۞ ÷ ۞ ÷ ۞
۞ ÷ ۞ ÷ ۞
1. ზღვაში ნავით სეირნობისას შეამჩნიეთ, რომ თქვენ მახლობლად მამაკაცი იხრჩობა და საშველად გიხმობთ. მიახლოებისას აღმოაჩინეთ, რომ ეს სწორედ ის პიროვნებაა, რომელმაც 20 წლის წინ, ყაჩაღობის მიზნით თქვენს ოჯახზე თავდასხმისას მოკლა დედათქვენი. ამასთანავე, თქვენთვის ცნობილია, რომ მან ამ დანაშაულისათვის შეფარდებული სასჯელი — 20 წლით თავისუფლების აღკვეთა — სრულად მოიხადა. როგორ მოიქცევით?
2. თქვენ ხართ მგზავრი ავტომანქანისა, რომელსაც მართავს თქვენი უახლოესი მეგობარი. გზაზე მოძრაობისას მეგობრის ავტომანქანა დაეჯახა ქვეითად მოსიარულეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. თქვენთვის ცნობილია, რომ თქვენი მეგობარი ავტომანქანას მართავდა 80 კმ/სთ სიჩქარით მაშინ, როდესაც ნებადართული იყო მხოლოდ 30 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა. ამ შემთხვევას თქვენ გარდა არავინ შესწრებია. თქვენი მეგობრის ადვოკატი გეუბნებათ, რომ თუ თქვენ დაკითხვისას ფიცის ქვეშ განაცხადებთ, რომ თქვენი მეგობარი მოძრაობდა დაშვებული სიჩქარის ფარგლებში, ამით მას აარიდებთ კანონის წინაშე პასუხისგებას. როგორ მოიქცევით?
3. თქვენ და თქვენი შვილი დატყვევებული ხართ საკონცენტრაციო ბანაკში, რომლის დარაჯი აპირებს ჩამოახრჩოს თქვენი შვილი, რომელიც ბანაკიდან გაქცევას აპირებდა. დარაჯი გაიძულებთ, რომ საკუთარ შვილს ფეხქვეშ სკამი გამოაცალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოკლავს არა მარტო თქვენს შვილს, არამედ სხვა უდანაშაულო ტყვეებსაც. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ დარაჯი იმას გააკეთებს რასაც ამბობს. როგორ მოიქცევით?
4. ტერორისტი, რომელიც იმუქრებოდა ხალხის თავშეყრის ადგილებში ბომბის აფეთქებით, დაკავებულია. თუმცა, სამწუხაროდ, მან უკვე მოახერხა რამდენიმე ადგილას ბომბის დადება, რომელიც მოკლე ხანში აფეთქდება, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიძლება ემსხვერპლოს. პოლიცია უძლურია კანონიერი მეთოდების გამოყენებით ტერორისტისგან მიიღოს ინფორმაცია ბომბების ადგილსამყოფელის შესახებ, რადგან ტერორისტი დუმილს ინარჩუნებს და ადვოკატის დანიშვნას ითხოვს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ამ მძიმე სიტუაციიდან გამოსავალს ტერორისტის წამების გზით ინფორმაციის მიღებაში ხედავს. რა თქმა უნდა ეს ნაბიჯი უკანონოა, თუმცა ამან შეიძლება ასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას? თუ კი, მაშინ იქნება თუ არა ასევე მორალურად გამართლებული ტერორისტის უდანაშაულო ცოლის წამება ამავე მიზნით, თუ მხოლოდ ამ ფაქტს შეუძლია აალაპარაკოს ტერორისტი?
5. თქვენმა მეგობარმა გაგანდოთ მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია და თქვენ პირობა მიეცით, რომ ამ ფაქტს არ გაახმაურებდით. თუმცა, აღმოაჩინეთ რა, რომ ხსენებული დანაშაულის გამო უდანაშაულო პირს დაედო მსჯავრი თქვენ მოსთხოვეთ მეგობარს ბრალის აღიარება, მაგრამ მეგობარი თავს იკავებს და თქვენ მიერ მიცემულ პირობას გახსენებთ. როგორ მოიქცევით? ზოგადად, რა სიტუაციაში შეიძლება იქნას დარღვეული მიცემული პირობა?
