۞ ÷ ۞ ÷ ۞
სპინოზას „ეთიკა“ (დამტკიცებული გეომეტრიული წესით) ხუთ ნაწილად იყოფა: 1) „ღმერთის შესახებ“, 2) „სულის ბუნებისა და წარმოშობის შესახებ“, 3) „აფექტების წარმოშობისა და ბუნების შესახებ“, 4) „ადამიანის მონობის ანუ აფექტების ძალის შესახებ“, 5) „გონების ძალის ანუ ადამიანის თავისუფლების შესახებ“. პირველი ნაწილი — „ღმერთის შესახებ“ იწყება განსაზღვრებებით. ამ განსაზღვრებებში დადგენილია ყველა ძირითადი ცნება, რომლებიც სპინოზას კონცეფციას გამოხატავს.
გთავაზობთ ამონარიდს ხსენებული ნაშრომიდან:
„მიზეზი თავისი თავისა (causa sui), ჩემი გაგებით, არის ის, რომლის არსება მისსავე არსებობას გულისხმობს, ანუ ის, რომლის ბუნება მხოლოდ არსებულად შეიძლება იქნას შემეცნებული“.
„თავის გვარად სასრული ეწოდება ნივთს, რომელიც შეიძლება ზღვარდადებულ იქნას იგივე ბუნების სხვა ნივთით. მაგ. სხეულს ეწოდება სასრული იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის წარმოვიდგენთ უფრო დიდი ზომის სხვა სხეულს. ზუსტად ისე, როგორც ერთი აზრი შეიძლება ზღვარდადებულ იქნას მეორე აზრით, თუმცა სხეული არ შემოისაზღვრება აზრით და აზრი არ შემოისაზღვრება სხეულით“.
„სუბსტანცია, ჩემი გაგებით, არის ის, რაც არსებობს თავისთავად და არ საჭიროებს სხვა ნივთს, რომელსაც შეეძლოს მისი არსებობის განსაზღვრა“. ჩვენ გარეშე, ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს ბუნება, ნივთებისა და მოვლენების უსასრულო სიმრავლე. „ეთიკა“ ამ აზრს გამოხატავს ფორმულით: „გონების გარეშე არაფერი არსებობს, გარდა სუბსტანციისა და მისი მოდუსებისა. როგორიც არ უნდა იყოს, მაგალითად, წყალი სხვადასხვა მდგომარეობაში, მისი არსი ერთია. წყალი, ყინული, ორთქლი – ერთი არსობის სამი გამოვლენაა. ამის მსგავსად, ყოველივე ერთეული ერთი არსების განსახიერებაა. სხვანაირად რომ ვთქვათ, სამყაროს ყველა საგანს და მოვლენას აქვს ერთი საფუძველი. ყოველივე არსებულის ამ საფუძველს ეწოდება სუბსტანცია“. ცალკეული ნივთები სუბსტანციის სახეობანი არიან, მისი მოდუსები. მოდუსები გარდამავალნი და დროებითნი არიან. ისინი ჩნდებიან და ქრებიან, სუბსტანციას გააჩნია მარადიულობა, ის შეუქმნელი და მოუსპობელია. მოდუსები კი უსასრულო სიმრავლეს წარმოადგენენ, ისინი ჩნდებიან და ქრებიან იმ კანონების აუცილებლობით, რომელიც სუბსტანციას გააჩნია. სუბსტანცია მხოლოდ ერთადერთია.
„ატრიბუტი, ჩემი გაგებით, არის ის, რასაც ინტელექტი სუბსტანციის არსებით თვისებად ღებულობს“. ატრიბუტები გამოხატავენ სუბსტანციის არსობას, მის სხვადასხვა მხარეებს. სუბსტანცია არსებობს მათი მეშვეობით. სხვანაირად რომ ვთქვათ, სუბსტანცია არის უსასრულოდ მრავალ ატრიბუტთა ერთიანობა. ყოველი ატრიბუტი, რომელიც სუბსტანციას გააჩნია, ყოველთვის ერთად არსებობს მასში და არც ერთი მათგანი არ შეიძლება შეიქმნას მეორის მიერ. თითოეული ატრიბუტი გამოხატავს სუბსტანციის რეალობას ანუ ყოფიერებას. ჩვენ, როგორც სულისა და სხეულისგან შემდგარ სასრულო გონიერ არსებებს, მხოლოდ ორი ატრიბუტის შემეცნება შეგვიძლია, ესენია: აზროვნება და განფენილობა. სხვა ატრიბუტთა მიუწვდომლობა ადამიანისათვის არ ნიშნავს აგნოსტიციზმს, ე.ი. ცოდნის შეუძლებლობის მტკიცებას, რადგან თითოეული ატრიბუტი რაღაც არსებითს გვეუბნება სუბსტანციაზე. ამდენად, სხვა ატრიბუტებიც იგივეს იტყვიან, ოღონდ ჩვენთვის გაუგებარი წესით.
