۞ ÷ ۞ ÷ ۞
სრული სახელი და გვარი — ბარუხ დე სპინოზა
დაბადების თარიღი — 1632 წლის 24 ნოემბერი
დაბადების ადგილი — ამსტერდამი, ჰოლანდია
გარდაცვალების თარიღი — 1677 წლის 21 თებერვალი (44 წლის ასაკში)
გარდაცვალების ადგილი — ჰააგა, ჰოლანდია
სკოლა/ტრადიცია — რაციონალიზმი, სპინოზიზმის ფუძემდებელი
პერიოდი — XVII საუკუნის ფილოსოფია
მიმართულება — დასავლური ფილოსოფია
ძირითადი ინტერესები — ეთიკა, ეპისტემოლოგია, მეტაფიზიკა
ძირითადი იდეები — პანთეიზმი, დეტერმინიზმი, რელიგიური თავისუფლება
გავლენის მომხდენები — პლატონი, არისტოტელე, ჰობსი, დეკარტი, ბეკონი
მიმდევრები — კანტი, ჰეგელი, შოპენჰაუერი, აინშტაინი, გოეთე
ბარუხ დე სპინოზა დაიბადა სეფარდელი ებრაელების ოჯახში, რომელთა წინაპრები ებრაელთა პორტუგალიიდან განდევნის შემდეგ დასახლდნენ ამსტერდამში. სპინოზას პაპამ ვერ მოახერხა ქალაქის ბურჟუაზიული ცხოვრების პირობებთან შეგუება. სამაგიეროდ მისმა შვილმა მიქოელმა, რომელსაც მამამ ცოტაოდენი ქონება დაუტოვა, მალევე მიაგნო სიმდიდრის შეძენის საიდუმლოებას, ხელი მიჰყო ვაჭრობას და საკმაოდ გამდიდრდა კიდეც. მან მდგომარეობა კიდევ უფრო განიმტკიცა, როცა ამსტერდამის ებრაელთა თემის თვალსაჩინო მოღვაწე, მისი ფინანსური ოპერაციების გამგებელი გახდა. მალე მიქოელმა იყიდა დიდი სახლი ბურგვალის ქუჩაზე, სადაც 1632 წლის 24 ნოემბერს შეეძინა ვაჟიშვილი, რომელსაც ბარუხი (ებრაულად ნიშნავს კურთხეულს) დაარქვეს.
მიქოელ და დებორა სპინოზების ოჯახში ხუთი შვილი იზრდებოდა: ისააკი, რებეკა (ორივე მიქოელის პირველი ქორწინებიდან), მირიამი, ბარუხი და გაბრიელი. ბარუხის დედა — ნაზი, სუსტი, ავადმყოფური შესახედაობის ქალი — დებორა სიმღერის მოყვარული ქალი იყო. მისი სიკვდილის შემდეგ კი სიმღერა სრულიად მიწყდა სპინოზას სახლში (იგი ძალზე ნაადრევად გარდაიცვალა ტუბერკულოზით 1638 წელს, როდესაც ბარუხი სულ რაღაც 6 წლის იყო). მამა ჩაიკეტა თავის მწუხარებაში და სტუმრებიც უკვე იშვიათად დადიოდნენ მასთან.
ბარუხი ყურადღებით ისმენდა თავისი მშობლებისა თუ „უცხოთა“ სიმღერებს და ერთხელაც დედას გაუზიარა: „ყველაფერს აქვს თავისი ხმა, თავისი ჟღერადობა. ადამიანი მღერის, ტყეც მღერიც, ზღვაც არ დუმს, ლითონიც წკრიალებს. რა არის, რომ მღერის მათში? მელოდიები ტირიან და იცინიან… რატომაა ეს ასე დედიკო?“ ბარუხს ეჩვენებოდა, რომ მათ ყველას გააჩნიათ მღერადი საწყისი, მათთვის საერთო მუსიკალური წყობა.
მიქოელ სპინოზა ოცნებობდა ენახა თავისი შვილი სულიერი მოძღვრის როლში, სახელითა და პატივით გარემოცული. ამიტომ, როცა ბავშვს შვიდი წელი შეუსრულდა, გადაწყვიტა შვიდკლასიან სასწავლებელში „ელ-ხაიმში“ მიებარებინა. „ძელი ცხოვრებისა“-ს მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა შეიყვარეს ბარუხი. მათ ხიბლავდა ბავშვის სილამაზე: შავგვრემანი, მშვიდი და ჭკვიანი სახე, ცისფერი, ცოცხალი, გამჭრიახი თვალები, მხრებსა და კისერზე კულულებად დაყრილი შავი თმა. მასწავლებლები ამბობდნენ მასზე: „ჭეშმარიტად ამართლებს თავის სახელს“. ბარუხი ძალზე წესიერი მოსწავლე იყო. არ აცდენდა მეცადინეობას, თავის დროზე ამზადებდა გაკვეთილებს, ესწრებოდა წირვა-ლოცვებსა და ასრულებდა რელიგიური კანონების მოთხოვნებს. სასწავლებელში მას ილუის (გენიალური ბავშვი) სახელი ჰქონდა მოხვეჭილი.
