იმანუელ კანტი

იმანუელ კანტი (1724-1804) — გერმანელი ფილოსოფოსი და მეცნიერი, გერმანული კლასიკური იდეალიზმის ფუძემდებელი.  დაიბადა, სწავლობდა და მოღვაწეობდა ქ. კენინსბერგში (ახლანდელი კალინინგრადი), სადაც 1755-70 წლებში იყო უნივერსიტეტის დოცენტი, ხოლო 1770-96 წლებში პროფესორი კანტი „კრიტიკული“ ანუ „ტრანსცენდენტალური“ იდეალიზმის ფუძემდებელია.

ქვემორე სტატია წარმოადგენს იმანუელ კანტის საპასუხო სტატიას ფრანგი ფილოსოფოსის — ბენჟამინ კონსტანისადმი, რომელმაც მანამდე თავის სტატიაში გააკრიტიკა კანტის შეხედულებები.

ტყუილის თქმის შესაძლო უფლებაზე ალტრუისტული მოტივებით

ჟურნალის „საფრანგეთი 1797 წელს“ მეექვსე გამოცემის პირველ ნომერში, პოლიტიკურ წინააღმდეგობათა შესახებ ბენჟამინ კონსტანის სტატიის 123-ე გვერდზე ნათქვამია შემდეგი:

„მორალური პრინციპის, თითქოს სიმართლის თქმა ჩვენი მოვალეობაა — უპირობოდ და განცალკევებულად მიღება, — ნებისმიერი საზოგადოების წარმოქმნას შეუძლებელს გახდიდა. ამის მტკიცებულება ჩვენ გაგვაჩნია მოცემული პრინციპიდან გამომდინარე იმ უშუალო დასკვნებში, რომელიც გააკეთა ერთმა გერმანელმა ფილოსოფოსმა; ის იქამდე მივიდა, რომ ამტკიცებს, თითქოს ტყუილის თქმა ბოროტგანმზრახველის კითხვის პასუხად, ხომ არ დაიმალა ჩვენს სახლში მის მიერ დევნილი ჩვენი მეგობარი, — იქნებოდა დანაშაული“.

ფრანგი ფილოსოფოსი 124-ე გვერდზე უარყოფს ამ დებულებას შემდეგნაირად: „არსებობს სიმართლის თქმის მოვალეობა. მოვალეობის ცნება განუყოფელია უფლების ცნებისაგან. მოვალეობა არის ის, რაც ყოველ ცალკეულ არსებაში შეესაბამება სხვის უფლებას. იქ, სადაც არ არის უფლება, არ არის მოვალეობა. ამგვარად, სიმართლის თქმა არის მოვალეობა, მაგრამ მხოლოდ იმასთან მიმართებაში, ვისაც გააჩნია უფლება სიმართლეზე. მაგრამ არავის აქვს უფლება ისეთ სიმართლეზე, რომელიც ვნებს სხვებს“.

Proton Pseudos[1] აქ მდგომარეობს შემდეგ დებულებაში: სიმართლის თქმა არის მოვალეობა, მაგრამ მხოლოდ იმასთან მიმართებაში, ვისაც გააჩნია უფლება სიმართლეზე.

უპირველეს ყოვლისა საჭიროა აღინიშნოს, რომ გამონათქვამი — „სიმართლეზე უფლების ქონა“ — აბსურდულია. უნდა თქმულიყო, რომ ადამიანს აქვს უფლება თავის საკუთარ გულმართლობაზე (veracitas), ე.ი. სუბიექტურ სიმართლეზე თავად ინდივიდში. ვინაიდან, რაიმე სიმართლეზე უფლების ობიექტურად ქონა — აღნიშნავდა იმის დაშვებას, რომ აქ, როგორც ზოგადად „ჩემი“-ს და „შენი“-ს გამიჯვნისას, ჩვენს ნებაზე იქნებოდა დამოკიდებული წამოყენებული დებულება ჭეშმარიტია თუ მცდარი: ეს კი უცნაური ლოგიკა იქნებოდა.

პირველი კითხვა: აქვს თუ არა ადამიანს უფლება იყოს არაგულწრფელი ისეთ შემთხვევებში, როცა მას არ შეუძლია თავიდან აიცილოს პასუხი „კი“ ან „არა“? მეორე კითხვა: უნდა იცრუოს თუ არა ადამიანმა აზრის გამოთქმისას, რომელსაც მას უსამართლოდ აიძულებენ, რათა თავიდან აიცილოს საფრთხე, რომელიც ემუქრება მას ან სხვას?

