ღვთისმეტყველურ-პოლიტიკური ტრაქტატი

۞ ÷ ۞ ÷ ۞

1668 წელს სპინოზამ დაამთავრა „ღვთისმეტყველურ-პოლიტიკური ტრაქტატი“. იან რიუვერტსმა იკისრა ზრუნვა მეგობრისა და მასწავლებლის ახალი თხზულების გამოცემაზე. რიუვერტსის რჩევით გადაწყდა ტრაქტატის ანონიმური გამოცემა. პირველი გამოცემა იბეჭდებოდა ამსტერდამში, ქრისტეფორე კონრადთან — 1670 წელს. წიგნის გარეკანზე აღნიშნული იყო, რომ ის ჰამბურგში, გამოგონილი პირის — ჰენრიხ კიუნრატის სტამბაშია გამოცემული.

ტრაქტატმა გამოიწვია იმ დროისათვის გაუგონარი ინტერესი. რიუვერტსმა მეორეჯერ გამოსცა ის დოქტორ ფრანცისკ კარტოს ქირურგიული ცნობარის სახით, მესამეჯერ — ფრანცისკ ბესსილვიუსის „სამედიცინო წიგნის“ სახით, მეოთხეჯერ — დანიელ ჰაინფლუსის „ისტორიული კრებულის“ სახით.

რიუვერტსის რჩევა სავსებით შეესაბამებოდა სინდისისა და აზრის იმ ფაქტიურ „თავისუფლებას“, რომელიც სუფევდა ბურჟუაზიულ ჰოლანდიაში. ტრაქტატი რომ მათი სახელით გამოსულიყო, ვინც მართლა დაწერა და დაბეჭდა, ისინი საპყრობილეში აღმოჩნდებოდნენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა. მეცნიერებისა და ფილოსოფიის მტრები — ორანჟისტები და კალვინისტები — ბოლოს მოუღებდნენ ავტორსაც, გამომცემელსაც და წიგნსაც. გამოვიდა თუ არა „ღვთისმეტყველურ-პოლიტიკური ტრაქტატი“, მათ იმწამსვე გაილაშქრეს მის წინააღმდეგ. დეპუტატმა ჰოლბეკმა წიგნის შესახებ სინოდს აუწყა: „ღვთისმეტყველურ-პოლიტიკური ტრაქტატი“ იმდენად მავნე და ღვთისმგმობელია, რომ ჩვენი ცნობების თანახმად ჯერ არავინ მოსწრებია მის მსგავს წიგნს“.

ვილჰელმ ჰენრიხმა, ორანისა და ნასაუს პრინცმა, გამოაქვეყნა ბრძანება, რომელშიც ნათქვამი იყო: „ვინაიდან ჩვენამდე მოაღწია ხმამ, რომ ერთი ხანია იბეჭდება მავნე თხზულებები, რომ ისინი ყოველდღიურად ვრცელდება და იყიდება — ასეთი წიგნებია „ლევიათანი“ და „ღვთისმეტყველურ-პოლიტიკური ტრაქტატი“ — და ვინაიდან მათი შინაარსის განხილვის შემდეგ ჩვენ ვამჩნევთ, რომ წიგნები არა მარტო ძირს სცემენ ჭეშმარიტი ქრისტიანული რეფორმირებული რელიგიის მოძღრებას, არამედ უხვად შეიცავენ ღვთის გმობას. ილაშქრებენ ღვთის თვისებების, სათაყვანო სამებისა და იესო ქრისტეს ღვთაებრიობის წინააღმდეგ, ისწრაფვიან დაამცირონ საღვთო წერილის ავტორიტეტი და ეჭვი ჩაუნერგონ სუსტ, არასაკმაოდ მტკიცე გონების მქონე ადამიანებს, მავნე შრომები რომ აღიკვეთოს და შეძლებისდაგვარად ხელი შეეშალოს ამ სახით ადამიანთა ცდუნებაში შეყვანას, ჩვენს მოვალეობად ვაღიარებთ მსჯავრი დავდოთ დასახელებულ წიგნებს და გამოვაცხადოთ ისინი ღვთისმგომობელ და სულისწამწყმედ წიგნებად, რომელნიც აღსავსენი არიან რელიგიისა და სარწმუნოებისთვის მავნე, უსაფუძვლო და სახიფათო შეხედულებებითა და ათასი სხვა საშინელებით. შესაბამისად ამისა, ჩვენ სათანადო სასჯელის მუქარით ვუკრძალავთ ყველას თითოეული ამ წიგნისა და სხვა მათი მსგავსი წიგნების ბეჭდვას, გავრცელებასა და გაყიდვას აუქციონებზე თუ სხვა ადგილებში“.