გავიდა რამდენიმე წელი. ბარუხი ხარბად დაეწაფა ლათინურ ენას, რომელმაც გზა გაუხსნა მეცნიერების ტაძრისაკენ. ამავე დროს, მამის ნება-სურვილის თანახმად, კვლავ დადიოდა „ელ-ხაიმში“, სადაც სწავლობს ივრითულს, თორას რაშის კომენტარებით, თალმუდს და სხვა რაბინულ ლიტერატურას, აგრეთვე ებრაული ღვთისმეტყველებისა და რიტორიკის საფუძვლებს. ის აქ უკვე ეცნობა ავეროესისა და არისტოტელეს ნაშრომებს მაიმონიდის შუასაუკუნეობრივ ინტერპრეტაციებში. ხოლო შემდგომ იღებს ლათინური ენის გაკვეთილებს. სპინოზა საუბრობდა პორტუგალიურ, ესპანურ, ჰოლანდიურ და ცოტა ფრანგულ და იტალიურ ენებზე, ფლობდა ლიტერატურულ ივრითულს, ოჯახში სასაუბრო ენა, სავარაუდოდ, იყო ლადინო (ესპანელ ებრაელთა ენა).
იშვიათად თუ უნახავს ვინმეს სპინოზა ისეთი უზრუნველი და მხიარული, როგორც 1652 წლის ერთ დილას ნახეს, როცა მან „ელ-ხაიმის“ მოწაფეებთან საუბარში გულახდილად გამოთქვა თავისი აზრი ბიბლიისა და თალმუდის ღვთაებრივი წარმოშობის შესახებ, უარყო ქვეყნის შექმნისა და სულის უკვდავების დოგმატები, აბუჩად აიგდო საიქიოს რწმენა და კაბალისტური აბდაუბდა. ახალგაზრდებმა დაასმინეს სპინოზა როგორც „ერეტიკოსი“.
მისი ჭკუით შეშინებულმა და დამფრთხალმა მოსამართლეებმა, რათა სპინოზას საქციელი არ გამხდარიყო სამაგალითო სხვებისათვის, ყოველწლიური პენსია შესთავაზეს 1000 ფლორინის ოდენობით გაჩუმების სანაცვლოდ და ხანდახან მაინც შეევლო სინაგოგაში. მოსყიდვის ასეთი ცდით შეშფოთებულმა ბარუხმა ზიზღით უკუაგდო წინადადება. მაშინ მას მიუსაჯეს მცირე განკვეთა, ე.ი. ერთი თვის განმავლობაში არავის ჰქონდა მასთან რაიმე ურთიერთობის უფლება.
ახალი ფილოსოფია და მეცნიერება გარკვეულ გავლენას ახდენს სპინოზაზე: მას ჯერ ებრაელთა რელიგიის, ხოლო შემდეგ ყოველი რელიგიის დებულებებში შეაქვს ეჭვი. ახალი ფილოსოფია და მეცნიერება ვერ ურიგდება რელიგიურ დოგმატებს. მალე სპინოზა მთლიანად განუდგა ებრაელთა რელიგიას: ვერც თხოვნა, ვერც მუქარა — დაუბრუნდეს მშობელთა რელიგიას — სპინოზაზე ვერ მოქმედებს. 1656 წელს სინაგოგამ შეაჩვენა სპინოზა და განდევნა ებრაელთა წმინდა კრებიდან: „ჩვენ განვდევნით და ვწყევლით ბარუხ დე სპინოზას მთელი წმინდა კრებიდან. იყოს წყეული ის დღით და ღამით. იყოს წყეული, როდესაც წვება დასაძინებლად და როდესაც დგება ლოგინიდან; იყოს წყეული, როდესაც შედის სახლში და გამოდის სახლიდან. აღსრულდეს მასზე ყველა წყევლა, რომელიც ჩაწერილია კანონთა წიგნში; არც არავინ დაელეპარაკოს და არც მისწეროს ვინმემ რამე; არაფრით დაეხმაროს, არ წაიკითხოს მისი ნაწერებიდან, არ მიუახლოვდეს ოთხი ადლის მანძილზე“ და სხვ.
