ბედნიერების შესახებ

۞ ÷ ۞ ÷ ۞

ბედნიერება, ფართო გაგებით, მე მესმის როგორც იმ უნივერსალურ ღირებულებათა და სიკეთეთა ერთობლიობა, რომლებიც განაპირობებენ ინდივიდის სულიერ კომფორტს. საყოველთაო ჭეშმარიტ ღირებულებებში უნდა მოვიაზროთ მშვიდობა, სამართლიანობა, პატიოსნება, კაცთმოყვარეობა, შემწყნარებლობა, ურთიერთპატივისცემა და ყველაფერი ის, რაც ადამიანთა შორის ერთმნიშვნელოვნად ქმნის ჰარმონიულ სივრცეს საამური თანაცხოვრებისათვის. მხოლოდ ასეთ გარემოში მიიღწევა ჭეშმარიტი და სრული ბედნიერება ზოგადად.

ბედნიერება, ვიწრო გაგებით, მე მესმის როგორც შემეცნებული სულიერი კომფორტი ინდივიდისა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შეიგრძნობს საკუთარ თავს როგორც ბედნიერს. თუ ადამიანს შექმნილი აქვს ყველა წინაპირობა იმისა, რომ იყოს ბედნიერი ფართო გაგებით, მაგრამ მას არ აქვს შეცნობილი საკუთარი ბედნიერება, ანუ ის არ განიცდის თავისი შინაგანი სამყაროს სრულ ჰაეროვნებას, ის არ არის ბედნიერი. რატომ? ბედნიერება ის უდიდესი ნეტარება და სულში ჩაღვრილი ტკბილხმოვანი სიმფონიაა, რომელიც მხოლოდ მაშინ არსებობს თუ ის ასეთად შეცნობილი და მიღებულია ადამიანის მიერ.

ვიწროდ გაგებულ ბედნიერებას მე განვიხილავ როგორც წარმავალ და დროში შეზღუდულ მოვლენას. ბედნიერება ქრება მაშინ, როდესაც ვეჩვევით მას. მაგალითად, თუ თოვლის მოსვლა გვანიჭებს ბედნიერებას, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ მოვლენის გამო ბედნიერები ვიქნებით მანამ, სანამ თოვლი არ დადნება. ბედნიერების ხარისხი მოიკლებს მას შემდეგ, რაც თოვლი ყოველდღიური მოვლენა გახდება ჩვენთვის.

დაბოლოს, ადამიანის ბედნიერების შესახებ შეიძლება ასეთი დასკვნა ჩამოვაყალიბოთ, კერძოდ, იმისათვის, რათა ადამიანი ჩაითვალოს ბედნიერად, აუცილებელია შემდეგი პირობების თანადროული არსებობა: პირველი, ადამიანი უნდა იყოს იმ გარემოში ან ადამიანისათვის უნდა არსებობდეს ის მოვლენა, რომელიც როგორც წესი, ბედნიერებას ანიჭებს მას. მეორე, ადამიანი სათანადოდ უნდა აცნობიერებდეს (აღიქვამდეს) მის წინაშე არსებულ მოცემულობას და იმეცნებდეს საკუთარ თავს როგორც ბედნიერს. მესამე, ბედნიერება არსებობს მანამ, სანამ ბედნიერების მომანიჭებელი საგანი თუ მოვლენა ჩვეული გახდება ჩვენთვის.

۞ ÷ ۞ ÷ ۞

Advertisements

9 comments on “ბედნიერების შესახებ

  1. ,,ინდივიდის სულიერ კომფორტს”-აბსოლუტურად ვეთანხმები.
    ოღონდ მე ვმიჯნავ ბედნიერებასა და კმაყოფილებას. თუ თოვლის მოსვლა გახარებს, ეს კმაყოფილებაა და არა ბედნიერება. ეს უკანასკნელი მხოლოდ სულიერი კომფორტის დროს თუ მიიღწევა.

  2. მე ვფიქრობ, რომ კმაყოფილება უფრო პასიური მდგომარეობაა, უდრტვინველობა ან უძრაობა… კმაყოფილების მდგომარეობა არ გულისხმობს სიხარულს, არც რაიმე განსაკუთრებულ განცდებს, ის უბრალოდ ასახავს იმას, რომ მე უარყოფითად არ ვარ განწყობილი ამა თუ იმ საგნის (მოვლენის) მიმართ, შესაბამისად, ვარ კმაყოფილი და არ ვეწინააღმდეგები მის არსებობას. აი, სიხარული კი განსაკუთრებული განცდა და ემოციაა, აღტაცება და ჩემი აზრით ეს უფრო აქტიური მდგომარეობაა, რაც იწვევს ბედნიერების განცდას ადამიანში.
    პ.ს. ვერაფერს დავიჩემებ, ეს ჩემი ფილოსოფიაა და ამ აზრით – სუბიექტური 🙂

    • ამ კაცის ფილოსოფიაზე რას ფიქრობ? მართლა არ გვინდა ის სინამდვილეში რასაც ვფიქრობთ რომ გვინდა? და რაც გვინდა იმას რომ მივაღწევთ წესით უნდა გაგვაბედნიეროს, მაგრამ ეს ასე არ ხდება….