6. თქვენ მართავთ ავტობუსს, რომლის მუხრუჭები მწყობრიდან გამოსულია და დიდი სისწრაფით აგრძელებს გზას. სამწუხაროდ, თქვენ შეამჩნიეთ, რომ გზის ბოლოს ხუთი მუშა აწარმოებს საგზაო-სარემონტო სამუშაოებს. თუ ავტობუსი ამ მიმართულებით გააგრძელებს სვლას, მუშებს გარდაუვალი დაღუპვა ელით. თუმცა თქვენ შესაძლებლობა გაქვთ შეცვალოთ ავტობუსის გეზი და პარალელურ გზაზე გადახვიდეთ, თუმცა ამ გზაზეც ხედავთ მუშას, მაგრამ მხოლოდ ერთს, რომელსაც ასევე გარდაუვალი დაღუპვა ელის თუ ავტობუსი მისი მიმართულებით იმოძრავებს. როგორ მოიქცევით?
7. თქვენ იმყოფებით ხიდზე და თვალს ადევნებთ ხიდის ქვეშ გამავალ გზაზე მაღალი სიჩქარით მოძრავ ავტობუსს, რომლის მუხრუჭები დაზიანებულია. თქვენ ხედავთ, რომ გზის ბოლოს ხუთი მუშა აწარმოებს საგზაო-სარემონტო სამუშაოებს, რომელთაც ავტობუსთან შეჯახება და უცილობელი სიკვდილი ელით. თქვენ უიმედოდ იმყოფებით, რადგან ავტობუსი ეს-ესაა უნდა დაეჯახოს მუშებს, თუმცა, ამავე დროს შეამჩნიეთ თქვენ გვერდით მსუქანი მამაკაცი, რომელიც ასევე დგას ხიდზე და ჰორიზონტს გასცქერის. თუ თქვენ უბიძგებთ მსუქან მამაკაცს და ხიდიდან გადააგდებთ, ის პირდაპირ იმ გზაზე დაეცემა, რომელზედაც ავტობუსი მოძრაობს. ის აუცილებლად მოკვდება, თუმცა მასთან ავტობუსის შეჯახება ამ უკანასკნელის გაჩერებას გამოიწვევს და ამით თქვენ ხუთი მუშის სიცოცხლეს იხსნით. როგორ მოიქცევით?
8. მსუქანი მამაკაცი, რომელიც ადამიანთა ჯგუფს გამოქვაბულის გასასვლელისკენ მიუძღოდა, ამავე გასასვლელში გაიჭედა. ამ დროს დაიწყო ზღვის მოქცევა და გამოქვაბული სწრაფად ივსება წყლით. თუ გამოქვაბულის წყლით გავსებამდე ვერ მოხერხდა მსუქანი მამაკაცის გასასვლელიდან გამოხსნა, მაშინ ყველა მათგანს უცილობელი სიკვდილი ელოდება, გარდა ამ მსუქანი მამაკაცისა, რომლის თავი გამოქვაბულის გარეთაა. საბედნიეროდ, თუ საუბედუროდ, ერთ-ერთ მათგანს აღმოაჩნდა ასაფეთქებელი ხელსაწყო, რომლის გამოყენებით მათ შეუძლიათ გაათავისუფლონ გასასვლელი, თუმცა ამას მსუქანი მამაკაცის სიკვდილი მოჰყვება. როგორ უნდა მოიქცნენ?
9. მურთაზმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, გადაწყვიტა საკუთარი მეუღლის მოკვლა, რის გამოც ამ უკანასკნელს ყავაში ჩაუყარა საწამლავი და ამ გზით გამოასალმა წუთისოფელს. გელას, ძულდა რა თავისი მეუღლე, ასევე სურდა მისი მოკვლა. ერთ დღესაც, გელას მეუღლემ, ყავის სმისას, შეცდომით, შაქრის ნაცვლად თავის ფინჯანში ჩაყარა საწამლავი. გელამ, რომელსაც ანტიდოტის გამოყენებით შეეძლო მოწამლული მეუღლის გადარჩენა, უმოქმედობა გამოიჩინა და არაფერი იღონა მის გადასარჩენად. როგორ ფიქრობთ, გელას საქციელი ისეთივე ამორალურია როგორიც მურთაზის?