სპინოზას პირველი მასწავლებლები იყვნენ რაბინები — ხახამი (ტიტული) და მქადაგებელი ისააკ აბოაბ-და-ფონსეკა (სავარაუდოდ, მონაწილეობას იღებდა სპინოზას განკვეთაში), მენაშე ბენ ისრაილი და საულ მორტერა. გოეთე თვლიდა, რომ მათემატიკური და ძველი რაბინული კულტურის წყალობით სპინოზა ავიდა აზროვნების მწვერვალზე, რომელიც დღემდე მიიჩნევა ყველა სპეკულატიური მისწრაფებების მიზნად.
ამ დროისათვის სპინოზა სწავლობდა ისეთ ებრაელ ფილოსოფოსთა ნაშრომებს, როგორებიცაა აბრაამ იბნ ეზრა, მაიმონიდი, გერსონიდი, აგრეთვე იგი გაეცნო ჰასდაი კრესკასის ტრაქტატს — „ღვთის სხივი“ და რელიგიური ფილოსოფოსის აბრაამ კოჰენ ერერას — „ზეცის კარიბჭე“. აუცილებელია ამ ავტორებს ასევე დაემატოს ნეოპლატონიკოსი იეგუდა აბარბანელი თავისი ნაშრომით — „დიალოგები სიყვარულზე“ და არაბ-მუსულმან ფილოსოფოსთა: ალ-ფარაბის, ავიცენასა და ავეროსის მოთხრობები.
მამის სიკვდილის შემდეგ ბარუხი და მისი ძმა გაბრიელი საკუთარ თავზე იღებენ ფირმის მართვას. სპინოზას „არაორთოდოქსალური“ შეხედულებების გამოთქმა, მისი სიახლოვე სექტანტებთან (კოლეგიანტები, მიმდინარეობა პროტესტანტიზმში) და ფაქტიური განდგომა იუდაიზმიდან მალე განაპირობებს ერესში მის დადანაშაულებას და ებრაული საზოგადოებიდან მის გარიცხვას.
სპინოზა იღებს სახელს — ბენედიქტე (შემოკლებით ბენტო), საერთო ფირმიდან საკუთარ წილი მიჰყიდა ძმას და გადადის ამსტერდამის გარეუბან ოვერკერკში. თუმცა მალევე ბრუნდება (მას ჯერ კიდევ აქვს ამსტერდამში ყოფნის უფლება) და სწავლას იწყებს ყოფილი იეზუიტის, „მხიარული დოქტორის“ ვან დენ ენდენის კერძო კოლეჯში, სადაც ხვეწს ლათინურს, სწავლობს ბერძნულს, ფილოსოფიას (ბერძნულს, შუასაუკუნეებისა და ახალს, ჰობსის, მაკიაველის, ჯორდანო ბრუნოს), საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ითვისებს ხატვასა და ოპტიკური ლინზების დამუშავებას, აგრეთვე ასწავლის ივრითულს. აქვე ის ეცნობა რენე დაკარტის (1596-1650) ნაშრომებს, რაც აფართოებს მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის ჰორიზონტს, მაგრამ გავლენას ვერ ახდენს მის „ჭეშმარიტ მრწამსზე“ (როგორც ის უწოდებს თავის ფილოსოფიურ შეხედულებებს). თუმცა დეკარტი ამსტერდამში დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა, როგორც ჩანს, ის და სპინოზა არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს — იმ დროისათვის სპინოზა საკმაოდ ახალგაზრდა იყო.
ბენტოს ირგვლივ იკრიბება მისი ერთგული მეგობრები და მოსწავლეები — სიმონ დე ვრისი, იარიხ ელესი, პიტერ ბალინგი, ლუდოვიკ მეიერი, იან რიუვერტსი, ფონ შულერი, ადრიან კურბახი, იოჰანეს კურბახი და სხვ.
