სიცოცხლის საზრისის შესახებ

۞ ÷ ۞ ÷ ۞

რა არის სიცოცხლე? ზებუნებრივი ძალით შთაგონებული მოვლენა თუ ბუნების ძალების ცხოველქმედების ნაყოფი? აუცილებლობა თუ შემთხვევითობა? და საერთოდ, გააჩნია თუ არა მას საზრისი ან დანიშნულება?

სიცოცხლის წარმოშობის შესახებ, დღესდღეობით, ორი ძირითადი და გაბატონებული შეხედულება არსებობს: რელიგიური და მეცნიერული. სწორედ ამიტომაც, უპრიანი იქნება თუ მსჯელობა ამ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისის კონტექსტში წარიმართება. რელიგიური მსოფლმხედველობა სიცოცხლეს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს არამიწიერი წარმოშობის მქონედ მიიჩნევს და თვლის, რომ სიცოცხლე — ეს არის ზებუნებრივი არსების (ღმერთის) შინაგანი ნების პირდაპირი გამოხატულება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიცოცხლე განიხილება როგორც ღმერთის ნებელობითი ქცევის განხორციელების შედეგი და მისი პირადი სურვილის გამოვლინება. თუ სიცოცხლის შექმნის მომენტში ღმერთის ქმედება ნებელობითი იყო, ბუნებრივია მას განსაზღვრული მიზანიც ამოძრავებდა, რამაც უბიძგა სიცოცხლის შექმნისაკენ. შესაბამისად, რადგან ნებისმიერი ნებელობითი ქმედების განხორციელება განსაზღვრული მიზნისკენაა მიმართული, მაშინ ამგვარი ქმედებით გამოწვეულ შედეგსაც გარკვეული აზრი და დანიშნულება უნდა გააჩნდეს, ამ შემთხვევაში სიცოცხლეს, რადგან ვთქვით, რომ იგი ღმერთის ნებელობითი ქცევის განხორციელების შედეგია. ე.ი. რელიგიური თვალსაზრისით სიცოცხლის აზრის განსაზღვრა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. თუმცა პრობლემას ამ მხრივ თავად რელიგიური მსოფლმხედველობის ჭეშმარიტება და სანდოობა წარმოადგენს, რადგან ეს უკანასკნელი სიცოცხლის წარმოშობის იმდენად ანტიმეცნიერულ, დაუსაბუთებელ, არასერიოზულ და პრიმიტიულ შეხედულებას წარმოგვიდგენს, რომ მისი დაჯერება მხოლოდ ბრმადმორწმუნე, ბავშვური გულუბრყვილოების მქონე და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში სრულიად გაუთვითცნობიერებელ ადამიანს თუ შეუძლია. მე ვთვლი, რომ ადამიანი, რომელსაც არ შესწევს ცოდნა და ინტელექტი იმისათვის, რათა სიცოცხლის წარმოშობა ღმერთის იდეისაგან დამოუკიდებლად წარმოიდგინოს რელიგიური დოგმატიკის უსუსური ტყვე ხდება. რაც უფრო ჩაუხედავია ადამიანი ბუნებისმეტყველებაში, მით უფრო მიდრეკილია ის ღვთისმეტყველების მიმართ.