10. მას შემდეგ, რაც ატლანტის ოკეანეში მცურავმა ხომალდმა კატასტროფა განიცადა, ეკიპაჟის გადარჩენილმა ოთხმა წევრმა თავი სამაშველო ნავს შეაფარა. ესენი იყვნენ: გემის კაპიტანი, კაპიტნის თანაშემწე, მატროსი და 17 წლის იუნგა. ერთადერთი საკვები, რაც მათ გააჩნდათ იყო ორი ქილა თალგამის მწნილი, არავითარი სასმელი წყალი. პირველი სამი დღის განმავლობაში მათ არაფერი უჭამიათ, ხოლო მეოთხე დღეს მათ გახსნეს ერთი ქილა თალგამის მწნილი და იმით დანაყრდნენ. მომდევნო დღეს მათ საკვებს შეადგენდა დაჭერილი ზღვის კუ და დარჩენილი ქილა თალგამის მწნილი, რომლის საშუალებით მათ შეძლეს რამოდენიმე დღის განმავლობაში თავის გატანა. მომდევნო რვა დღის განმავლობაში მათ აღარაფერი გააჩნდათ, არავითარი საკვები, არავითარი მტკნარი წყალი. მეზღვაურთა რჩევის მიუხედავად, 17 წლის იუნგამ დალია ზღვის წყალი, რის შედეგადაც ცუდად გახდა და ჩანდა, რომ კვდებოდა. მეცხრამეტე დღეს კაპიტანმა მეზღვაურებს შესთავაზა, რომ მათ კენჭი უნდა ეყარათ იმის გასარკვევად თუ რომელი მათგანი უნდა მომკვდარიყო, რათა დანარჩენი გადარჩენილიყო. თუმცა, მატროსმა ეს შემოთავაზება იმთავითვე უარყო, შესაბამისად კენჭის ყრაც არ ჩატარებულა. მომდევნო დღეს კვლავ არავითარი გემი ჩანდა ოკეანის თვალუწვდენელ ჰორიზონტზე, ამიტომ კაპიტანმა დანარჩენ მეზღვაურებს გაანდო მისი ჩანაფიქრი იუნგას მოკვლის თაობაზე, რის შემდეგაც კაპიტანმა იუნგას უთხრა, რომ მისი სიკვდილის დრო მოვიდა და საუღლე ვენაში დანის ჩაცემით მოკლა. მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში დარჩენილი სამი მეზღვაური იუნგას ხორცითა და სისხლით იკვებებოდნენ, ხოლო მეხუთე დღეს ისინი შენიშნა გერმანულმა გემმა, რომელმაც იხსნა მეზღვაურები. მატროსის მიერ წარმოებული დღიურის მეშვეობით საყოველთაოდ ცნობილი გახდა ამ ამბის თითოეული დეტალი. სამშობლოში დაბრუნებისთანავე ისინი დააკავეს, მატროსს ბრალდების მხარის მოწმის, ხოლო კაპიტანსა და მისი თანაშემწეს განსასჯელის სტატუსი მიენიჭათ. განსასჯელები არ უარყოფდნენ მათ მიერ ჩადენილ ქმედებას, თუმცა თავის იმართლებდნენ იმით, რომ ისინი მოქმედებდნენ აუცილებლობიდან გამომდინარე და, რომ ერთი უნდა მომკვდარიყო, რათა სამის სიცოცხლე გადარჩენილიყო. პროკურორის პოზიციით მკვლელობა მკვლელობაა და მათ კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ. ახლა კი, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ნაფიცი მსაჯული, რომელმაც განსასჯელთა ბედი უნდა გადაწყვიტოს. საქმის გამარტივების მიზნით, გვერდზე გადავდოთ კანონის მოთხოვნა და მოცემული საკითხი მორალის ჭრილში განვიხილოთ, კერძოდ იყო თუ არა მორალურად გამართლებული მათი ქმედება, ანუ ერთის მოკვლა სამის სიცოცხლის გადასარჩენად? როგორ მოიქცეოდით თუ მეზღვაურთაგან ერთ-ერთი თქვენ იქნებოდით?