პოლიტიკური და სულიერი ბრძოლის ისეთი პირდაპირი და უშუალო იარაღი, როგორიცაა „ღვთისმეტყველურ-პოლიტიკური ტრაქტატი“, ამ წიგნის გამოსვლამდე არავის ენახა. ორი წლის განმავლობაში გამოიცა ოთხჯერ. მას თარგმნიდნენ მეცნიერებისათვის მისაწვდომი (ლათინური) ენიდან ფართო ხალხური მასების ცოცხალ ენებზე.

ღმერთისა და საღვთო წერილის სპინოზასეული კრიტიკის წინააღმდეგ გაილაშქრეს ოფიციალური მეცნიერების პროფესორებმა. იოან გრევიუსი, ლეიდენისა და უტრეხტის უნივერსიტეტის პროფესორი, 1671 წლის 12 აპრილს სწერდა ლაიბნიცს: „შარშან გამოვიდა წიგნი სათაურით „ღვთისმეტყველურ-პოლიტიკური ტრაქტატი“, რომელიც განამტკიცებს ბუნების უბილწეს ბატონობას, არყევს საღვთო წერილის ავტორიტეტს და ფართოდ უღებს კარს უღმერთობას. ამბობენ, ამ წიგნის ავტორი ებრაელია, სახელად სპინოზა, რომელიც დიდი ხანია განკვეთილია სინაგოგისგან საზარელი შეხედულებების გამო, ხოლო წიგნი იმავე მიზნით მჯავრდადებულია ხელისუფლების მიერ“.

„მე ვიცავ სამყაროს ჰარმონიისა და ერთიანობის პრინციპს. ბუნება არის შემქმნელი საწყისი და ერთადერთი რეალური ძალა ყოველივე იმისა, რაც არსებობს. არავითარი საფუძველი არა გვაქვს მივაწეროთ ბუნებას შეზღუდული ძლიერება და ძალა და ვამტკიცოთ, რომ მისი კანონები შეფარდებულია მზოლოდ ზოგიერთ სფეროსთან და არა ყოველივე არსებულთან“.

„ღმერთი, — ვამბობ მე, — მხოლოდ ბრბოს წარმოდგენათა მიხედვით და მხოლოდ აზროვნების დეფექტის შედეგად გამოისახება როგორც კანონმდებელი და მბრძანებელი, მხოლოდ ამის გამო უწოდებენ სამართლიანს, მოწყალეს და სხვა ასეთებს“.

„ბიბლია სრულიადაც არ შეიძლება იყოს ღვთის შთანაგონი სიტყვა. ის გარკვეული ეპოქის ადამიანთა ქმნილებაა და გარკვეული წარმოდგენების შედეგი. გაღმერთებულია იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ბუნების კანონზომიერ მოვლენებს ზებუნებრივი ძალების ჩარევა მიეწერება, სახელდობრ — ბრბოს უმეცრებით“.

სპინოზას თქმით მხოლოდ უმეცრება და ცრუმორწმუნეობა თვლის ბიბლიას ღვთის შთანაგონ წიგნად. ბიბლია ჩვეულებრივი ადამიანური დოკუმენტია, რომელიც გონივრულ განხილვას მოითხოვს.