რაც შეეხება სიცოცხლის წარმოშობის მეცნიერულ თვალსაზრისს, უნდა ითქვას, რომ იგი საკმარისად დამაჯერებელი და დასაბუთებულია იმისათვის, რათა ერთხმად იქნას აღიარებული სრულ ჭეშმარიტებად და ობიექტურ რეალობასთან შესატყვისად. მეცნიერული თეორიის მიხედვით სიცოცხლე წარმოიშვა თავისთავად, სამყაროს შიგნით არსებული ბუნებრივი პროცესების ურთიერთქმედების შედეგად და ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს ამ პროცესში გარეგანი ძალების რაიმე სახით ჩარევას. შესაბამისად, სიცოცხლე ბუნებრივი და თვითგანვითარებადი, ევოლუციური მოვლენაა, რომელიც თავისთავად და დამოუკიდებლად წარმოიქმნა. სიცოცხლის თავისთავადობა და თვითმყოფადობა კი იმაზე მიუთითებს, რომ მისი წარმოშობა არ ყოფილა განპირობებული რაიმე სხვა მოვლენის ნებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიცოცხლე — ეს არის სამყაროს წიაღში წარმოქმნილი, ბუნების ცხოველქმედების დამოუკიდებელი ნაყოფი, რომლის ქმნადობა არ წარმოადგენდა ნებელობით აქტს. ნებელობითი ქმედების საპირისპირო მოვლენა უნებლიე ქმედებაა, იგივე შემთხვევითობა, საიდანაც გამომდინარეობს, რომ სიცოცხლე უკონტროლო პროცესთა მსვლელობის უნებლიე შედეგია, ანუ თავად შემთხვევითობაა, რაღაც გამონაკლისი ან გადახვევა ზოგადი კანონზომიერებიდან.

ნებისმიერი ნებელობითი ქმედება განსაზღვრული მიზნის მატარებელია, რადგან ამგვარ ქმედებაში გამოიხატება შინაგანი ნება და სურვილი, რომელიც დასახულ მიზნის მიღწევისკენაა მიმართული. შესაბამისად, ნებელობითი ქცევით გამოწვეული შედეგი შეიძლება აღვიქვათ როგორც აზრისა და დანიშნულების მქონე გარეგამოვლინებადი ცვლილება სამყაროში იმდენად, რამდენადაც სწორედ საბოლოო შედეგი გამოხატავს ნებელობითი ქცევის განმახორციელებლის მიზანსა თუ სურვილს. საპირისპირო უნდა ითქვას უნებლიე ქმედებაზე, კერძოდ ის, რომ შეუძლებელია უნებლიე ქცევა გარკვეული მიზნის მატარებელი იყოს, რადგან იგი კი არ გამოხატავს, არამედ პირიქით, შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კიდეც ამგვარი ქცევის განმახორციელებლის შინაგან ნებასა და რეალურ სურვილს. მაშასადამე, არც უნებლიე ქმედებით გამოწვეული შედეგი შეიძლება იყოს შინაარსისა თუ აზრის მატარებელი. საკითხის არსში უკეთ გარკვევის მიზნით სანიმუშოდ მოვიყვანოთ ორი მაგალითი: ერთი — თვითმკვლელობა და მეორე — უბედური შემთხვევა. პირველ მაგალითში თვითმკვლელობა განიხილება როგორც ნებელობითი აქტი და გამიზნული ქმედება განსაზღვრული მიზნის მისაღწევად, სადაც დამდგარი შედეგი (სიკვდილი) გარკვეული აზრის მატარებელია, რამდენადაც მას თავისი დანიშნულება გააჩნია და ნებელობითი ქმედების (თვითმკვლელობის) ჩამდენის შინაგან ნებასა და სურვილს შეესაბამება, ანუ თვითმკვლელობა წარმოადგენს უკვე განხორციელებულ ან მიღწეულ მიზანს. მეორე მაგალითში კი უბედური შემთხვევა სრულიად უშინაარსო და აზრს მოკლებულია, რადგან იგი წარმოადგენს უმიზნო ქმედების შედეგს და არ გამოხატავს სუბიექტის შინაგან ნებასა და სურვილს. ამიტომაც უნდა დავასკვნათ, რომ მხოლოდ მიზანმიმართული, ნებელობითი ქცევის შედეგი შეიძლება იყოს აზრის მატარებელი და ამის საპირისპიროდ, უმიზნო, უნებლიე ქცევის შედეგი არასოდეს შეიძლება იყოს გარკვეული დანიშნულების მქონე. შესაბამისად, რამდენადაც სიცოცხლის შექმნის პროცესი უნებლიე და შემთხვევითია, ამდენად შეუძლებელია მისი შედეგი — სიცოცხლის წარმოშობა რაიმე წინასწარ დასახულ მიზანს ემსახურებოდეს, რამეთუ იგი ნებელობის მიღმაა და ამდენად უშინაარსო მოვლენას წარმოადგენს, ე.ი. სიცოცხლე დანიშნულების არმქონე, აბსურდული მოვლენაა.

