ჩემ შესახებ

۞ ÷ ۞ ÷ ۞

۞ ÷ ۞ ÷ ۞

საკუთარ თავზე არ ლაპარაკობენო, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ყველამ იმაზე უნდა ილაპარაკოს, რაც უკეთ იცის, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ყოველი ადამიანი საკუთარ თავს უფრო უკეთ იცნობს, ვიდრე სხვას, დაე ყველამ საკუთარ თავზე ილაპარაკოს. ამ მცირეოდენი დემაგოგიური პრელუდიის შემდეგ მეც ჩემ შესახებ გიამბობთ.

საკუთარ თავზე საუბარს იმით დავიწყებ, რომ ჩემდა სავალალოდ, საკმაოდ გვიან აღმოვაჩინე ფილოსოფიით ჩემი დაინტერესება, კერძოდ, მას შემდეგ, რაც ექვსი წლის განმავლობაში, ბავშვური გულმოდგინებით შევისწავლე სამართალმცოდნეობა. შესაბამისად, ფილოსოფიამ ჩემში გატაცების, ცხოველი ინტერესის საგნის სტატუსი შეიძინა და ჩემი პროფესიისაგან თავისუფალი დრო ფილოსოფიური პრობლემების დილეტანტურ კვლევა-ძიებას ხმარდება. ამიტომ, ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ სამართალმცოდნეობა ჩემი პროფესიაა, ხოლო ფილოსოფია ჩემი ცხოვრება. ჩემს სამყაროულ „ჩხირკედელაობაში“ ფილოსოფიაზე არანაკლებ საპატიო ადგილი უკავია ასტრონომიას — მეცნიერებას უკიდეგანო სივრცეში მარცვლებივით მიმობნეულ ციურ სხეულთა შესახებ. ჩემი მიდრეკილება ამ ორი მეცნიერების მიმართ, ძირითადად, განპირობებულია მათი განსაკუთრებული როლით ჩემ მიერ გარემომცველი სამყაროს და მასში ჩაკარგული საკუთარი თავის შეცნობის პროცესში.

კაცმა რომ თქვას, წარმოდგენილი ბლოგი ჩემი მსოფლმხედველობის ზუსტი ანარეკლია, თუმცა მაინც მსურს ცალკე გამოვყო რიგი შეხედულებათა სისტემებისა, რომელნიც ჩემი მსოფლგაგების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. კერძოდ, მას შემდეგ, რაც ბუნებისმეტყველებაში ფეხი ავიდგი, მალევე უკუვაგდე ღვთისმეტყველება და ჩემს ცნობიერებაში ათეიზმმა მყარად გაიდგა მძლავრი ფესვები. ეს მოხდა არა იმიტომ, რომ ღმერთის არარსებობის დამადასტურებელი რაიმე განსაკუთრებული საბუთი აღმოვაჩინე, არამედ იმიტომ, რომ ბუნების მეცნიერებასთან ზიარებასთან ერთად თანდათან გაქრა ღმერთის არსებობის მღაღადებელი ყოველი მტკიცებულება და შედეგად ურწმუნოებაღა შემომრჩა.

რაც შეეხება ჩემს ღირებულებათა სამყაროს, უნდა ითქვას, რომ პირწავარდნილი მორალისტი ვარ, რადგან ჩემს ცხოვრებაში მორალს განსაკუთრებული და საპატიო ადგილი უკავია. ჩემთვის ყველა და ყველაფერი წმინდა მორალური განსჯის საგნადაა ქცეული და ზნეობრივად ჭეშმარიტი დასკვნებიც ამგვარად გამომყავს. ჩემთვის არ არსებობს მორალისაგან თავისუფალი ადამიანური საქმიანობის თუნდაც ერთი სფერო, ამიტომ მორალის კატეგორია ჩემი ზნეობრივი ცხოვრების ორიენტირია.

დაბოლოს, ჩემი პიროვნების განსაკუთრებულ დამსახურებად მიმაჩნია ცხოველებისადმი მზრუნველობა და განსაკუთრებული სიყვარული. ვთვლი, რომ ცხოველებისადმი ადამიანის დამოკიდებულება მრავლისმეტყველია და ინდივიდის განვითარების დონეზე და სულიერ მდგომარეობაზე მიუთითებს. მაგალითად, ჩემი დაკვირვებით, ადამიანს, რომელსაც უყვარს ცხოველები აუცილებლად კეთილია, ხოლო ადამიანს, რომელსაც ძულს ცხოველები — აუცილებლად ბოროტი; იმ ადამიანს კი, რომელსაც განურჩეველი დამოკიდებულება გააჩნია ცხოველების მიმართ, ანუ არც უყვარს და არც ძულს, ან კეთილია ან ბოროტი. ამ მტკიცებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ყოველთვის იმ ადამიანს ვანიჭებ უპირატესობას, რომელიც აუცილებლად კეთილია.

۞ ÷ ۞ ÷ ۞

11 comments on “ჩემ შესახებ

  1. ზემო ჩამონათვალში ყველაზე მეტად პანთეიზმ(ი)მა მომეწონა/გამაოცა… 🙂
    ათეიზმი და პანთეიზმი… 🙂
    წავა…

    • ათეიზმი იმდენად, რამდენადაც პერსონალურ ანუ ადამიანური სახისა და მოქმედების ღმერთის არსებობას უარვყოფ.
      პანთეიზმი კი იმდენად, რამდენადაც ვაღიარებ ბუნების, სამყაროს ყოვლისშემძლეობას, ანუ სპინოზას სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთმა კი არ შექმნა სამყარო ან მის მიღმა კი არ იმყოფება, არამედ თავად სამყაროა ღმერთიც და ყოვლის შემოქმედი, ანუ უპიროვნო საწყისი და არავითარი ზებუნებრივი (მატერიალისტური პანთეიზმი).
      პ.ს. ათეიზმს და სპინოზას პანთეიზმს ის საერთო აქვს, რომ პიროვნულ ღმერთს უარყოფს ორივე მსოფლმხედველობა.

  2. ასე მეგონა ჩემზე იყო ტექსტი 😀 იმ განსხვავებით რომ ჩემი ცხოვრება მეცნიერებაა

  3. … ისე მე კი “ღმერთის არარსებობის დამადასტურებელი საუთი” აღმოვაჩინე, ფრო სწორად აღმოჩენილია და არავინ ასაბუთებს ამას.(ვგულისხმობ კონკრეტულ ყოვლისშემძლე ღმერთს, თორემ მე “ღმერთად” სამყარო მიმაჩნია)

  4. “მას შემდეგ, რაც ბუნებისმეტყველებაში ფეხი ავიდგი, მალევე უკუვაგდე ღვთისმეტყველება”

    როგორ შეიძლება უკუაგდო ის , რის შესაახებაც არადროს არაფერი გწმენია 😀

  5. რა აზრი აქვს გვერდის შექმნას, თუკი მასზე მუშაობას არ გააგრძელებთ?

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s