„ყველაფერი, რაც ბიბლიის დროის ადამიანებისთვის გაუგებარი იყო, რაც მათ არაჩვეულებრივად ეჩვენებოდათ, მათ წარმოდგენაში ღვთაებრივი ხდებოდა. ასე, მაგალითად, ჭექა-ქუხილს საღვთო წერილში უწოდებენ „ღვთიურ ლანძღვა-გინებას“, ელვა-მეხს — „ღვთიურ ისრებს“, უმაღლეს მთებს — „ღვთიურ მთებს“.

„ბიბლია გვასწავლის, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი თავისი სახისა და მსგავსების მიხედვით. როცა ღრმად ჩაწვდები საღვთო წერილის სიტყვებს, საწინაღმდეგო დასკვნა გამოგაქვს. სახელდობრ, თვით ღმერთია შექმნილი ადამიანის სახისა და მსგავსების მიხედვით. ღმერთის სახე ბიბლიაში, მისი ქცევა და მოქმედებანი სავსებით დამოკიდებულია იმის წარმოდგენაზე, წარმოსახვაზე და აღზრდაზე, ვინც მისი სახელით წინასწარმეტყველებს. როგორიც არის თვით წინასწარმეტყველი, ისეთივეა მის ნათქვამებში ღმერთიც“.

„ბიბლიის წინასწარმეტყველები უმეცარი ადამიანები არიან, მათ გააჩნდათ წარმოსახვის ნიჭი და არა ბუნების განვთარების ნამდვილი მიზეზების და ობიექტური კანონების შემეცნების უნარი. ამიტომ მათი მოძღვრება ეწინააღმდეგება გონებას და არაფერი აქვს საერთო მეცნიერებასთან“.

„ბიბლიის ღმერთი ბნელ და გაუნათლებელ ადამიანთა ფანტაზიის ნაყოფია, ისეთი ადამიანების ფანტაზიისა, რომელთაც არა აქვთ უნარი გონივრულად შეისწავლონ ბუნების ძლიერება და კანონები“.

„ბიბლია, მთელი მისი აგებულება და საბუთები, მითები, ლეგენდები, თქმულებანი და იგავები ჩამოყალიბდა ძველ დროში, როცა ადამიანებს არ გააჩნდათ ბუნების მოვლენათა ახსნის, მათი კანონზომიერების დადგენის უნარი“.

„ბიბლია ძალიან ხშირად მოგვითხრობს სასწაულებზე, რომელთაც უნდა დამტკიცონ როგორც ღვთაების რეალობა, ისე ბიბლიის ღვთაებრიობაც. მაგრამ სასწაული, — ამაზე მე მაქვს მსჯელობა ტრაქტატის მეექვსე თავში, — უმეცარ ადამიანთა ფანტაზიის ნაყოფია. მაგალითად, საღვთო წერილში (იესო ნავეს წიგნი, თავი მეათე) მოთხრობილია, თუ როგორ შეაჩერა იესო ნავემ ცოტა ხნით მზე. რას გვეუბნება ეს ზღაპარი? იმას, რომ მის ავტორს არავითარი წარმოდგენა არა ჰქონია ასტრონომიაზე და თავისი უმეცრების გამო სწამდა, რომ მზე დედამიწის გარშემო ტრიალებს“.