11. ერთი ქალბატონი იშვიათი სახეობის სიმსივნური დაავადებით კვდებოდა. ექიმები თვლიდნენ, რომ მხოლოდ ერთადერთ წამალს შეეძლო მისი გადარჩენა. საუბარი იყო რადიუმისაგან დამზადებულ წამალზე, რომელიც იყიდებოდა ახლახან გახსნილ აფთიაქში. ხსენებული წამლის დამზადება საკმაოდ ძვირი დაჯდა, თუმცა გამყიდველმა საფასურად მოითხოვა თვითღირებულებაზე ათჯერ მეტი. რადიუმის შესაძენად მან გადაიხადა 400 დოლარი, ხოლო მისგან დამზადებული წამლის მცირე დოზაში ითხოვდა 4000 დოლარს. მომაკვდავი ქალბატონის მეუღლე — გელა დაუკავშირდა ყველა ახლობელს და თანხის შეგროვებაში სთხოვა დახმარება, თუმცა მარტოოდენ 2000 დოლარის შეგროვება მოახერხა. მან აფთიაქარს უთხრა, რომ მეუღლე უკვდებოდა და სთხოვა წამალი ნახევარ ფასად მიეცა ან ნება დაერთო მოგვიანებით გადაეხადა სრული თანხა. თუმცა, აფთიაქარმა ამაზე ცივი უარით უპასუხა. გელამ, ამოწურა რა ყველა კანონიერი საშუალება, გადაწყვიტა, რომ ღამით გაეტეხა აფთიაქი და საჭირო წამალი მოეპარა.
ა) უნდა გატეხოს თუ არა გელამ აფთიაქი, რათა მომაკვდავი მეუღლისათვის საჭირო წამალი მოიპაროს?
ღამით, გელამ გატეხა აფთიაქი და მომაკვდავი მეუღლის გადასარჩენად წამალი მოიპარა. მომდევნო დღეს, გაზეთებმა გააშუქეს მომხდარი ფაქტი. პოლიციის ოფიცერ დომენტის გაახსენდა, რომ წინა ღამით გელა საეჭვოდ იქცეოდა აფთიაქის მახლობლად, ხოლო მოგვიანებით ისიც გაახსენდა, რომ იმავე ღამეს გელა გარბოდა აფთიაქიდან.
ბ) უნდა შეატყობინოს თუ არა პოლიციას დომენტიმ ყველაფერი, რაც დაინახა?
პოლიციის ოფიცერმა დომენტიმ შეატყობინა ხელმძღვანელობას ყველაფერი, რაც წინა საღამოს დაიხანა. შედეგად გელა დააკავეს და სასამართლოში მიიყვანეს. თუ მსაჯულები გელას დამნაშავედ ცნობენ, მაშინ მას სასჯელის სახით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ელის. გელა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს.
გ) უნდა მიუსაჯოს თუ არა მოსამართლემ გელას თავისუფლების აღკვეთა?
12. ორი ახალგაზრდა ძმა საკმაოდ უსიამოვნო სიტუაციაში ჩავარდა. ისინი იძულებულნი იყვნენ სწრაფად და ფარულად დაეტოვებინათ ქალაქი, თუმცა ამისათვის მათ ჭირდებოდათ თანხა. უფროსი ძმა შეიპარა მაღაზიაში და მოიპარა 1000 დოლარი. უმცროსი ძმა კი დახმარების სათხოვნელად მივიდა მოხუც პენსიონერთან, რომელიც თავისი კეთილშობილებით იყო ცნობილი. უმცროსმა ძმამ მოხუცს უთხრა, რომ ის ავად იყო და მძიმე ოპერაციის გასაკეთებლად ესაჭიროებოდა 1000 დოლარი. მან სთხოვა მოხუცს ესესხებინა მისთვის ხსენებული თანხა, რასაც გამოჯანმრთელების შემდეგ აუცილებლად დაუბრუნებდა. სინამდვილეში ის სულაც არ იყო ავად და არც თანხის დაბრუნებას აპირებდა. მიუხედავად იმისა, რომ მოხუცი მას ახლოს არ იცნობდა, მაინც ასესხა 1000 დოლარი. ძმებმა მალევე დატოვეს ქალაქი.