როდესაც მოვლენას განიხილავ როგორც შემთხვევითობას, რთულია იმსჯელო მის დანიშნულებაზე და საერთოდ მის საზრისზე, ჩვენ შემთხვევაში სიცოცხლის საზრისზე. რამდენადაც სიცოცხლე საყოველთაო მოვლენას წარმოადგენს და ყველა ცოცხალი არსების შემთხვევაში ერთნაირად გაიგება, ამდენად ერთნაირადვე უნდა იქნას გაგებული სიცოცხლის საზრისიც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიცოცხლეს უნდა ახასიათებდეს ყველასათვის საერთო საზრისი და არ შეიძლება ის თითოეული ინდივიდისათვის სხვადასხვა იყოს. თუ ამ სამყაროში სიცოცხლის საზრისი უფრო ინდივიდუალურად გაიგება, ვიდრე საყოველთაოდ, ეს იმის დასტურია, რომ არ არსებობს სიცოცხლის საყოველთაო საზრისი, რომ მას არ გააჩნია თანდაყოლილი აზრი.

სიცოცხლის საზრისს მე განვიხილავ როგორც სიცოცხლის იმანენტურ, მასთან ორგანულ კავშირში მყოფ მოვლენას, ამიტომ ვთვლი, რომ სიცოცხლის ერთიანი გაგების პარალელურად უნდა არსებობდეს მისივე საზრისის ერთიანი გაგებაც. სწორედაც, რომ პრობლემა სიცოცხლის საზრისის არარსებობაში კი არა, არამედ მის მრავალგვარობაშია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სიცოცხლის საყოველთაო გაგების პარალელურად არ არსებობს სიცოცხლის საზრისის საყოველთაო და ერთსულოვანი გაგება. სიცოცხლის საზრისის ინდივიდუალური გაგება კი სხვა არაფერია, თუ არა სიცოცხლის მარტოოდენ წამახალისებელი და ინტერესის მიმცემი მოვლენა.

დასასრულ, შეიძლება დავასკვნათ, რომ სიცოცხლის წარმოშობა არ ყოფილა ნაკარნახევი რაიმე გონიერი, მოაზროვნე პირველსაწყისის შინაგანი ნებით, შესაბამისად მას არ შეიძლება გააჩნდეს თანდაყოლილი, საყოველთაო და განუყოფელი დანიშნულება, ხოლო შემდგომ შეძენილი თუ მიკუთვნებული მიზანი კი შეიძლება განხილულ იქნას როგორც მისთვის ინტერესის მიმანიჭებელი ფაქტორი და არა სიცოცხლის საზრისი.

۞ ÷ ۞ ÷ ۞

Advertisements

17 comments on “სიცოცხლის საზრისის შესახებ

  1. შენ ღმერთის არსებობას უარყოფ მაშ რა აზრისა ხარ იმაზე რომ ნაკურთხი წყალი არ ფუჭდება, ნებისმიერი მამაოს მიერ დაბურღული ან წყაროს წყლის კურთხევისას მხოლოდდამხოლოდ იმ დღეს აღებული წყალი არ ფუჭდება მთელი წლის განმავლობაში და უფრო დიდ ხანსაც სძლებს მერედამერე უბრალოდ ვხარჯავთ, ეს ხომ ჯიუტი ფაქტია სასწაულისა თანაც მარტივი ; კურთხევის წინ აღებული წყალი კი მეორე მესამე დღიდან იწყებს აყროლებას საგულისხმოა რომ ამ დროს ღვდელს არ შეუძლია რაიმე სადეზინფექციოს ჩასხმა წყალში მიწიდან ამომავალი წყალი უბრალოდ იკურთხება და მასზე ღვთის მადლი გადმოდის ამას როგორ ახსნი მეცნერულად შეგიძლია შენც ჩაატარო ცდა და ამ მარტივ და ჯიუტ სასწაულში დარწმუნდე ამის მერე დარწმუნდები ღმერთის არსებობაში