1660 წელს ამსტერდამული სინაგოგა ოფიციალურად სთხოვს მუნიციპალურ ხელისუფლებას მსჯავრი დასდოს სპინოზას როგორც „ღვთისმოსაობისა და მორალის საფრთხეს“, ეს უკანასკნელი იძულებული ხდება დატოვოს ამსტერდამი და გადასახლდეს რეინსბურგში (იმ დროისათვის კოლეგიანტების ცენტრი) „ლეიდენის მახლობელ სოფელში. ლინზების დამუშავება მას ცხოვრებისთვის საკმარის შემოსავალს აძლევს. ის აქ წერს „მცირე ტრაქტატს ღმერთის, ადამიანისა და მის ნეტარების შესახებ“, „ტრაქტატს გონების სრულყოფის შესახებ“, „დეკარტის ფილოსოფიის საფუძვლების“ დიდ ნაწილსა და „ეთიკის“ პირველ წიგნს. დრო და დრო მას მოსანახულებლად სტუმრობენ სტუდენტები უახლოესი ლეიდენიდან. 1661 წელს სპინოზა ხვდება ლონდონის სამეფო სამეცნიერო საზოგადოების ერთ-ერთ დავმჯდომარეს ჰენრიხ ოლდენბურგს, რომელთან მიმოწერაც, შემდგომ, გრძელდება მრავალი წლის განმავლობაში.
1663 წლის ივნისში სპინოზა გადადის ვორბურგში, ჰააგის მახლობლად, სადაც ეცნობა ფიზიკოსს და მათემატიკოსს ქრისტიან ჰიუგენსს, ასევე ფილოლოგ ვოსიუსს. 1664 წელს აქვეყნებს „დეკარტის ფილოსოფიის საფუძვლებს“ (ერთადერთი ნაშრომი, რომელიც გამოიცა სპინოზას სიცოცხლეში მისივე სახელით) „მეტაფიზიკურ განაზრებანთან“ ერთად. ამსტერდამში ანონიმურად გამოქვეყნებული „ღვთისმეტყველურ-პოლიტიკური ტრაქტატი“ ქმნის მტკიცე აზრს სპინოზას როგორც ათეისტის შესახებ. სერიოზული დევნისაგან სპინოზას შველის ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს სათავეში იდგნენ ფილოსოფიისადმი კეთილგანწყობილი ძმები დე ვიტები. ტრაქტატის პარალელურად ის წერს „ებრაულ გრამატიკას“.
1670 წლის მაისში სპინოზა გადადის ჰააგაში, სადაც ის რჩება სიცოცხლის ბოლომდე. 1673 წელს სპინოზამ მიიღო ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორ ფაბრიციუსის წერილი. სპინოზა მიწვეული იყო ჰაიდელბერგის სახელგანთქმული უნივერსიტეტის ფილოსოფიის ორდინარ პროფესორად. ფაბრიციუსი ატყობინებდა: „თქვენ გექნებათ ფილოსოფოსობის სრული თავისუფლება და მეფე იმედოვნებს, რომ ამას თქვენს საყოველთაოდ ცნობილ რელიგიის საწინააღმდეგოდ არ მოიხმართ“. იმ დროისათვის ასეთი ლიბერალური პირობების მიუხედავად, სპინოზამ უარი განაცხადა პროფესორობაზე და ფაბრიციუსს მისწერა, რომ მას არ შეუძლია ფილოსოფოსობის თავისუფლება ისეთ საზღვრებში მოაქციოს, რომელიც რელიგიას გმობის საშიშროებისაგან უზრუნველყოფდეს.
1675 წელს ის ამთავრებს „ეთიკას“ — ნაშრომს, რომელიც სისტემატიზებული ფორმით შეიცავს მისი ფილოსოფიის ყველა ძირითად დებულებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც 1672 წელს ძმებმა დე ვიტებმა „დაკარგეს ძალაუფლება“ (მოკლულ იქნენ სახელმწიფო გადატრიალების შედეგად), მას ვერ გადაუწყვეტია მისი გამოქვეყნება, თუმცა ხელნაწერის ასლები უახლოეს მეგობართა წრეში ხელიდან ხელში გადადის. 1675 წელს სპინოზა ეცნობა გერმანელ მათემატიკოს ფონ ჩირნჰაუსს, ხოლო 1676 წლის ნოემბერში, სიკვდილამდე ოთხი თვით ადრე, სპინოზამ მიიღო ლაიბნიცი. შეხვედრის პირველივე წუთებიდანვე მათ შორის ნათელი და უსტიყვო ურთიერთგაგება დამყარდა. ლაიბნიცმა რაღაც კითხვა დაუსვა, სპინოზამ უპასუხა და მათ შორის გაიბა ისეთი გულითადი საუბარი, როგორც დიდი ხნის ნაცნობებს სჩვევიათ. