ფრენსის ბეკონი

ფრენსის ბეკონი (1561-1626) — ინგლისელი ფილოსოფოსი, ახალი დროის მატერიალიზმისა და ექსპერიმენტული მეცნიერების ფუძემდებელი. მეფე იაკობ I-ის დროს მიაღწია მაღალ თანამდებობას სახელმწიფოში, გახდა ლორდ-კანცლერი. ბეკონს ეკუთვნის ცნობილი ტრაქტატი „ახალი ორგანონი“ (1620 წ.), რომელშიც განავითარა მეცნიერების ამოცანების ახალი გაგება და მეცნიერული ინდუქციის საფუძვლები. გამოაცხადა, რომ ცოდნა მიზანს მიაღწევს, თუ მეცნიერება შეძლებს გააძლიეროს ადამიანის ბატონობა ბუნებაზე. ამასთან, ბეკონი თვლიდა, რომ ამ მიზნის მიღწევა ძალუძს მხოლოდ იმ მეცნიერებას, რომელსაც შეუძლია მოვლენათა ჭეშმარიტი მიზეზების წვდომა, ამიტომაც იგი გამოდიოდა სქოლასტიკის წინააღმდეგ.

სიკვდილის შესახებ

ხალხს ისე ეშინია სიკვდილის, როგორც პატარა ბავშვებს სიბნელის და როგორც ბავშვებს უძლიერდებათ ეს თანდაყოლილი შიში ზღაპრებით, ზუსტად ასევეა სიკვდილის შიშიც. ცხადია, ფიქრი სიკვდილზე როგორც ცოდვებისათვის სასჯელზე და სხვა სამყაროში გადასვლაზე ღვთისმოშიშურია. მაგრამ, შიში სიკვდილისა როგორც ბუნების გარდაუვალი ხარკისა არის სისუსტე. თუმცა კი, ღვთისმოსაობაში სიკვდილზე ფიქრი გარკვეულწილად ამაოებასა და ცრურწმენაში ირევა. ზოგიერთი ბერმონაზვნის თხზულებებში მოკვდავთა ტანჯვის შესახებ ჩვენ მოგვაგონებენ თუ როგორია ტკივილი, რომელსაც შეიგრძნობს ადამიანი თუნდაც მისი თითის წვერის წვალებისას და როგორი იქნება, შესაბამისად, სიკვდილის ტანჯვა, როცა ინგრევა მთელი სხეული. სხვათა შორის, სიკვდილი ხშირად უფრო ნაკლებად მტანჯველია, ვიდრე სხეულის ერთი ნაწილის დაზიანება, რამდენადაც სიცოცხლისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოები არ არიან ყველაზე მგრძნობიარენი. „Pompa mortis magis terret, quam mors ipsa“[1] — ეს სიტყვები თავის თავში გულისხმობენ როგორც ფილოსოფიურ, ისე ცხოვრებისეულ ჭეშმარიტებას. კვნესა, კრუნჩხვა, ფერმკრთალი სახე, მეგობართა ცრემლები, გლოვა, ძაძები, დაკრძალვა და სხვა — აი, რისგან გარდაიქმნება სიკვდილი საშინელებად.