    • არაერთხელ მსმენია ამ „სასწაულის“ შესახებ, თუმცა მეცნიერული ექსპერიმენტის გარეშე ვფიქრობ აზრს მოკლებული იქნება რაიმე კომენტარი.
      „სასწაულად“ აღიარებამდე გულდასმით უნდა იქნას შესწავლილი ამ ფაქტის ყოველი დეტალი 🙂

      • მოკრძალებით ჩაგერთვებით 🙂

        კურთხევისას წყალში ვერცხლის ჯვარს ყოფენ, ვერცხლს კი ვიკის მიხედვით, აქვს ასეთი თვისებები:

        “უძველესი დროიდან იცოდნენ ვერცხლისაგან წყლის სასმელად ვარგისიანობის დიდი ხნით შენახვის შესახებ. მაგალითად სპარსეთის მეფე კიროსი წყალს საომარი მოქმედებებისას ვერცხლის ჭურჭლით ატარებდა.”

        “ვერცხლი იონების სახით მეტად აქტიურად მოქმედებს სხვა სახის იონებთან და მოლეკულებთან. მისი მცირე კონცენტრაცია სასარგებლოა, რადგანაც ის ანადგურებს ბევრ ავადმყოფობის გამომწვევ ბაქტერიებს. ”

        ძირითადი ახსნა ესაა, ანუ ვერცხლი კლავს ბაქტერიებს და წყალი დიდხანს ძლებს. თუმცა ნაკურთხი წყალი ყოველთვის არაა უვნებელი:
        http://www.huffingtonpost.com/2010/01/25/contaminated-holy-water-s_n_435098.html

      • ჰაჰა 😀 ძალიან დელიკატურად გამოააშკარავე და ამხილე ღვთისმსახურთა მორიგი დაღლითობა 😀 ამით პატივცემულ ივერის ხელთათმანი გადაუგდე, თუმცა მეეჭვება გამოწვევა მიიღოს 😀

      • საერთოდ სასწაულების უმეტესობა ან ფიზიკა-ქიმიით იხსნება, ან თაღლითობაა, ან უბრალოდ კარგად არ გამოკვლეულა სკეპტიკოსების მიერ. ყველა რელიგიას ეხება ეს, მაგალითად ინდუისტური ქანდაკებები რომ რძეს სვამენ, ეგ ავიღოთ 😀 ( http://www.youtube.com/watch?v=qiyTogk9kp4 )

        ამას ისიც ამტკიცებს, რომ ადრე ყველაფერს ზებუნებრივ ძალებს მიაწერდნენ, მათ შორის ვულკანებსა და ელვას, ახლა კი ძალიან შემცირდა იმ მოვლენების რიცხვი, რომლებიც სასწაულად აღიქმება. თავის მხრივ, ფოტო/ვიდეომასალამ და ადამიანებში კრიტიკული აზროვნების განვითარებამაც ითამაშა თავისი როლი 🙂 საერთოდ დაკვირვებული ვარ, ისეთი ადამიანები, ვინც თავიანთი პოზიციის დასადასტურებლად ეგრევე სასწაულებს იშველიებენ, უმეტესწილად ნაკლებად ერკვევიან მეცნიერებაში

      • ჰეჰეე, აუ ეს ვიდეო არ ვიცოდი, რა კომედიაა 😀 ნუ, იმედია ვინც ამას აკეთებს, თავადვე არ ჯერა 😀