გულმართლობა აზრის ისეთ გამოთქმებში, რომლებსაც ვერანაირად გავექცევით, არის ადამიანის ფორმალური მოვალეობა ყველასთან მიმართებაში*, რა დიდი ზიანის მომტანიც არ უნდა იყოს ეს მისთვის ან სხვისთვის; და თუმცა, სიმართლის დამახინჯებით მე არ ჩავიდენ უსამართლობას იმასთან მიმართებაში, ვინც უკანონოდ მაიძულებს ვიყო მოწმე და ვილაპარაკო, მე მაინც, ამგვარი დამახინჯებით, რომელსაც ამისათვის უნდა ეწოდოს სიცრუე (დაე, არა იურიდიული გაგებით), ვარღვევ, ზოგადად, მოვალეობის ყველაზე არსებით ნაწილებს: ე.ი. რამდენადაც ჩემზეა ეს დამოკიდებული, მე მოვიქცევი ისე, რომ აზრის გამოთქმა (ჩვენება) აღარ იყოს სარწმუნო, შესაბამისად, ყველა უფლება, დაფუძნებული ხელშეკრულებებზე, დაინგრეს და დაკარგოს თავისი ძალა; ეს კი არის უსამართლობა, ზოგადად, კაცობრიობასთან მიმართებაში.

ამგვარად, სიცრუის განსაზღვრება, როგორც განზრახ არასწორი ჩვენება სხვა ადამიანის წინააღმდეგ, არ საჭიროებს დამატებით აზრს, თითქოს სიცრუემ უსათუოდ უნდა ავნოს სხვას, როგორც ამას ითხოვენ იურისტები მისი სრული განსაზღვრებისთვის (mendacium est falsiloquium in praejudicium alterius[2]). სიცრუე ყოველთვის მავნებელია ვიღაცისათვის, თუ ცალკეული პირისთვის არა, ზოგადად, კაცობრიობისთვის მაინც, ვინაიდან ის სამართლიანობის წყაროს გამოუსადეგარს ხდის.

თუმცა, ასეთი კეთილმოსურნე ტყუილი, შესაძლებელია, რაიმე შემთხვევითობის (casus) შედეგად დასჯადი გახდეს და ისიც სამოქალაქო სამართლით; ხოლო ის, რაც მხოლოდ შემთხვევითობის წყალობით გაექცა სასჯელს, შესაძლებელია გაკიცხულ იქნას საზოგადოებრივი ნორმებით. მაგალითად, თუ თქვენ თქვენი ტყუილით მკვლელობის განმზრახველს ხელი შეუშალეთ განზრახვის სისრულეში მოყვანაში, მაშინ თქვენ ატარებთ იურიდიულ პასუხისმგებლობას ყველა შესაძლო შედეგზე. მაგრამ, თუ თქვენ დარჩით სრული ჭეშმარიტების ფარგლებში, მაშინ მართლმსაჯულებას აღარაფერი ექნება სათქმელი, როგორი გაუთვალისწინებელი შედეგიც არ უნდა მოჰყვეს თქვენს საქციელს. ხომ შესაძლებელია, რომ ბოროტგანმზრახველის კითხვაზე, სახლში იმყოფება თუ არა ის, ვისი მოკვლაც მან განიზრახა, თქვენ პატიოსნად უპასუხოთ დადებითად, ის კი თქვენგან შეუმჩნევლად გავიდეს სახლიდან და, ამგვარად, არ შეეჩეხოს მკვლელს და ბოროტმოქმედებაც არ იქნას სისრულეში მოყვანილი; თუ თქვენ იცრუეთ და უპასუხეთ, რომ ის არ არის სახლში და ის მართლაც (თუმცა თქვენგან შეუმჩნევლად) გავიდა სახლიდან, ხოლო მკვლელი გადაეყარა მას გზაზე და ჩაიდინა დანაშაული, მაშინ თქვენ სავსებით სამართლიანად, შესაძლებელია, მიეცეთ პასუხისგებაში როგორც დამნაშავე მის სიკვდილში. ვინაიდან, თუ თქვენ ეტყოდით სიმართლეს, რამდენადაც თქვენ ეს იცოდით, შესაძლებელია, რომ სანამ მკვლელი ეძებდა მის მტერს მისსავე სახლში, მანამ მეზობლებს შეეპყროთ ის და ბოროტმოქმედებაც თავიდან იქნებოდა აცილებული. ასე რომ, ის, ვინც ცრუობს, რა კეთილი განზრახვებიც არ უნდა ამოძრავებდეს, პასუხი უნდა აგოს სამოქალაქო სასამართლოს წინაშე და ზღოს ყველა შედეგისათვის, რა გაუთვალსწინებელიც არ უნდა ყოფილიყო ისინი: იმიტომ, რომ გულმართლობა არის მოვალეობა, რომელიც განხილულ უნდა იქნას როგორც საფუძველი ხელშეკრულებაზე დამყარებული ყველა ვალდებულებისა და საკმარისია დავუშვათ უმცირესი გამონაკლისი ამ კანონის შესრულებისას, რათა ის გახდეს მერყევი და უსარგებლო.

