მილან ენგელ უმცროსი

engel-mylan-07

მილან ენგელ უმცროსი (დაბ. 1960) — მილან ენგელ უმცროსი ასწავლის ფილოსოფიას ჩრდილოეთ ილინოისის უნივერსიტეტში. მას გამოცემული აქვს რამდენიმე სტატია ეპისტემოლოგიაში, რელიგიის ფილოსოფიასა და მეტაფიზიკაში. მისი ამჟამინდელი კვლევა ეხება ადამიანის ვალდებულებებს ცხოველებთან (nonhuman animals) მიმართებაში. წინამდებარე სტატიაში, პროფ. ენგელი ავითარებს ხორცის ჭამის ამორალურობის არგუმენტს. ვეგეტარიანიზმის სხვა ეთიკური არგუმენტებისაგან განსხვავებით, შემოთავაზებული არგუმენტი არ ეფუძნება სპეცისიზმის მცდარობას, ის არც თქვენს შეხედულებაზეა დამოკიდებული, რომლის მიხედვითაც ყველა ცხოველი თანასწორია ან ყველა ცხოველს გააჩნია სიცოცხლის უფლება, ის არც იმ ზოგიერთ ფრიად საკამათო მეტაეთიკურ თეორიას ეფუძნება, რომელსაც თქვენ უარყოფთ, არამედ ის ეფუძნება თქვენს რწმენებს (beliefs). მარტივად რომ ვთქვათ, არგუმენტი აჩვენებს, რომ თქვენივე რწმენების გათვალისწინებით, თქვენ შორის ისიც კი, ვინც მტკიცედ აღიარებს ადამიანის აღმატებულ ღირებულებას ცხოველებთან შედარებით, ამისდა მიუხედავად აღიარებს ხორცის ჭამის ამორალურობას.

ხორცის ჭამის ამორალურობა

ვეგეტარიანიზმის მორალური ვალდებულების არგუმენტთა უმეტესობა ორიდან ერთ-ერთ ფორმას იღებს. ისინი ან პიტერ სინგერის მითითებასა და მოთხოვნას იზიარებენ, რომლის მიხედვითაც ყველა ცხოველი თანასწორია უტილიტარიანული მოსაზრებით ან ტომ რეგანის დეონტოლოგიურ, უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას იზიარებენ და ამტკიცებენ, რომ იმ ცხოველთა უმეტესობას, რომლითაც ჩვენ რეგულარულად ვიკვებებით, გააჩნია უფლების ზუსტად იგივე მიმნიჭებელი მახასიათებლები, რომლებიც ანიჭებენ უფლებებს ადამიანებს. მაშინ, როცა ზემოხსენებული არგუმენტები დამაჯერებელი აღმოჩნდა მრავალი ადამიანისათვის, რათა შეეცვალათ თავიანთი კვების წესი, ფილოსოფოსთა უმეტესობამ ისინი უბრალოდ უგულებელჰყო. პირადი გამოცდილების მიხედვით, როდესაც ხორცის მოყვარული ფილოსოფოსები უპირისპირდებიან ამ არგუმენტებს, ისინი ხშირად უარყოფენ მათ შემდეგნაირად:

სინგერის რჩეული უტილიტარიანიზმი გამოუსწორებლად ნაკლოვანია ისევე, როგორც რეგანის მორალური უფლებების თეორია. სანამ სინგერისა და რეგანის არგუმენტები ვეგეტარიანიზმის სასარგებლოდ ეფუძნება ხარვეზიან ეთიკურ თეორიებს, მანამ მათი არგუმენტები იქნება ასევე ხარვეზის შემცველი. სანამ ვინმე წარმომიდგენს ნათელ მორალურ მიზეზს ხორცის არჭამისთვის, მანამ გავაგრძელებ ხორცის ჭამას.

ასეთი პასუხის პირად ინტერესებზე მორგებული სოფისტიკა ერთი შეხედვითაც აშკარაა. რამდენადაც დღემდე არსებული არც ერთი ეთიკური თეორია არ არის შეუვალი შედავების მიმართ, ამდენად სრულიად შესაძლებელია ჩამოყალიბდეს მსგავსი პასუხი რათა „გავამართლოთ“ ან გონივრული ახსნა მოვუძებნოთ ფაქტობრივად ნებისმიერ ქცევას. გაუპატიურება შესაძლებელია „გამართლდეს“ შემდეგნაირად: გაუპატიურების მოწინააღმდეგემ შესაძლოა მიმართოს უტილიტარიანულ, კანტიანურ ან კონტრაქტარიანულ თვალსაზრისს, რათა განსაზღვროს გაუპატიურების ამორალურობა. ჩვენმა ფიქციურმა გაუპატიურების მოყვარულმა ფილოსოფოსმა შეიძლება განაცხადოს, რომ ყველა ეს ეთიკური თეორია არის ნაკლოვანი და ifso facto გაუპატიურების საწინააღმდეგო ყველა არგუმენტი არის ასევე ხარვეზის შემცველი. ჩვენმა გაუპატიურების მომხრემ შესაძლოა დაასკვნას: სანამ ვინმე წარმომიდგენს ნათელ მორალურ მიზეზს გაუპატიურების არჩადენისთვის, მანამ გავაგრძელებ გაუპატიურებას.
გაუპატიურების ამგვარი „გამართლების“ მოჩვენებითობა აშკარაა. არავინ, ვინც კი მიიღებს მხედველობაში გაუპატიურების სისასტიკეს, დაფიქრდება იმაზე, რომ გაუპატიურება რამდენადმე გამართლებულია/დასაშვებია მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა ამჟამინდელი ეთიკური თეორია ხარვეზიანია. მაგრამ ასეთი ზედაპირული მსჯელობა გამოიყენება ყოველთვის, რათა „გაამართლონ“ შემზარავ პირობებში ცხოველთა მოშენება, დამწყვდევა, ტრანსპორტირება, დასახიჩრება, მკვლელობა და საკვებად გამოყენება. ჩემი მიზანია უკუვაგდო და შევაფერხო ასეთი ყალბი პასუხი ხორცის ჭამის ამორალურობის ისეთი არგუმენტის წარმოდგენით, რომელიც არ ეყრდნობა რომელიმე ცალკეულ ეთიკურ მიდგომას, არამედ ის დაფუძნებულია იმ რწმენებზე, რომლებიც თქვენ უკვე გაგაჩნიათ. სრული ტექსტი