დროის შესახებ

۞ ÷ ۞ ÷ ۞

დრო — ეს არის არსი ყოფიერებისა, არსებობისა. თუმცა იგი არ არის თავისთავადი როგორც სამყარო. იგი დამოკიდებულია და მისი არსებობა პირობადებულია ყოფიერებით. დრო არსებობს მანამ, სანამ არსებობს ყოფიერება და სწორედ ამ უკანასკნელის საზომად და დასტურად გვევლინება იგი.

შესაბამისად, დრო არ არსებობს თავისთავად, არამედ არსებობა (ყოფიერება) ქმნის მას იმდენად, რამდენადაც ყოფიერება წარმავალია თავისი არსით და დროსვე ემორჩილება, ე.ი. დროით განსაზღვრულობას მოითხოვს. დრო არის არსებობისათვის აზრის მიმცემი, მექანიზმი ყოფიერების სისტემატიზაციისა (იგი უქმნის ყოფიერებას სისტემურ ხასიათს). შესაბამისად, ეს არის არსებობის დასაწყისსა და დასასრულს შორის არსებული მთელი პერიოდი და იგი სწორედ მაშინ წარმოიშვა, როდესაც წარმოიშვა ყოფიერება ანუ არსებობა. ე.ი. ყოფიერება განსაზღვრავს დროს და დრო განსაზღვრავს ყოფიერებას. თუ არ იარსებებს ყოფიერება ანუ არსებობა, მაშინ იარსებებს არარსებობა, ანუ მუდმივობა, უსასრულობა, კანონზომიერება და არ იარსებებს დროც, რადგან მუდმივობა დროით არ იზომება და არ აღიარებს მას, მარადისობა უარყოფს დროს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ყოფიერებაა დროისთვის ფუნქციისა და დანიშნულების მიმნიჭებელი მოვლენა, რომლის გარეშეც დროს არსი არ გააჩნია.

ადამიანის არსებობა საწყისისა და სასრულის მქონე მოვლენაა და ამ აზრით დრო აღქმადია მისთვის. უფრო მეტიც, დრო მისი განსაზღვრებაა. დრო — ეს არის ყოფიერების მთელი პერიოდი და არსებობის არსებობა ზოგადად. რადგან არარსებობა უარყოფს არსებობას და ამასთან დრო მხოლოდ არსებობის თანამდევი მოვლენაა, შესაბამისად არარსებობა უარყოფს დროსაც და ამიტომაც გვევლინება იგი როგორც მუდმივი და დაუსრულებელი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უკვე აღარ არსებობს, მისთვის აღარ არსებობს დროც და თუ აღარ არსებობს დრო ე.ი. ის მარადიულია. აქედან დასკვნა, რომ დრო არსებობს იმისთვის, რაც წარმავალია (მხოლოდ მისი არსებობის განმავლობაში), ხოლო არ არსებობს იმისთვის, რაც მუდმივია ან შემდგომ გახდა მუდმივი (მაგ. როცა მოვლენა თავდაპირველად არსებობდა და არსებობის შეწყვეტის შემდგომ მისი არარსებობა გახდა შეუქცევადი, ანუ მუდმივი და დაუსრულებელი). რადგან წარმავლობა (ყოფიერება) დროით განსაზღვრულობას გულისხმობს, ხოლო მუდმივობა კი უარყოფს დროს, შესაბამისად დრო არსებობს მხოლოდ წარმავლობით ზღვარდადებულ მოვლენათა მიმართ იმდენად, რამდენადაც დროითვე განისაზღვრება და განიზომება მათი ყოფიერება, ანუ დრო ამ უკანასკნელის ძირითადი მახასიათებელი თვისება და განმსაზღვრელი ფაქტორია.

საინტერესოა რა ურთიერთმიმართება არსებობს სამყაროსა და დროს შორის. ჩემ მიერ უკვე მკაფიოდ იქნა აღნიშნული, რომ სამყარო ესაა მოვლენა, რომელსაც არ გააჩნია საწყისი და სასრული, რაც მხოლოდ იმის დასტურია, რომ სამყაროს არსებობა არც დაწყებულა და არც დასრულდება, ე.ი. ის თავისთავადია, მარადისობაა და უსასრულობა, რაც არ შეიძლება განხილულ იქნას სხვა მოვლენებთან მიმართებაში. შესაბამისად, სამყაროსათვის დრო არც არსებულა და არც ოდესმე იარსებებს, რადგან ის მარადიულია და მარადიულობა დროით არ იზომება და არც იზღუდება. სამყაროს, მისი ამგვარი ბუნებიდან გამომდინარე, დროის შეგრძნება არ გააჩნია. მისთვის არ არსებობს დროის ფორმები, მისი წარსულიც და მომავალიც მისივე აწმყოა, ის არ ემორჩილება დროს.

۞ ÷ ۞ ÷ ۞

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s