ამგვარად, ყოველი ჩვენებისას იყო გულმართალი (პატიოსანი) — ეს არის გონების წმიდათაწმიდა, უპირობო მბრძანებელი და გარეგანი მოთხოვნილებებით შეუზღუდავი მცნება.

ბატონი კონსტანი აკეთებს კეთილგონივრულ და ამასთან ერთად სწორ შენიშვნას ისეთი მკაცრი დებულებების გადამეტებულ ქებაზე, რომლებიც თითქოსდა ჩაკარგულნი არიან განუხორციელებელ იდეათა რიგში და შესაბამისად — მიუღებელნი: „ყოველთვის (ამბობს ის 123-ე გვერდზე), როდესაც დებულება, რომლის ჭეშმარიტება დამტკიცებულია, ჩანს გამოუსადეგარი, ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენთვის უცნობია შუალედური დებულება, რომელიც თავის თავში შეიცავს პირველი დებულების მიღების საშუალებას“. ამის თაობაზე მას მოჰყავს (121-ე გვერდზე) თანასწორობის შესახებ მოძღვრება როგორც პირველი იმ რგოლთაგანი, რომელთაგანაც შედგება საზოგადოებრივი ცხოვრების ჯაჭვი, „თითქოს (122-ე გვერდი) ადამიანს არ შეუძლია დაკავშირებული იყოს რაიმე სხვა კანონებთან, გარდა იმ კანონებისა, რომელთა დადგენაში თავად მიიღო მონაწილეობა. მომცრო, შემჭიდროებულ საზოგადოებაში ეს დებულება შეიძლება მიღებულ იქნას უშუალოდ და არ საჭიროებს რაიმე შუალედურ დებულებას იმისათვის, რათა გახდეს ჩვეული. მაგრამ, საკმაოდ ხალხმრავალ საზოგადოებაში საჭიროა მას მიუერთდეს ახალი დებულება, რომელსაც ჩვენ აქ მოვიყვანთ. ეს შუალედური დებულება იუწყება, რომ ცალკეულ პირებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა კანონის დადგენაში პირადად ან თავიანთი წარმომადგენლის მეშვეობით. ის, ვინც მოისურვებდა პირველი დებულების მიღებას ხალხმრავალ საზოგადოებაში ისე, რომ მხედველობაში არ მიიღებდა შუალედურ დებულებას, უთუოდ მიიყვანდა საზოგადოებას დანგრევამდე. თუმცა, ეს გარემოება, რომელიც კანონმდებლის მხოლოდ უმეცრებასა და მოუხერხებლობას დაადასტურებდა, სრულებით არ უარყოფდა პირველ დებულებას“. 125-ე გვერდზე ის ასკვნის შემდეგი სიტყვებით: „ამგვარად, არასოდეს შეიძლება ჭეშმარიტად მიჩნეული დებულებიდან განდგომა, როგორი აშკარა საფრთხეც არ უნდა გვემუქრებოდეს ამით“. (თუმცა კი, ამ მშვენიერმა ადამიანმა თავად უარყო გულმართლობის უპირობო მოთხოვნა იმ საფრთხის გამო, რომელიც თითქოსდა ემუქრება საზოგადოებას, რადგან მას არ შეეძლო მოეძებნა რაიმე შუალედური დებულება, რომელიც დაიცავდა ამ საფრთხისაგან; აქ, ფაქტიურად, არც შეიძლება რაიმე ასეთი დებულების მითითება.)

