომელნიც საკუთარი ძალმომრეობის გასამართლებლად ცხოველებს სრულიად უუფლებო არსებებად მიიჩნევენ. ასეთი სულმყრალი ადამიანების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ცხოველებს, ისევე როგორც ადამიანებს, სწორედაც რომ გააჩნიათ უფლებები, რამეთუ ყოველი ცხოველი ბუნებრივად დამოუკიდებელი და თვითმყოფადი არსებაა და შესაბამისად, ყველა მათგანს ენიჭება ბუნებით თანდაყოლილი უფლებები: უფლება სიცოცხლისა, უფლება ხელშეუხებლობისა და უფლება იმისა, რომ იყოს თავისუფალი და ჩვენ — მორალურმა ცხოველებმა ეს უნდა შევიგნოთ! ხოლო, თქვენ კი — ხორციჭამიებო, საკუთარი გაუმაძღრობის გასამართლებლად ისღა დაგრჩენიათ აღიაროთ, რომ თქვენ ჯერ კიდევ ადამიანამდე ვერგანვითარებული მტაცებელი ცხოველები ხართ! პირსისხლიანები, მოძალადეები, შეუბრალებლები და ასე იქნებით მანამ, სანამ არ გაგიჩნდებათ პროტესტი თქვენი პირუტყვული სახების მიმართ და არ გადაწყვეტთ ადამიანურ სრულყოფილებასთან ზიარებას!
პირზე დუჟმომდგარი და სიმწრის ოფლში ერთიანად გაწუწული დურსუნის ზღვა ემოციების გასანეიტრალებლად თამადამ კიდევ ერთი სადღეგრძელოს შესმა მოითხოვა:
— ძვირფასო სტუმრებო, თქვენ უკვე მოგეხსენებათ, რომ სულ რაღაც ორი კვირის წინ, ჩვენს სანაქებო საგვარეულოს კიდევ ერთი ჩინებული მამულიშვილი შეემატა და მეც სწორედ მისი დღეგრძელობისა მინდა შევსვა, რაღა თქმა უნდა განსხვავებული სასმისით.
— რა თქმა უნდა განსხვავებულით უნდა შეისვას, ეს სუფრის კანონია! — კვერი დაუკრა ნაოჭებში ერთიანად ჩაფლულმა ბერიკაცმა, რომელიც პირში პროთეზს ნერვულად ათამაშებდა.
— მე თუ მკითხავთ, ქართველი ვაჟკაცის სადღეგრძელო შიბაქით უნდა შეისვას, — პროვოკაციული ტონით გამოთქვა თავისი გულისნადები ჟღალთმიანმა.
— დიახ! დიახ! შიბაქით უნდა შეისვას, შიბაქით! — ერთსულოვნად აიტაცა მთელმა სუფრამ ჟღალთმიანის შემოთავაზება და სანამ ფეხზე მდგარი თამადა გონს მოეგებოდა, მანამ მას ახალშობილის დამ ახლადგარეცხილი შიბაქი მოურბენინა და დიდი მოწიწებით გადააწოდა.
ღრეობაში გადაზრდილ წვეულებაზე გამეფებულმა ფუჭსიტყვაობამ და ბალაგანმა დურსუნის მეამბოხე სულში პროტესტის ახალი ტალღა წარმოქმნა, რამაც აიძულა უმალ გასცლოდა იქაურობას. სუფრიდან უჩუმრად წამოდგა, ტალავერი ფეხაკრეფით გაიარა, გასასვლელში მიჯრით ჩამწკრივებულ ბუჩქებში გაძვრა, ჭიშკარი ვიწროდ გამოაღო და ლობიეთის თავზე ჩამოწოლილ წყვდიადში გაუჩინარდა.
۞ ÷ ۞ ÷ ۞
პ.ს. გაგრძელება იქნება!
რთულია ოპონენტი საკუთარი აზრის მართებულობაში დაარწმუნო, ისიც ხომ თავისი შეხედულების ჭეშმარიტებას გიმტკიცებს, იწყება კამათი და თუ ამის გაკონტროლება არ შეგიძლია_ჩხუბიც კი. და საერთოდ, რა საჭიროა ვინმეს ავუხსნა მე ასე რატომ ვიქცევი,თუ ჩემი ქცევა ზიანის მომტანი არ არის სხვისთვის
P.S.ველი გაგრძელებას 🙂