რომელი მათგანი მოიქცა უფრო ამორალურად — ის, ვინც თანხა მოიპარა თუ ის, ვინც მოხუცი მოატყუა?
13. პლატონის ფილოსოფიურ ნაშრომში „სახელმწიფო“ კეფალი სამართლიანობას განმარტავს როგორც სიმართლის თქმასა და ვალის უკან დაბრუნებას. სოკრატე მაშინვე უკუაგდებს ამ განსაზღვრებას იმის თქმით, რომ ვალის უკან დაბრუნება შესაძლებელია, სულაც, არასწორი იყოს — მაგალითად, ნანათხოვარი იარაღის დაბრუნება იმ მეგობრისთვის, რომელიც სრულ ჭკუაზე აღარ არის. სოკრატე არ ამბობს, რომ ვალის დაბრუნება მორალურად შეიძლება არ იყოს სწორი, მას სურს აჩვენოს, რომ ყოველთვის არ არის სწორი ვალის უკან დაბრუნება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მეგობარი დაჟინებით ითხოვს ამას. ამ შემთხვევაში სახეზეა კონფლიქტი ორ მორალურ ნორმას შორის: ვალის დაბრუნება და სხვათა დაცვა ზიანის მიყენებისგან. სოკრატე ფიქრობს, რომ სხვათა დაცვა ზიანის მიყენებისგან უფრო პრიორიტეტული ნორმაა. რას ფიქრობთ თქვენ?
ძალიან კარგი პოსტია,მომწონს მორალური დილემები 🙂 ჩემთანაც მიწერია რამდენიმე დილემა..
მეოთხეზე შემიძლია ვთქვა, რომ ტერორისტის წამებას დავუშვებდი, მაგრამ ცოლისას არა. იმიტომ რომ ცოლი დიდი ალბათობით არ იქნება გარეული მაგ საქმეში. ოღონდ ტერორისტიც ისე აწამონ, რომ სრულად გამოკეთება შესაძლებელი იყოს, ანუ რომ შემოაკვდეთ ან ფეხები მოაჭრან, ეგეთი არა :დ
მეხუთე შემთხვევაში დანაშაულის სიმძიმეს გააჩნია, თუ მკვლელობას ან რამე მსგავსს ეხება, მაშინ უდანაშაულო ადამიანი აუცილებლად უნდა დაიხსნან.
მეექვსეში რადგან მსხვერპლის გარეშე არ გამოდის, მაშინ ნაკლები ბოროტება ჯობია, ანუ მხოლოდ ერთი მუშა დაიღუპოს.
მეცხრეში რადგან შედეგი ერთი იყო (სიკვდილი) და შედეგამდე მისავლელი გზაც ერთი (საწამლავი), დიდ სხვაობად არ ვთვლი.
მეათეს პრეცედენტები რეალობაშიც არსებობს. მე პირადად დამნაშავედ არ ვთვლი ხოლმე, რადგან ასეთ ექსტრემალურ პირობებში რო ვარდება ადამიანი, მორალზე ნაკლებად ფიქრობს და ძირითადად თვითგადარჩენის ინსტინქტით მოქმედებს. თუკი მეცოდინებოდა, რომ შედარებით მსუბუქი სასჯელი შეხვდებოდათ, როგორც მაგალითად აფექტის დროს რომ კლავენ, იმ დამნაშავეებს, მაშინ შეიძლებოდა დამნაშავედ მეღიარებინა (ნაფიცი მსაჯულის პოზიციაში ყოფნისას). მეზღვაური რომ ვყოფილიყავი, არამგონია მაგაზე წავსულიყავი.
დანარჩენებზე ძნელია თქმა, დაზუსტებით ვერ იტყვის ადამიანი, სანამ კონკრეტულ სიტუაციაში არ აღმოჩნდება (რისი სურვილიც ყველაზე ნაკლებად მაქვს :დ).
გაიხარე, ვერ მივაგენი როგორც ჩანს შენს ბლოგზე 🙂
მეოთხეში ფეხების მოჭრა მაგარი იყო 😀
რაც შეეხება მეათეს, შემიძლია გითხრა, რომ ეს ნამდვილი ამბავის სიუჟეტია, რომელიც ვთარგმნე ჰარვარდელი პროფესორის ლექციიდან, youtube-ზე არის ლექციები ამის შესახებ.
