ფრენსის ბეკონი (1561-1626) — ინგლისელი ფილოსოფოსი, ახალი დროის მატერიალიზმისა და ექსპერიმენტული მეცნიერების ფუძემდებელი. მეფე იაკობ I-ის დროს მიაღწია მაღალ თანამდებობას სახელმწიფოში, გახდა ლორდ-კანცლერი. ბეკონს ეკუთვნის ცნობილი ტრაქტატი „ახალი ორგანონი“ (1620 წ.), რომელშიც განავითარა მეცნიერების ამოცანების ახალი გაგება და მეცნიერული ინდუქციის საფუძვლები. გამოაცხადა, რომ ცოდნა მიზანს მიაღწევს, თუ მეცნიერება შეძლებს გააძლიეროს ადამიანის ბატონობა ბუნებაზე. ამასთან, ბეკონი თვლიდა, რომ ამ მიზნის მიღწევა ძალუძს მხოლოდ იმ მეცნიერებას, რომელსაც შეუძლია მოვლენათა ჭეშმარიტი მიზეზების წვდომა, ამიტომაც იგი გამოდიოდა სქოლასტიკის წინააღმდეგ.
სიკვდილის შესახებ
ხალხს ისე ეშინია სიკვდილის, როგორც პატარა ბავშვებს სიბნელის და როგორც ბავშვებს უძლიერდებათ ეს თანდაყოლილი შიში ზღაპრებით, ზუსტად ასევეა სიკვდილის შიშიც. ცხადია, ფიქრი სიკვდილზე როგორც ცოდვებისათვის სასჯელზე და სხვა სამყაროში გადასვლაზე ღვთისმოშიშურია. მაგრამ, შიში სიკვდილისა როგორც ბუნების გარდაუვალი ხარკისა არის სისუსტე. თუმცა კი, ღვთისმოსაობაში სიკვდილზე ფიქრი გარკვეულწილად ამაოებასა და ცრურწმენაში ირევა. ზოგიერთი ბერმონაზვნის თხზულებებში მოკვდავთა ტანჯვის შესახებ ჩვენ მოგვაგონებენ თუ როგორია ტკივილი, რომელსაც შეიგრძნობს ადამიანი თუნდაც მისი თითის წვერის წვალებისას და როგორი იქნება, შესაბამისად, სიკვდილის ტანჯვა, როცა ინგრევა მთელი სხეული. სხვათა შორის, სიკვდილი ხშირად უფრო ნაკლებად მტანჯველია, ვიდრე სხეულის ერთი ნაწილის დაზიანება, რამდენადაც სიცოცხლისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოები არ არიან ყველაზე მგრძნობიარენი. „Pompa mortis magis terret, quam mors ipsa“[1] — ეს სიტყვები თავის თავში გულისხმობენ როგორც ფილოსოფიურ, ისე ცხოვრებისეულ ჭეშმარიტებას. კვნესა, კრუნჩხვა, ფერმკრთალი სახე, მეგობართა ცრემლები, გლოვა, ძაძები, დაკრძალვა და სხვა — აი, რისგან გარდაიქმნება სიკვდილი საშინელებად. სრული ტექსტი