۞ ÷ ۞ ÷ ۞
ადამიანი სამყაროზე არანაკლები იდუმალებითაა მოცული და ბოლომდე შეუსწავლელ მოვლენას წარმოადგენს. მე, ადამიანი მესმის როგორც ბუნების „ექსპერიმენტის“ ნაყოფი, რომლის სრულყოფა ამავე ბუნებაში მიმდინარე პროცესების ერთმანეთზე ურთიერთზემოქმედების შედეგად განხორციელდა და ხორციელდება დღესაც.
ადამიანი სამყაროსთან ურთიერთობას იწყებს დაბადების მომენტიდან და წყვეტს გარდაცვალებისთანავე. “დაბადება”, “გარდაცვალება”, “სიცოცხლე”, “სიკვდილი” — ადამიანის მიერ შექმნილი ის ხატოვანი სიტყვებია, რომლითაც იგი შეეცადა უფრო მკაფიო და ნათელი გაეხადა მასში ნაგულისხმევი პროცესები. რაც შეეხება სამყაროს, იგი ისეთი მოვლენაა, რომელსაც არ გააჩნია არც საწყისი და არც სასრული, შესაბამისად მისთვის უჩვეულოა ისეთი ცნებები, როგორიცაა სიცოცხლე და სიკვდილი. იგი აღიარებს მოვლენის არსებობას და არარსებობას მასთან მიმართებაში. შესაბამისად, კანონზომიერი იქნება თუ განვიხილავთ ადამიანის არსებობასა და არარსებობას სამყაროსთან მიმართებაში.
ადამიანის, როგორც ინდივიდის წარმოშობამდე პერიოდს სახელდობრ ამ ინდივიდთან მიმართებაში მე ვუწოდებ ადამიანის არარსებობის პერიოდს, ანუ ინდივიდის არარსებობის არსებობას. საყოველთაო შეხედულების თანახმად ადამიანი გარდაცვალების შემდგომ წყვეტს არსებობას, ის აღარ არსებობს და ამ აზრით გადადის არარსებობის მდგომარეობაში შედეგთან მიმართებაში. შესაბამისად, ადამიანის გარდაცვალების შემდგომი პერიოდი განიხილება როგორც ადამიანის არარსებობის პერიოდი, ანუ ინდივიდის არარსებობის არსებობა. უკვე დავადგინეთ, რომ ადამიანის არარსებობა არსებობს ინდივიდის როგორც წარმოშობამდე, ისე მისი გარდაცვალების შემდგომ; ანუ ადამიანის არარსებობის არსებობა ის უცილობელი ნიშანია, რომელიც ადამიანის არარსებობას ადასტურებს მოცემულ მომენტში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ადამიანის არარსებობის არარსებობა გამოიწვევდა ადამიანის არსებობას, ეს კი შეეწინააღმდეგებოდა ჩვენს მიერ დადგენილ საკითხს ადამიანის არარსებობის შესახებ.
როგორც უკვე შევთანხმდით, ადამიანის არარსებობა არსებობს როგორც ინდივიდის სიცოცხლის წარმოშობამდე ანუ დაბადებამდე, ასევე მისი სიცოცხლის დასრულების შემდგომ ანუ გარდაცვალების მერე. შესაბამისად გამოდის, რომ ადამიანის არარსებობა ესაა ინდივიდის არარსებობა დაბადებამდე და გარდაცვალების შემდგომ. მსჯელობიდან ცხადი ხდება, რომ ადამიანის არარსებობა ორივე შემთხვევაში იგივეობრივი და ერთგვაროვანია და რომ იგი წარმოადგენს ერთი მთლიანის ორ განცალკევებულ ნაწილს.
გასაკვირი არ იქნება თუ ადამიანის წარმოშობიდან (დაბადებიდან) მის გარდაცვალებამდე პერიოდს ადამიანის არსებობას ვუწოდებთ. ინდივიდის არსებობას სამყაროსთან მიმართებაში ჩვენ ვუწოდებთ სიცოცხლეს. ზემოთ ჩემს მიერ უკვე აღინიშნა, რომ ადამიანის არარსებობა ერთი მთლიანის ორი ურთიერთგამიჯნული, თუმცა იგივეობრივი ნაწილია, რომელიც ერთი მხრივ გვევლინება ადამიანის წარმოშობამდე პერიოდის სახით, ხოლო მეორე მხრივ — ადამიანის გარდაცვალების შემდგომი პერიოდის სახით. სწორედ ადამიანის სიცოცხლეა ის მოვლენა, რომელიც დროებით წყვეტს და განაცალკევებს ადამიანის არარსებობის მთლიან პერიოდს, ხოლო ინდივიდის გარდაცვალება კი სამუდამოდ აერთებს მას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანის არარსებობის პერიოდი წყდება ადამიანის არსებობის პერიოდით, ხოლო სიკვდილის შემდგომ კვლავ ერთდება და ინდივიდის არარსებობა ხდება მუდმივი, უწყვეტი და დაუსრულებელი პროცესი, და ეს პროცესი შეუქცევადია მას შემდეგ, რაც ის ერთხელ უკვე იყო შექცევადი.
ადამიანის არარსებობა ის უსასრულო და უკიდეგანო წრფეა, რომელიც მაშინ წყდება, როდესაც ადამიანის სიცოცხლე იწყება (და იმდენი ხნით წყდება, რამდენი ხნითაც ცოცხლობს ადამიანი), ხოლო ამ ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში კი სამუდამოდ ერთიანდება და უსასრულოდ გრძელდება. ყოველივე ზემოაღნიშნული კი შემდეგი ფორმულით შეიძლება გამოიხატოს — ჩვენ (ადამიანები) ვიწყებთ არარსებობით, ვაგრძელებთ არსებობით და ვასრულებთ არარსებობით, სადაც არარსებობა კანონზომიერებაა, ხოლო არსებობა — გამონაკლისი ამ კანონზომიერებიდან.
მოგესალმებით, ვის ეკუთვნის ეს ციტატა? “ჩვენ (ადამიანები) ვიწყებთ არარსებობით, ვაგრძელებთ არსებობით და ვასრულებთ არარსებობით, სადაც არარსებობა კანონზომიერებაა, ხოლო არსებობა — გამონაკლისი ამ კანონზომიერებიდან”