        რა თქმა უნდა შემცირდება და მეცნიერება საბოლოოდ ამოძირკვავს ამ ცრურწმენებს ხალხის მასების გონებიდან. ერთი რამე მადარდებს, იერუსალიმში არ შეგვიშვებენ და “ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლას” არ გამოგვაკვლევინებენ, თორე მაგის “ღვთაებრიობაც” კრახს განიცდიდა 😀

      • იერუსალიმის ცეცხლს რაც შეეხება, ერთ-ერთ ბერძნულ არხზე იყო მაგის განხილვა. ვიდეო ნახე, ოღონდ ბერძნულადაა:

        ეს მოკლე შინაარსი ფორუმ.გე-დან:
        “მიახლოებული თარგმანი ჩემგან: ულვაშებიანი, სათვალეებიანი ტიპი მწერალი ვარ და მკვლევარიო, დიპლომით ინჟინერიო, რომელიღაც უმაღლესი სასწავლებელი მაქვს დამთავრებულიო. ხო და გაჩვენებთ როგორ მარტივად შეიძლება ასანთის გარეშე ანთებაო, ამ დროს მეორე გალსტუკიანი, უულვაშო და უსათვალეებო ტიპი ყვირის ეგ ერესია და არ მისცეთ ნებაო , მღვდელიც მას აძლევს “პადერჟკას” . რაღაცას მაიმუნობს და რა კავშირი აქვს იერუსალიმის ცეცხლთანო. მოკლედ წამყვანის დიდი მცდელობის შემდეგ აძლევენ ერესის უფლებას. ხსნარი მაქვს სადაც ფოსფორი და ნახშირბადიაო, ამ ორი ნივთიერების შერევით შეგვიძლია მივიღოთ ხსნარი , რომლის მეშვეობით გარკვეული დროის შემდეგ აინთება სანთელიო, ნახშირბადი მოცილდებაო და ფოსფორი ჟანგბადთან შევა რეაქციაშიო. ამ შემთხვევაში დაახლოებით 15 წუთიაო. მოკლედ ჩართეს დრო და 8 წუთში აინთო, ეს სანდომიანი ქალბატონი ყვირის სასაწაული, სასწაულიო. მღვდელი ყვირის ეგ ცეცხლი წვავს და იერუსალიმის არაო, თითი გადაატარა და არ მწვავსო, მღვდელმა აბა 2 წუთი გააჩერეო. იერუსალიმში ვინ აჩერებს 2 წუთიო, როგორ არა 33 წუთი არ წვავსო. მერე გვაჩვენეთ 33 წუთი კი არა 2 წუთიც საკმარისიაო. მე როგორც მორწმუნეს მაქვს გამოცდილებაო. ულვაშა ამბობს ერთი ვიდეო ჩემთვის ბევრ მორწმუნის გამოცდილებაზე მეტიაო, აჩვენებენ კადრებს და მაქსიმუმ ალბათ 10-15 წამია, მღვდელი კი გაჰყვირის ჩემს გამოცდილებას დაუჯერეთ 33 წუთი არ წვავსო და 33 სანთელიაო, ულვაშა კი უმტკიცებს, რაც უფრო მეტია ალი, მით უფრო ადვილია სახეზე გადატარება, მეტ ეფექტს ქმნის და ნაკლებად წვავსო
        პ.ს. ცეცხლი არის წვის შედეგი და არა წვა ცეცხლის, თუ ცეცხლი მოჩანს ე.ი. რაღაც იწვის, თუ ილუზია ან ოპტიკური ეფექტი არაა”

      • ჰაჰაააა, საღოოოლ ჩარლი! იმ კაცმა კი ჩაასვრევინა იმ გამოთაყვანებულ და ფანატიკოს მღვდლებს, ან თაღლითებს 😀 ნუ ზოგი მართლა ბრმაა და გულწრფელად ჯერა ამისი, ზოგიც კიდე თაღლითია.

