ბერტრან რასელი (1872-1970) — ინგლისელი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მათემატიკოსი, საზოგადოებრივი მოღვაწე. რასელმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე მათემატიკური ლოგიკის განვითარებაში. რასელი ფიქრობს, რომ ფილოსოფია თავის პრობლემებს ბუნებისმეტყველებიდან იღებს, მისი ამოცანაა ბუნებისმეტყველების პრინციპებისა და ცნებების ანალიზი და ახსნა, ფილოსოფიის არსს შეადგენს ლოგიკა, ლოგიკური ანალიზი. რასელი ინგლისური ნეორეალიზმისა და ნეოპოზიტივიზმის ფუძემდებელია. იგი იყო რელიგიის მოწინააღმდეგე და იცავდა ათეისტურ შეხედულებებს. გამოდიოდა ფაშიზმის წინააღმდეგ და იღწვოდა მშვიდობიანი თანაარსებობისთვის.
ვინ არის აგნოსტიკოსი?
ვინ არის აგნოსტიკოსი?
აგნოსტიკოსი შეუძლებლად მიიჩნევს ჭეშმარიტების შეცნობას ღმერთის არსებობისა და მარადიული ცხოვრების საკითხებში, რომლებთანაც დაკავშირებულია ქრისტიანობა და სხვა რელიგიები. ან, თუ ზოგადად შეუძლებლად არა, ყოველ შემთხვევაში, ამჟამად მაინც.
ითვლებიან თუ არა აგნოსტიკოსები ათეისტებად?
არა. ათეისტი, ქრისტიანის მსგავსად, მიიჩნევს, რომ შესაძლებელია შეიცნო არსებობს თუ არა ღმერთი. ქრისტიანის აზრით, ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი არსებობს; ათეისტის აზრით, ღმერთი არ არსებობს. აგნოსტიკოსი თავს იკავებს აზრის გამოთქმისაგან, ამბობს რა, რომ არ არსებობს საკმარისი საფუძველი არც მტკიცებისა და არც უარყოფისათვის. ამავე დროს, აგნოსტიკოსი შეიძლება მიიჩნევდეს, რომ ღმერთის არსებობა არა შეუძლებელი, მაგრამ ძნელად დასაჯერებელია; მან შეიძლება ჩათვალოს კიდეც ეს არსებობა იმ დონეზე დაუჯერებლად, რომ მას არ უღირდეს ამის განხილვა პრაქტიკაში. ასეთ შემთხვევაში, ის არცთუ ისე შორსაა ათეიზმისგან. მისი პოზიცია შესაძლოა გვაგონებდეს ფილოსოფოსის ფრთხილ დამოკიდებულებას ძველ ბერძენთა ღმერთებისადმი. თუ მე მთხოვდნენ დამემტკიცებინა, რომ ზევსი, პოსეიდონი, ჰერა და სხვა ოლიმპოელები არ არსებობენ, ჩემთვის რთული აღმოჩნდებოდა დამაჯერებელი არგუმენტების მოძიება. აგნოსტიკოსი ქრისტიანული ღმერთის არსებობას შეიძლება მიიჩნევდეს იმდენად დაუჯერებლად, რამდენადაც ოლიმპოელი ღმერთების არსებობას; ამ შემთხვევაში ის პრაქტიკულად დგება ათეისტის პოზიციაზე. სრული ტექსტი