„ბუნების კანონები, ურღვევი მიზეზობრივი კავშირები, რითაც გამსჭვალულია სამყაროს ყველა მოვლენა, სავსებით გამორიცხავენ ზებუნებრივს. ამიტომ სასწაული, იქნება ის ბუნებრივის საწინააღმდეგო თუ ზებუნებრივი არის წმინდა წყლის აბსურდი; როცა თეოლოგები მიმართავენ ღმერთს და მის სასწაულმოქმედებას, მათ გონების მეშვეობით კი არ უნდათ ადამიანთა დაჯერება, არამედ ცდილობენ შეეხონ მის ფანტაზიასა და წარმოსახვას და მოხიბლონ ისინი. მაგრამ რაც ბუნებას ეწინააღმდეგება, ეწინააღმდეგება გონებასაც; ხოლო რაც გონებას ეწინააღმდეგება, უაზრობაა და ამიტომ უკუგდებული უნდა იყოს. ჭეშმარიტი მეცნიერება შეიცნობს ბუნების რეალური მოვლენების ნამდვილ მიზეზებს და კატეგორიულად უკუაგდებს წინასწარმეტყველებასა და სასწაულებს — ამ ღვთისმეტყველურ ბოდვას და უმეცართა გამონაგონს“.

„საღვთო წერილი თავისი ურთიერთსაწინააღმდეგო და ბნელი მოთხრობებით მორჩილების გარდა არაფერს მოითხოვს ადამიანისაგან, ჰკიცხავს მხოლოდ ურჩობას და არა უცოდინარობას“.

„მხოლოდ ღვთისმეტყველურ ცრურწმენას შეეძლო გადაექცია ბიბლია, — მითების, ზღაპრების, ლეგენდების, მოჭორილ წინასწარმეტყველბათა და სასწაულებისაგან შედგენილი მწერლობის ეს ძველი ძეგლი, — საღვთო წერილად, ღვთის შთანაგონ სიტყვად“.

„ბიბლიის ისტორიასთან დაკავშირებული ის მცირეოდენიც, რაც მემკვიდრეებმა მიიღეს ან იპოვეს, მათ გადასცეს თავიანთ მემკვიდრეებს დამახინჯებით, ყოველგვარი შესწორებებითა და დამატებებით. ამ უბედურებას ემატება ჩვენი ცრუმორწმუნეობა, რომელიც მოითხოვს ადამიანებისაგან ზიზღს გონებისა თუ ბუნებისადმი და მოწიწებასა და გაოცებას ყოველივე იმის მიმართ, რაც მათ ეწინააღმდეგება. ამიტომ არ არის გასაკვირი, თუ საღვთო წერილის ავტორიტეტის ასამაღლებლად ადამიანები ერთიმეორეზე უფრო უაზრო განმარტებებს ეძებენ. მათ ელანდებათ, რომ საღვთო წერილში იმალება დიდი საიდუმლოებანი“.

პირველი დებულება: საჭიროა გამოირკვეს ბუნება და პრინციპები იმ ენისა, რომელზედაც დაწერილია ესა თუ ის წიგნი და რაკი როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმის ყველა მწერალი ებრაელი იყო, ბიბლიის წიგნთა გასაგებად უეჭველად საჭიროა პირველ რიგში ებრაული ენის ისტორიის ცოდნა. ამ მიზნით მე შევადგინე ძველი ებრაული ენის გრამატიკა.
მეორე დებულება: საჭიროა გამოიძებნოს ის არსებითი ლიტერატურული თავისებურებანი, რომელნიც ბიბლიის წიგნებს აერთიანებენ და ქმნიან ერთ მთლიან ლიტერატურულ ძეგლს.
მესამე დებულება: უნდა გამოირკვეს ის გარემოებანი, რომელნიც თან სდევდნენ წინასწარმეტყველთა ამა თუ იმ წიგნის შექმნას. სახელდობრ: უნდა ვიცოდეთ ბიბლიის შემადგენლობაში შემავალი თითოეული წიგნის ავტორის ცხოვრება, ხასიათი და საქმიანობა. ბოლოს, უნდა დავინტერესდეთ თითოეული წიგნის ბედით: მისი თავდაპირველი ტექსტით, უნდა გავიგოთ, ვის ხელში ჩავარდა და რამდენი სხვადასხვაგვარი წაკითხვა არსებობდა, ვისი გადაწყვეტილებით იყო შეტანილი „წმინდა“ წიგნთა რიცხვში“.