ვინარჩუნებთ რა იმავე სახელებს, რომელნიც მოხსენიებულ იქნენ სტატიაში, ვიტყვი, რომ „ფრანგი ფილოსოფოსი“ ერთმანეთში ურევს იმ მოქმედებას, რომლითაც ადამიანი ზიანს აყენებს (nocet) სხვას ამბობს რა სიმართლეს, რომლის თქმას არ შეუძლია გაექცეს და იმ მოქმედებას, რომლითაც ის უსამართლობას (laedit) იჩენს სხვის მიმართ. ეს იყო მხოლოდ წმინდა შემთხვევითობა a priori, რომ ნათქვამის (ჩვენების) ჭეშმარიტებამ ავნო სახლის მცხოვრებს, ეს არ ყოფილა თავისუფალი მოქმედება (იურიდიული გაგებით). ვინაიდან, სხვა პირისაგან ჩვენს სასარგებლოდ ტყუილის თქმის მოთხოვნის უფლებისაგან გამოვიდოდა იმ უფლების განცხადება, რომელიც ეწინააღმდეგება ყველანაირ კანონზომიერებას. პირიქით, ყოველ ადამიანს გააჩნია არა მარტო უფლება, არამედ უმკაცრესი მოვალეობა იყოს გულმართალი აზრის გამოთქმისას (ჩვენებისას), რომლისგანაც თავის დაღწევა შეუძლებელია, თუნდაც ამის განხორციელებამ ზიანი მიაყენოს თავად მას ან ნებისმიერ სხვა ვინმეს. კაცმა რომ თქვას, თავად კი არ აყენებს ზიანს იმას, ვინც ზარალდება მისი ჩვენების გამო, არამედ შემთხვევითობა. ვინაიდან, თავად ადამიანი როდია თავისუფალი არჩევანში, რამდენადაც გულმართლობა (თუ ის ვალდებულია გამოთქვას აზრი) მისი უპირობო მოვალეობაა. ამგვარად, „გერმანელი ფილოსოფოსი“ არ ჩათვლის ძირითადად შემდეგ დებულებას: „სიმართლის თქმა არის მოვალეობა, მაგრამ მხოლოდ იმასთან მიმართებაში, ვისაც გააჩნია უფლება სიმართლეზე“, — ერთი მხრივ, მისი არაზუსტი ფორმულირების გამო, რადგან ჭეშმარიტება არ არის მფლობელობა — უფლება, რომლითაც ეძლევა ერთს და ერთმევა მეორეს, ხოლო მეორე მხრივ, მეტადრე იმიტომ, რომ სიმართლის თქმის მოვალეობა (რაზეც აქ მიმდინარეობს საუბარი) არ ასხვავებს იმ პირებს, რომელთა მიმართებაშიც უნდა შესრულდეს ეს მოვალეობა და აგრეთვე იმ პირებს, რომელთა მიმართებაშიც შეიძლება არ შესრულდეს ეს მოვალეობა; პირიქით, ეს უპირობო მოვალეობაა, რომელსაც გააჩნია ძალა ნებისმიერ ურთიერთდამოკიდებულებაში.

ახლა კი, რათა გადავიდეთ უფლების (გამოცდილების ყოველგვარი პირობებისგან სრულიად განყენებული) მეტაფიზიკიდან პოლიტიკის (რომელიც ურთავს ცნებებს გამოცდილების ფაქტებს) ძირითად დებულებებზე და მისი დახმარებით მივაღწიოთ უფლების ზოგადი პრინციპების შესაბამისად პოლიტიკის ამოცანის გადაწყვეტას, ამისათვის ფილოსოფოსმა უნდა: 1) იპოვოს აქსიომა, ე.ი. აპოდიქტიკურად უტყუარი დებულება, რომელიც გამომდინარეობს უშუალოდ გარეგანი უფლების განსაზღვრებიდან (თითოეულის თავისუფლების თანხმობა ყველა სხვა დანარჩენის თავისუფლებასთან უნივერსალური კანონის მიხედვით); 2) წამოაყენოს გარეგანი საზოგადოებრივი კანონის მოთხოვნა (პოსტულატი), როგორც თანასწორობის პრინციპით ყოველი ადამიანის ნების გამაერთიანებელი, რომლის გარეშეც თავისუფლება არავისთვისაა შესაძლებელი; 3) დასვას პრობლემა იმაზე, თუ როგორ მოვაწყოთ ისე, რომ დიდ საზოგადოებაშიც კი შენარჩუნებულ იქნას თანხმობა თავისუფლებისა და თანასწორობის საფუძველზე (სახელდობრ წარმომადგენლობითი სისტემის მეშვეობით); ეს იქნება პოლიტიკის ძირითადი დებულება და მისი განხორციელება და გამოყენება თავის თავში იგულისხმებს დადგენილებებს, რომელნიც გამომდინარეობენ რა ადამიანის პრაქტიკული ცოდნიდან, მხედველობაში მიიღებენ მხოლოდ სამართლიანი მმართველობის მექანიზმს და მის მიზანშეწონილ მოწყობას. არათუ სამართალი უნდა ეწყობოდეს პოლიტიკას, არამედ პირიქით, პოლიტიკა ყოველთვის უნდა ეწყობოდეს სამართალს.