      • საინტერესოდ მსჯელობს. “სინამდვილეში არ გვინდა ის, რასაც ვფიქრობთ რომ გვინდა” გამოდის იმ შემთხვევაში, როდესაც შედეგად ვიღებთ იმას, რაც “სინამდვილეში გვინდოდა” და მერე აღმოვაჩინეთ, რომ ეს შედეგი აღარ გვაკმაყოფილებს. ანუ მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ ვიცით რაც გვინდა, უბრალოდ მიღწეულით გამოწვეული ბედნიერების განცდა კმაყოფილების განცდაში გადადის, რადგან ჩემთვის ბედნიერება აქტიური პროცესია, სწრაფვაა და რადგან სასურველი შედეგის მიღებით სწრაფვის პროცესი წყდება, ბედნიერების განცდაც წყდება. ჩემი აზრით, რაც გვინდა იმის მიღწევა გვაბედნიერებს, თუმცა ხანმოკლე დროით (ვეჩვევით, ან ჟიჟეკის სტყვებით – ინტერესს ვკარგავთ და ამიტომ) და ვერთვებით სხვა მოვლენაზე და მასში ვეძებთ ბედნიერების წყაროს.

  3. “მესამე, ბედნიერება არსებობს მანამ, სანამ ბედნიერების მომანიჭებელი საგანი თუ მოვლენა ჩვეული გახდება ჩვენთვის”. – შენც იგივე ფილოსოფია გაქვს თითქმის, ანუ ბედნიერება ინტერესია? და სანამ რაგაც საინტერესოა ჩვენთვის ჩვენც ბედნიერები ვართ?

    • მე, ბედნიერების ცნებას მხოლოდ ინტერესამდე არ დავიყვანდი. ზოგადად, პოსტში ნათქვამი რომ გავიმეორო, გვაქვს ბედნიერება, თუ გვაქვს შესაბამისი წყარო. ინტერესი, ცხადია, ერთ-ერთი წყაროა ბედნიერებისა. თავის მხრივ, ინტერესი გამოწვეულია ცნობისმოყვარეობით და თუ გვაქვს ცნობისმოყვარეობა, მაშინ მისი დაკმაყოფილების პროცესი აუცილებლად მოგვანიჭებს ბედნიერებას, ხოლო პროცესის დასრულებისთანავე ბედნიერების განცდაც გაქრება (Chase Is Better Than The Catch). მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ინტერესი ანუ ცნობისმოყვარეობა ერთადერთი წყაროა ბედნიერებისა. სიყვარულიც ხომ გვანიჭებს ბედნიერებას? ბედნიერები ვართ მანამ, სანამ გვიყვარს და სიყვარული არ არის მხოლოდ ინტერესი. ანუ, ბედნიერება დამოკიდებულია მის წყაროზე და თუ ეს წყარო ინტერესია, მაშინ ბედნიერები ვიქნებით ინტერესის დაკარგვამდე, ხოლო თუ ეს სიყვარულია, ის გაგვაბედნიერებს მანან, სანამ გვიყვარს, რადგან სიყვარული პროცესია და მას შედეგი არ აქვს.

  4. ჩემი აზრით ეგ მაგალითი სიყვარულზე არ გამოგვადგება იმიტომ რომ თავისუფლად შეიძლება გააიგივო მაგ კაცის ფილოსოფიასთან. როცა გვიყვარს და “იმას” არ ვუყვარვართ არ ვართ ბედნიერები, შემდეგ თავს ვაყვარებთ და მიზანს ვაღწევთ ნელ-ნელა, ვართ ბედნიერები და შემდეგ როდესაც მიზანი მიღწეულია და “იმას” ვუყვარვართ უკვე, ისევ აღარ ვართ ბედნიერები, ანუ ბედნიერება არის შედეგიანი პროცესი, იმ მიზნის მისაღწევად რომელიც ჩვენ გვგონია რომ გაგვაბედნიერებს. შენ რას ფიქრობ?

    • რატომ გგონია, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენი რჩეულის გულს მოვიგებთ ბედნიერებაც ქრება. ჩემი აზრით, ბედნიერება სიყვარულის შეგრძნებასა და განცდაშია და არა სატრფოს გულის მოგებაში. ეს უკანასკნელი უფრო აზარტი მგონია. ბედნიერები ვიქნებით სიყვარულის ყოველი შეგრძნებისას. თუ დავუშვებთ, რომ სატრფოს გულის მოგება ბედნიერებას გვანიჭებს და შემდეგ ეს ბედნიერება გაქრება, სიყვარულის განცდა მაინც გაგვაბედნიერებს, რადგან სიყვარულის გრძნობა ინტერესის მიღმა ან დამოუკიდებელი მგონია, ანუ ჩვენი ინტერესი იყო სატრფოს გულის მოგება, თუმცა სატრფოს მიმართ განცდილი სიყვარულის გრძნობა ხომ კვლავ გრძელდება და გაგვაბედნიერებს. ამ შემთხვევაში, მე სატრფოს გულის მოგებით განცდილ ბედნიერებას ვაცალკევებ სიყვარულს გრძნობის განცდით გამოწვეული ბედნიერებისაგან.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s