„საღვთო წერილის ისტორია რომ გავარკვიოთ, უნდა დავიწყოთ რიგის მიხედვით, – ცრურწმენით „საღვთო“ წიგნების ნამდვილი ავტორების და, უწინარეს ყოვლისა, ხუთწიგნეულის (პირველი ხუთი წიგნის) ავტორის შესახებ. ამ ავტორად ყველა ღვთისმეტყველი აღიარებს მოსეს. მე ვამბობ: 1) ხუთწიგნეულში მოსე იხსენიება ყოველთვის მესამე პირში; 2) ხუთწიგნეული მოგვითხრობს მოსეს სიკვდილზე; 3) ხუთწიგნეული შეიცავს მოთხრობებს ისეთ ამბებზე, რომელნიც მოსეს შემდეგ მოხდა. რომელ ადამიანს შეუძლია წეროს თავის თავზე მესამე პირში, აღწეროს თავისი საკუთარი სიკვდილი, აღწეროს როგორ შეხვდა ხალხი მის სიკვდილს, ან მოგვითხროს მისი სიკვდილის შემდეგ მომხდარი ამბები? განა ნათელი არ არის, რომ ამაზე ვიღაც სხვა წერს? დღესავით ნათელია, რომ ხუთწიგნეული დაწერილია არა მოსეს, არამედ ვიღაც სხვის მიერ, რომელიც მოსეზე რამდენიმე საუკუნით გვიან ცხოვრობდა. თუ ყურადღებას მივაქცევთ ხუთწიგნეულსა და იესო ნავეს წიგნის ურთიერკავშირსა და შინაარს, ადვილად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ყველა ისინი შედგენილი იყო ერთი და იმავე ისტორიკოსის მიერ, რომელსაც ებრაელების სიძველეთა აღწერა სურდა. მე ვამტკიცებ, რომ ისინი შედგენილია მწიგნობარ ეზდრას მიერ, რომელიც ცხოვრობდა მეხუთე საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე. მიაქციეთ ყურადღება: მე ვამბობ „შეადგინა“ და არა „დაწერა“, ე.ი. ეზდრამ მოაგროვა ძველი ხელნაწერები, ქრონიკები, ჟამთა აღწერილობანი და საფუძვლად დაუდო ხუთწიგნეულსა და იესო ნავეს წიგნს“.

„სწორედ თეოლოგიურ ცრურწმენათა თავიდან მოშორება შეადგენს ჩემი შრომის ძირითად ამოცანას. ოღონდ ვშიშობ, ხომ არ დავაგვიანე ამ ამოცანის შესრულება?“

ცდა წარმატებით დასრულდა. სპინოზამ მნიშვნელოვან და სწორ დასკვნებს მიაღწია: საღვთო წერილი დაწერილია არა ერთადერთი ადამიანის მიერ და არა რომელიმე ერთი ეპოქის ხალხისათვის, არამედ ბევრი განხვავებული ნიჭის ადამიანის მიერ, რომელნიც სხვადასხვა საუკუნეებში ცხოვრობდნენ. თუ ჩვენ მოვისურვებდით გამოგვეანგარიშა დრო, რომელსაც მოიცავს საღვთო წერილი, მივიღებდით ორი ათას წელს და შესაძლებელია გაცილებით მეტსაც.

სპინოზა სამართლიანად ითვლება ბიბლიის მეცნიერული კრიტიკის ფუძემდებლად.