მე ის შემთხვევა გამახსენდა, ანდებში რო თვითმფრინავი ჩამოვარდა და თოვლის მეტი არაფერი ჰქონდათ, ამიტომ ვინც ყინვისგან მოკვდებოდა, იმის გვამს ჭამდნენ. 62 დღე იყვნენ ასე და მერე რამდენიმემ წასვლა გადაწყვიტა და 10 დღეში ფერმას მიაგნეს 🙂 მაგრამ ეგენი მგონი არ დაუდანაშაულებიათ, თან გამიზნულად არ ხოცავდნენ, ვინც თავისით იღუპებოდა, იმათ ჭამდნენ
ვაა, საინტერესო შემთხვევაა, კანიბალიზმია, თუმცა არც გაემტყუნებათ. პრინციპში, ასეც უნდა მოქცეულიყვნენ და თავი გადაერჩინათ.
სახელი ხო არ გახსოვს მაგ პროფესორის?
პროფესორის ლექციათა კურსია – Justice with Michael Sandel, თითოეული ლექციის სახელწოდებაა – Justice: What’s The Right Thing To Do?
მეოთხეზე მე დავუშვებდი ტერორისტის ცოლის წამებასაც, მით უმეტეს თუ მხოლოდ ამ ფაქტს შეუძლია აალაპარაკოს, რადგან შენთვითონვე ამბობმ რომ თუ “მსხვერპლის გარეშე არ გამოდის, მაშინ ნაკლები ბოროტება ჯობია, ანუ მხოლოდ ერთი მუშა დაიღუპოს.”
მადლობა :)) კაი გრძელი ლექციები ყოფილა 😀
არაფრის 🙂 ლექციები უჰ, იცოცხლე გრძელია, თუმცა საინტერესოა.
1. უჰ… დილემა!
2. მეგობრობა არაა ადამიანის სიცოცხლეზე უპირატესი… თუმცა ალბათ უფრო გულისყურით მოვისმენდი ჩემი მეგობრის არგუმენტს, ანდა სინანულს და ა.შ. ვინაიდან ის ქვეითი უკვე მოკვდა, და არ მინდა ჩემი მეგობარიც შეეწიროს ციხის გისოსებს… მოკლედ როგორც იტყვიან: “გააჩნია რა შემთხვევაში.”
3. თუ ჩემს შვილს მაინც კლავს… იმედია შევძლებდი შეწირვას… მაგრამ ის სადღა ჩანს რომ ცემი შვილის გაწირვის შემდეგ სხვებს არაფერი დაემუქრებათ?
4. ვეთანხმები ჩარლიუსს!
5. საქმე შემდეგნაირად მესახება. პირველ რიგში მაინტერესებს დანაშაულის სიმძიმე და შესაბამისად იმ ადამიანის სასჯელი რომელიც უკაკანონოდ ისჯება და მეორე გავმეორდები – მეგობრობა არაა ადამიანის სიცოცხლეზე უპირატესი!
ძალიან დამაინტერესა… კარგი პოსტია… დანარჩენებზე მერე შემოვივლი…
2) ის ქვეითი კი მოკვდა, მაგრამ სამართალი ხომ უნდა აღდგეს? როგორ ფიქრობ, თუ შენს მეგობარს დაიხსნი, იგრძნობს ის სრულად პასუხისმგებლობას იმის წინაშე, რაც ჩაიდინა? იქნებ სხვა დროსაც გამოიჩინოს ასეთი წინდაუხედავობა?
5) თუ მსუბუქი დანაშაულია, დაე დაისაჯოს უსამართლო ადამიანი? მხოლოდ იმიტომ, რომ არა უშავს? მე ვფიქრობ, აქ მიდგომის პრინციპია მთავარი და არა ის, აიტანს თუ არა სასჯელს უდანაშაულო.