ყურადღება მიაქციეთ, რომ ადამიანის სულში არ არის ისეთი თუნდაც ყველაზე სუსტი ვნება, რომელიც ვერ დაამარცხებდა სიკვდილის შიშს, შესაბამისად, სიკვდილი არ შეიძლება იყოს ესოდენ საშიში მტერი, რამდენადაც ადამიანს ჰყავს მთელი ლაშქარი, რომელსაც ძალუძს მისი დამარცხება. შურისძიება იმარჯვებს სიკვდილზე, სიყვარულს ეზიზღება ის, დიდება იხმობს მას, მწუხარება მასში ეძებს თავშესაფარს, შიში წინ უსწრებს მას. ხოლო, როდესაც იმპერატორმა ოტონმა თავი მოიკლა, სიბრალულმა — გრძნობათაგან ყველაზე სუსტმა — სიკვდილისკენ უბიძგა მრავალ ადამიანს იმპერატორისადმი თანაგრძნობისა და ერთგულების ნიშნად. აქვე სენეკა უმატებს ახირებულობასა და მოყირჭებას: „Cogita quamdiu eadem feceris; mori velle, non tantum fortis, aut miser, sed etiam fastidiosus potest“[2]. აკი არსებობს სიკვდილისთვის მზადმყოფი ადამიანი, თუმცა არა იმიტომ, რომ მამაცია ან უბედური, არამედ იმიტომ, რომ ერთფეროვნებამ თავი მოაბეზრა. შენიშნეთ ასევე ისიც, თუ რა უმნიშვნელოდ მოქმედებს სიკვდილის მოახლოვება ძლიერ სულებზე, რამდენადაც თითოეული მათგანი ბოლომდე რჩება ისეთი, როგორიც იყო. კეისარი ავგუსტუსი ქათინაურის თქმისას მოკვდა: „Livia, conjugii nostri memor, vive et vale!“[3]; ტიბერიუსი — ფარისევლობისას; როგორც ტაციტუსი ამბობს: „Jam Tiberium vires, et corpus, non dissimulatio, deserebant“[4]; ვესპასიანე — ხუმრობისას, სკამზე მჯდარი: „Ut puto deus fio“[5]; გალბა — სიტყვის წარმოთქმისას, როცა მკვლელს კისერს უშვერდა: „Feri, si ex re sit populi Romani“[6]; სეპტიმუს სევერუსი — ფაციფუცისას: „Adeste, si quid mihi restat agendum“[7] და სხვ.

უდავოა, რომ სტოიკოსები გადაჭარბებულ ყურადღებას უთმობდნენ სიკვდილს და მისთვის განსაკუთრებული მზადებით კიდევ უფრო საშიშს ხდიდნენ მას. მე უფრო მომწონს ის, „qui finem vitae extremum inter munera ponat naturae“[8]. სიკვდილი ისევე ბუნებრივია, როგორც დაბადება; ხოლო ჩვილისთვის, შესაძლოა, პირველი ისევე მტკივნეულია, როგორც მეორე. ის, ვინც განსაკუთრებული საქმისთვის კვდება ფიცხელ ბრძოლაში დაჭრილს ჰგავს, რომელიც დასაწყისში ძლივს გრძნობს ტკივილს. ამიტომაც, ვინც შთანთქმულია კეთილი ზრახვებით, ის ჭეშმარიტად თავისუფალია სიკვდილის ტანჯვისაგან. თუმცა, დამერწმუნეთ, ყველაზე საამურად ჟღერს ჰიმნი „Nunc dimittis“[9], როდესაც ადამიანმა მიაღწია ღირსეულ მიზანს და გაამართლა მოლოდინი. სიკვდილს კიდევ ერთი რამ გააჩნია — ის აღებს დიდების კარს და აცხრობს მოშურნეს: „Extinctus amabitur idem“[10].

——————————————————————————–

[1] „სიკვდილის ატრიბუტები სიკვდილზე უფრო გვაშინებენ“.

[2] „გაიხსენე, რამდენი ხანი აკეთებდი ერთსა და იმავეს; არა მხოლოდ მამაცებსა და უბედურებს სურთ სიკვდილი, არამედ ახირებულებსაც“.

[3] „ლივია, გახსოვდეს თუ როგორ ვცხოვრობდით ერთად, მშვიდობით!“

[4] „ტიბერიუსის სხეული მიატოვეს ფიზიკურმა და სასიცოცხლო ძალებმა, თუმცა ვერა და ვერ მიატოვა ფარისევლობამ“.

[5] „როგორც ჩანს, მე ვხდები ღმერთი“.

[6] „მოკვეთე, თუ რომაელ ხალხს ასე ჭირდება“.

[7] „მომიახლოვდი თუ რამე დამრჩება გასაკეთებელი“.

[8] „ვინც მიიჩნევს სიკვდილს როგორც ბუნების ერთ-ერთ საჩუქარს“.

[9] „აწ განუტევებ“.

[10] „მხოლოდ სიკვდილს ურიგდება შური“.

۞ ÷ ۞ ÷ ۞

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Francis Bacon — Of Death.
  2. Фрэнсис Бэкон — О смерти.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s