რა შედეგები მოგვცა ამ კრიტიკამ? როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმა არის ისტორიული, ადამიანური საბუთები. ძველი აღთქმა წარმოადგენს უძველესი ებრაული მწერლობის ძეგლების შემდგომ გადამუშავებას ისტორიკოსების მიერ, ამიტომ მასში მიუხედავად თეოლოგიების ათასნაირი ახსნისა, მეტად ძლიერია შინაგანი წინააღმდეგობანი. ე.წ. ათი მცნება, რომელიც თითქოს ღმერთმა გადასცა თავის ამორჩეულ საზოგადოებას მოსეს მეშვეობით, სხვა არაფერს წარმოადგენს, ვიდრე უძველეს ებრაელთა სახელმწიფო კანონების ნაწილობრივ და აბსტრაქტულ გამოხატულებას. თვით მოსე არ ყოფილა არავითარი წინასწარმეტყველი — ის იყო სახელმწიფო პირი და სჯულმდებელი. რაც შეეხება ე.წ. ახალ აღთქმას, ისიც ისტორიული დოკუმენტია, მოციქულები იყვნენ პოლიტიკური მოღვაწენი, რომლებიც განსაზღვრულ პრაქტიკულ-პოლიტიკური მიზნებისათვის ეწეოდნენ სათანადო პროპაგანდას. რაც შეეხება სასწაულებს — ისინი შეუძლებელნი არიან, რამდენადაც ყველგან ბატონობს აუცილებლობა და მექანიკურ-მიზეზობრივი კავშირი. ამიტომ სასწაულები, რომელნიც აღწერილნი არიან როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში, დამახინჯებულად გამოხატავენ ისეთ მოვლენებს, რომელნიც მართლა იწვევდნენ ძველი ხალხების გაკვირვებას, რადგან მათ არ იცოდნენ მისი შინაარსი და გამომწვევი მიზეზები.

„ქვეშევრდომი უნდა იყოს მოქალაქე და არა ყურმოჭრილი მონა, რომ შესაძლებელი იყოს ადამიანებს ისე წაართვათ მათი ბუნებრივი უფლებანი, რომ მომავალში ვერავინ ვერაფერი მოიმოქმედოს იმათი სურვილების წინააღმდეგ, ვინც სათავეში მოხვედრილა და უმაღლესი უფლება ხელთ აუღია, მაშინ შესაძლებელი იქნება ქვეშევრდომებზე უსასტიკესი და უმკაცრესი ბატონობა და ამისათვის პასუხს არავინ არ აგებდა“.

„ადამიანები ისე უნდა იქცეოდნენ, რომ თავისუფლად და საქვეყნოდ აღიარებდნენ სხვადასხვა საწინააღმდეგო აზრებს, მაგრამ მაინც ერთსულოვნად ცხოვრობდნენ“.

۞ ÷ ۞ ÷ ۞

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Бенедикт Спиноза — Избранные произведения, том II, 1957 
  2. ბელენკი მ. — სპინოზა, 1966 წ.
  3. გოგიბერიძე მ. — სპინოზა, 1927 წ.
  4. შარია პ. — სპინოზას ფილოსოფიისათვის, 1933 წ.

3 comments on “ღვთისმეტყველურ-პოლიტიკური ტრაქტატი

  1. ასეთი რაღაცის დაწერისთვის დღეს ვერ აცდება ადამიანი მორწმუნეების რისხვას, მაშინ რა იქნებოდა, წარმომიდგენია 😀

    ისე მოსეს წიგნებს რაც შეეხება, დაბადების პირველსა და მეორე თავში აღწერილი სამყაროს შექმნის პროცესები განსხვავდება და წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან. არის ვერსია, რომ ერთ თავში ერთი ებრაული მითოლოგიაა და მეორეში – მეორე

    • აბა რა, ამიტომაც იყო, რომ სპინოზას თითქმის ყველა ტრაქტატი ანონიმურად ან მისი სიკვდილის შემდგომ გამოქვეყნდა 😀

      კი, წინააღმდეგობები უხვადაა, თუმცა როგორც ყოველთვის, ან თვალს ხუჭავენ, ან კიდე სხვანაირად განმარტავენ.

  2. ბოლო აბზაცია ძაან საინტერესო , მთელ ზემოტთ ნასაუბრებს ხაზს უსვავა…

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s