სტატიის ავტორი ამბობს: „ჭეშმარიტად აღიარებული დებულება (დავამატებ, აღიარებული a priori, შესაბამისად, აპოდიქტიკური) არასოდეს შეიძლება იქნას უარყოფილი, როგორ აშკარადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს მოსალოდნელი საფრთხე“. ოღონდ, აქ საფრთხეში უნდა მოვიაზროთ არა სხვისთვის ზიანის მიყენება (შემთხვევით), არამედ, ზოგადად, უსამართლობის ჩადენა, რაც შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ სიმართლის თქმის მოვალეობას, რომელიც სრულიად უპირობოა და მოწმეთა ჩვენებებში თავად მიიჩნევა უმაღლეს სამართლებრივ პირობად, მე ჩავთვლი პირობითად და სხვა თვალსაზრისისადმი დაქვემდებარებულად. და, თუმცა, მე ამა თუ იმ სიცრუით, ფაქტიურად, არავის ვექცევი უსამართლოდ, მე მაინც ვარღვევ, ზოგადად, სამართლებრივ პრინციპს აუცილებელი და გარდაუვალი მოწმობის მიმართ (ე.ი. ფორმალურად, თუმცა არა მატერიალურად, ჩავდივარ უსამართლობას), ეს კი ბევრად უფრო ცუდია, ვიდრე უსამართლობის ჩადენა ვინმეს მიმართ, ვინაიდან ამგვარი ქცევა ყოველთვის არ გულისხმობს ამასთან შესაბამის პრინციპს სუბიექტში.

ის, ვინც მისთვის დასმულ კითხვას: სურს თუ არა მას იყოს გულმართალი მოწმედ გამოსვლისას, გულისწყრომით არ მიიღებს ამ სიტყვებში გამოთქმული ეჭვის გამო, შესაძლებელია იყოს მატყუარა, ხოლო პირიქით, — ის, ვინც მოითხოვს ნებართვას ჯერ დაფიქრდეს შესაძლო გამონაკლისებზე, უკვე მატყუარაა (in potentia[3]), ვინაიდან ის ამით აჩვენებს, რომ ის კი არ აღიარებს გულმართლობას როგორც თავისთავად მოვალეობას, არამედ თავისთვის იტოვებს გამონაკლისზე უფლებას ამ ზოგადი წესიდან, რომელიც თავისი არსით არ უშვებს რაიმე გამონაკლისს, რადგანაც თავად ეწინააღმდეგება გამონაკლისებს.

სამართლის ყველა პრაქტიკული და საფუძვლად მდებარე პრინციპი უნდა შეიცავდეს უდავო ჭეშმარიტებანს, ხოლო ისინი, რომელთაც აქ ვუწოდეთ შუალედური პრინციპები, შეიძლება შეიცავდნენ წარმოდგენილ შემთხვევათა მიმართებაში ამ ჭეშმარიტებათა დებულებების მხოლოდ მიახლოებულ განსაზღვრებას (პოლიტიკის ნორმების მიხედვით), და არ უნდა დავუშვათ მათგან რაიმე გამონაკლისი, რამდენადაც გამონაკლისები დაანგრევდნენ საყოველთაობის იმ ხასიათს, რომლის გამოც მხოლოდ ამ ჭეშმარიტებებმა მიიღეს ფუძემდებლური პრინციპების სახელწოდება.

——————————————————————————–

[1] ტერმინი ეკუთვნის არისტოტელეს და ეხება სილოგიზმების თეორიას, რომელიც აღწერს კავშირს მცდარ წანამძღვარებსა და მცდარ დანასკვებს შორის: თუ წანამძღვარი არსებითად მცდარია, მაშინ დანასკვიც აუცილებლად მცდარი იქნება.

* აქ მე არ შემიძლია ჩემი დებულება ისეთ სიმწვავემდე მივიყვანო, რომ ვთქვა: „არაგულწრფელობა არის მოვალეობის დარღვევა საკუთარ თავთან მიმართებაში“. ვინაიდან ეს დაკავშირებულია ეთიკასთან, აქ კი საუბარია უფლებრივ მოვალეობაზე. ზნეობრიობაზე მოძღვრება ამ დარღვევაში ხედავს მხოლოდ სიმდაბლეს (ბრალდება, რომელსაც საკუთარ თავზე იწვნევს მატყუარა).

[2] სიცრუე არის არასწორი ჩვენება სხვის საზიანოდ.

[3] პოტენციურად.

۞ ÷ ۞ ÷ ۞

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Immanuel Kant — On a Supposed Right to Tell Lies from Benevolent Motives, 1797. 
  2. Иммануил Кант — О мнимом праве лгать из человеколюбия, 1797.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s