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ლაიბნიცი ფართო ნაბიჯით ბოლთას სცემდა ოთახში, ლაპარაკობდა. სპინოზას მყუდროდ მოეკალათებინა თავის სავარძელში, ეკამათებოდა მჭევრმეტყველურად, მაღალფარდოვნად, წყნარად, ბრძნული ღიმილით. ლაპარაკობდა ლაკონიურად და დიდი გამომსახველობით. კამათსა და დისკუსიაში ვლინდებოდა მისი დიდი და სრულყოფილი სისადავე. მის სიტყვებში იგრძნობოდა უსაზღვრო და მარადიული ბუნების სუნთქვა. მიუხედავა მძიმე ფიზიკური მდგომარეობისა, სპინოზას თითქოსდა რაღაც შინაგანი შუქი აცისკროვნებდა, რომელიც ფერს უცვლიდა მის სახეს და მომხიბვლელობითა და სიცოცხლით ავსებდა. საუბრის გავლენით ლაიბნიცი სულ სხვა კაცი გახდა. უკვალოდ გაქრა მისი სიცივე და ამპარტავნობა. სპინოზას კრისტალურ და სპეტაკ პიროვნებას სინათლე, სიღრმე და კეთილშობილება შეჰქონდა ცხვრების ყველა პრობლემაში, რომელიც ამ დისკუსიის დროს დაისვა. ლაიბნიცი მოხიბლული იყო სპინოზათი, მისი სახისა და სულის განუმეორებელი მიმზიდველობით. თავის „ახალ ესსეში“ მან ჩაწერა: „ერთ დროს მე სპინოზიზმისკენ მქონდა მიდრეკილება“, „სპინოზა მშვენიერი ბიოგრაფიის მქონე, მშვენიერი ადამიანია“.
1676-77 წლის ზამთარში სპინოზა ხშირად ავადმყოფობდა. ციებ-ცხელება და სისხლის ღებინება არ ასვენებდა ფილოსოფოსის გასავათებულ სხეულს. სახეზე ნაცრისფერი დაედო. ტუჩები თითქოს სისხლისგან დაეცალა. სპინოზამ იცოდა, რომ კვდებოდა, მაგრამ უშიშრად შეჰყურებდა მომავალს და ბედს არ სწყევლიდა, რადგანაც გარდუვალად თვლიდა მას. შაბათს, 1677 წლის 20 თებერვალს, ის ჯერ კიდევ ესაუბრებოდა მარგარიტა სპიკს და სთხოვდა მოეთხრო პასტორის მიერ შაბათის ლიტურგიის დროს წარმოთქმული ქადაგების შინაარსი. საღამო ჟამს თავის მეზოზინში მხიარული განწყობილებით ავიდა. ადრე დაწვა დასაძინებლად. მეორე დღეს, კვირას, როგორც ყოველთვის, გარიჟრაჟზე უკვე ეღვიძა. ცოტა ხანს საწერ მაგიდასთან წაიმუშავა. შემდეგ ქვევით ჩამოვიდა, სახლის პატრონებთან. იქ დახვდა შულერი. სპინოზას გაუხარდა სტუმრის მოსვლა და თავის ბინაში მიიპატიჟა. ცოლ-ქმარი პიკები ეკლესიაში წავიდნენ. ავადმყოფის გასინჯვის შემდეგ შულერიც მალე წავიდა. არავის ეგონა, რომ დასასრული ასე მოახლოვებული იყო. შუადღისას, როცა სპიკები შინ დაბრუნდნენ, მდგმური მათ სამუდამოდ მიძინებული დახვდათ თავის სავარძელში.
1677 წლის 21 თებერვალს, დღის 3 საათზე გარდაიცვალა ბენედიქტე სპინოზა. მან იცოცხლა 44 წელი, 2 თვე და 27 დღე. სპინოზას ხანმოკლე სიცოცხლე მისი შინაგანი სულიერი ძალების განვითარების შეუწყვეტელი პროცესი იყო, ძალებისა, რომელნიც მიმართულნი იყვნენ ბუნების იდუმალი საწყისების შემეცნებისაკენ კაცობრიობის სრულყოფის, სიკეთისა და ბედნიერების სასიკეთოდ.
۞ ÷ ۞ ÷ ۞
გამოყენებული ლიტერატურა
- ბაქრაძე კ. — რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი, VI ტ. 1972 წ.
- ბელენკი მ. — სპინოზა, 1966 წ.
- გოგიბერიძე მ. — სპინოზა, 1927 წ.
- თევზაძე გ. — ახალი ფილოსოფიის ისტორია, 2010 წ.
- ფილოსოფიური ლექსიკონი, 1987 წ.
- შარია პ. — სპინოზას ფილოსოფიისათვის, 1933 წ.
Pingback: ღმერთი მოკვდა – Site Title
Pingback: ღმერთი მოკვდა – პრომეთე