      • მაგარ პერიოდში ვართ ისე ახლა, ბოლო სადავეებს თმობს უკვე რელიგია 😀 მეცნიერება ნელ-ნელა ახერხებს, ღმერთის როლი ყველაფერში გამორიცხოს, სასწაულები მეცნიერულ კრიტიკას ვერ უძლებენ, არარელიგიურ/ურწმუნოთა რიცხვი იზრდება.. ჩვენს შემდეგ თაობაში უფრო საინტერესო სიტუაცია იქნება

      • მართალია. მე ვფიქრობ მეცნიერების პოპულარიზაცია ძალიან დიდ პროგრესს მოიტანს ამ კუთხით.

  2. მეცნიერება და რელიგია ერთმანეთს არ გამორიცხავს. მსოფლიოს მეცნიერები ამას აღიარებენ. სამყაროში მიუწვდომელი და მეცნიერებისთვისაც გაუგებელი უამრავი ფაქტია. უბრალოდ ახსნას ვერ უძებნიან და დღემდე იკვლევენ. აქვთ მხოლოდ ვერსიები, რომელიც ხალხში ვრცელდება, რომლებსაც მერე იდეოლოგიებად აქცევენ, ჯგუფდებიან, კამათობენ, იბრძვიან თავიანთი სიმართლის დასამტკიცებლად და ა.შ. ერთი სიტყვით ვქმნით რაღაც ჭეშმარიტებებს და ვცდილობთ საკთარ თავებს დავაჯეროთ და სხვისი ვერსია ავტომატურად მცდარად ჩავთვალოთ. ნებისმიერი რადიკალური მხარე, რომელიც ამტკიცებს მართალი ვარ და ჩემი ვერსია შეუცდოლემიაო ,სრული იდიოტი და ჯერ კიდევ ბევრი სჭირდება, რომ გაერკვეს რა ხდება სამყაროში.
    მოიძიეთ მართლმადიდებელი მეცნიერები, რომლებიც რაციონალურად ამტკიცებენ სამყაროს წარმოშობის ბიბლიურ ვერსიას. მხოლოდ თქვენსას ნუ გაჰყვირით ბატებივი (მომიტევეთ).

    • თავადვე ხომ არ შემოგვთავაზებდი “მართმადიდებელი მეცნიერების სამყაროს წარმოშობის ბიბლიურ ვერსის ახსნას?” რადგან ცოტა გამიჭირდა ამ უკანასკნელის ინტერნეტში მოძიება ( მხოლოდ ინგლისურ სეგმენტზე ვეძებდი ), ა თუმცა მოიცა დამავიწყდა ქართულ სეგმენტზე მოძებნა, თუ გამოიცნობ რატომ? შემთხვევით იმიტომ, ხომ არა ხშირად ქართველები რომ აზვიადებენ და არასწორად გადმოსცემენ ? ზოგჯერ კი უბრალოდ იდიოტობას იჩენენ და საკუთარი ფანტაზიის ნაყოფს დებენ. “და ის სტუდენტი იყო აინშტაინი” (:დ https://en.wikipedia.org/wiki/Religious_and_philosophical_views_of_Albert_Einstein )

  3. გეთანხმები, ბევრჯერ მითქვამს “შემთხვევითობის შემთხვევითი შედეგი” ვართ მეთქი და ის იდეა, რომ ცხოვრებას ერთი უნივერსალური და სტატიკური აზრი აქ უბრალოდ სისულელა, ვთვლი, რომ ყველამ თავის თავში უნდა ეძებოს ეს უკანასკნელი და გამბედაობა ეყოს, რომ ამ ყველაფერში ზებუნებრივი არ ჩარიოს. პ.ს შეგიძლიათ ჩემს სტატიას გადახედოთ, ამ თემას ეხმიანება > https://trynotfuck.wordpress.com/2017/02/07/test/

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s