პ.ს. გელოდები 🙂
2) “სამართალი უნდა აღდგეს”. იცი მე მინახავს ადამიანი, რომელსაც თუნდაც გამიზნულად ვინმე მოუკლავს და ეს იმხელა სტრესი იყო მისთვის, ისეთი საშინელი მოსაგონარი; იმხელა ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო რომ მთელი ცხოვრება ფილმებსაც კი ვერ უყურებდა სადაც მკვლელობის სცენები იყო… ასეთი ადამიანები არსებობენ, და მისთვის ციხეში ყოფნა არ იყო აუცილებელი რომ მას ბოლომდე განეცადა თავისი დანაშაული და გამოსწორებულიყო…
სწორედ ამიტომ ვთქვი – “გააჩნია რა შემთხვევაში”
5) რაც შეეხება მეხუთეს – ერთი რამაა, უდანაშაულოს დასჯაში ჩემი მეგობარია დამნაშავე? კარგი ეს დაიმალა და გაიქცა საზღვარგარეთ, ნუთუ სასამართლოს არ ეკისრება საპირწონე დანაშაული როცა უდანაშაულო ადამიანს აწმენდს ხელებს? უსამართლო ადამიანის დასჯა თავისთავად არაა სწორი, თუმცა აქ ადამიანები ვართ და ამიტომ ვთქვი რომ შეიძლება არ მივსულიყავი და არ გამეცხადებინა ჩემი მეგობრის ბრალეულობა. თორემ უმჯობესი და სწორი რომელია ეგ კი ვიცი… 🙂 🙂 🙂 დილემაც ხომ სწორედ იმაში მდგომარეობს, სინამდვილეში რას გააკეთებ და არა იმაში სწორი რა მიგაჩნია… 🙂
კარგი პასუხებია, თუმცა:
2) ჩემი აზრით, ამგვარი მიდგომა შემდეგ პრინციპს დაუდებს დასაბამს: „მოკალით, მაგრამ მოინანიეთ!“ სტრესის განცდა არა მგონია სამართლის აღდგენა იყოს.
3) კი, შენი მეგობარია დამნაშავე, თუმცა არაპირდაპირ. რამდენადაც მიიმალა და მტკიცებულებები გაანადგურა ან კვალი დამალა, ამდენად, არაპირდაპირ, სასჯელი აირიდა და ასევე ხელი შეუწყო სხვის დადანაშაულებას. სასამართლოს ეკისრება კი, თუმცა ადამიანური ფაქტორი (შეცდომა) ყოველთვის გასათვალისწინებელია.
ბოლო წინადადება მომეწონა 🙂
”ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის”
მაგრამ მსუქანი მამაკაცის შემთხვევაში ერთი ყველასთვის გამოდის
9.მიმაჩნია რომ ერთი და იგივე სიმძიმის დანაშაულია
10. მაინ რიდის ოკეანეში დაკარგულები გამახსენდა :დ
ჩარლიუსს ვეთანხმები, ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში გადარჩენის ინსტინქტი გაძლიერებულად მოქმედებს და შესაბამისად არც მორალური პრინციპებიდან დაიწყებენ რჩევების მიღებას, თუმცა საინტერესოა როგორ გააგრძელებენ ამ ყველაფრის შემდეგ ცხოვრებას, როცა ცხადად შეძლებენ მათი ქმედებების აღქმას.
11. პოლიციელის ადგილას არ ვიტყოდი არაფერს.
ეს ისეთი სახის დანაშაულია, რომელიც რაღაც აუცილებლობიდან გამომდინარეობს და ალბათ ერთჯერადიცაა..შესაბამისად შეიძლება მასზე თვალის დახუჭვა
3. დედის ადგილას გამბედაობას მოვიკრებდი..შვილს ასე თუ ისე მაინც მოგიკლავენ, ჯობია მისი სიკვდილით სხვების სიცოცხლე იხსნა
1. ცოტა საკამათოა..ალბათ, შურისძიების ძლიერი სურვილი მაინც შემოაწვება ადამიანს და შესაბამისადაც იმოქმედებს..ზოგადად, არ ღირს მაინც, მაგრამ ყველა ერთნაირად ვერ შეძლებს სიტუაციის აღქმას და თავის კონტროლს
* პოსტი ძალიან მომეწონა :3
au seriozuli tavsatei gamichnda chems moraltabn dakavshirebit, seriozul gaurkvevlobebshi chavardi, miuxedavad imisa rom ramdenime kitxvaze pasuxi makvs