„მოდუსი, ჩემი გაგებით, არის ის, რომელსაც თავისი ყოფნის მიზეზი საკუთარ თავში კი არ აქვთ, არამედ სუბსტანციასა და ატრიბუტებში“. თითოეულ ატრიბუტს გააჩნია ე.წ. მთავარი მოდუსები. აზროვნებისათვის ასეთებია გონება და ნება, ხოლო განფენილობისათვის — მოძრაობა და უძრაობა. მათი ამგვარი უპირატესობა იმითაა გამართლებული, რომ ისინი აუცილებელნი არიან შესაბამისი ატრიბუტების მოსააზრებლად. „ადამიანის სულის განმასახიერებელი იდეის ობიექტად გვევლინება სხეული, სხვაგვარად რომ ვთქვათ, განფენილობის გარკვეული მოდუსი, არსებული სინამდვილეში (აქტუალურად) და მეტი არაფერი“. გამოდის, რომ 1) სხეული ანუ განფენილობის მოდუსი არსებობს რეალურად; 2) სხეული და მხოლოდ სხეული არის მატარებელი იმისა, რასაც სული ეწოდება; 3) სული არის სხეულის იდეა და მეტი არაფერი; 4) ადამიანის სული აღიქვამს თავისი სხეულის ბუნებასთან ერთად სხვა მრავალი სხეულის ბუნებასაც. მაშასადამე, სხეულის გარეშე არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს არავითარი სული და სული არის ის, რასაც თანამედროვე ენაზე უწოდებენ ადამიანის ცნობიერებას და თვითცნობიერებას.
„ღმერთი, ჩემი გაგებით, არის აბსოლუტურად უსასრულო არსება, ე.ი. სუბსტანცია, რომელიც შეიცავს თვისებების დაუსრულებლად მრავალ სახეებს, ანუ ატრიბუტებს, რომელთაგანაც თითოეულს გააჩნია მუდმივი და უსასრულო არსი“.
„თავისუფალი ეწოდება ისეთ საგანს, რომელიც არსებობს მხოლოდ შინაგანი აუცილებლობის მიხედვით და თვითონ განსაზღვრავს თავის თავს მოქმედებისაკენ“.
„თუ ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ ნივთი, რომელიც ჩვეულებრივ გვგვრის სიამოვნებას, შეიცავს გარკვეულ მსგავსებას იმ ნივთთან, რომელიც გვგრის იგივე ოდენობის უსიამოვნებას, მაშინ ჩვენ შეგვეძლება ერთდროულად გვძულდეს და გვიყვარდეს ის“.
„ვინც წარმოიდგენს, რომ ის, რაც მას უყვარს, ნადგურდება — განიცდის უსიამოვნებას, ხოლო თუ ნარჩუნდება, მაშინ განიცდის სიამოვნებას“.
„ვინც წარმოიდგენს, რომ ის, რაც მას ძულს, ნადგურდება, მაშინ ის განიცდის სიამოვნებას“.
„თუ წარმოვიდგენთ, რომ რაიმე გვრის სიამოვნებას საგანს, რომელიც გვიყვარს, ჩვენ ვიგრძნობთ მისადმი სიყვარულს. პირიქით, თუ წარმოვიდგენთ, რომ რაიმე გვრის უსიამოვნებას ჩვენ საყვარელ საგანს, მაშინ ჩვენ ვიგრძნობთ მისადმი სიძულვილს“.
„თუ წარმოვიდგენთ, რომ რაიმე გვრის სიამოვნებას საგანს, რომელიც გვძულს, ჩვენ ვიგრძნობთ მისადმი სიძულვილს. პირიქით, თუ წარმოვიდგენთ, რომ რაიმე გვრის ამ საგანს უსიამოვნებას, მაშინ ჩვენ ვიგრძნობთ მისადმი სიყვარულს“.
„ვინც წარმოისახავს, რომ ის ვიღაცას ძულს, და ამასთან არ ფიქრობს, რომ თვითონ მისცა სიძულვილის საბაბი, ისიც, თავის მხრივ, შეიძულებს მას“.
„სიძულვილი იზრდება ორმხრივი სიძულვილის შედეგად და, პირიქით, შეიძლება განადგურდეს სიყვარულით“.
„რამდენადაც ესა თუ ის ნივთი შეესაბამება (შეეფერება) ჩვენს ბუნებას, ამდენად ის აუცილებლად კარგია, ხოლო ის, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს ბუნებას ეწინააღმდეგება კარგს, შესაბამისად ის აუცილებლად ცუდია“.
სპინოზას აფექტების თეორიის ძირითადი ელემენტი არის თვითშენახვის, თავდაცვის პრინციპი. ეს უდევს საფუძვლად, როგორც სპინოზას მოძღვრებას მორალის, ისე მის მოძღვრებას სახელმწიფოს შესახებ. „ყოველი საგანი, რამდენადაც ის არსებობს მიისწრაფვის დარჩეს თავის არსებობაში“, ანდა „საგნის მისწრაფება დარჩეს თავის არსებობაში არის სხვა არაფერი, თუ არა მისი ნამდვილი (აქტუალური) თვისება“. ამაზე ეყრდნობა ყველა აფექტები. მაგ. სიამოვნების აფექტი გამოწვეულია ნივთით, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი არსებობის შენახვას. უსიამოვნების აფექტი კი დაკავშირებულია ისეთ ნივთთან, რომელიც ეწინააღმდეგება მას, ე.ი. მავნებელია. ეს პრინციპი ვრცელდება ესთეტიკაზეც: „თუ მოძრაობა, მიღებული ნერვების მიერ შეგრძნებით წარმოდგენილ საგნებისაგან ხელს უწყობს ჯანმრთელობას — მაშინ საგნებს, რომლებიც არია მიზეზი ასეთი მოძრაობებისა – ეწოდება ლამაზი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ეწოდება მახინჯი“.
„ეთიკამ“ — სპინოზას ცენტრალურმა და ძირითადმა ნაშრომმა, რომელსაც მოანდომა 12 წელი, მთლიანად შთანთქა მისი ყურადღება და სხვა სამუშაოსათვის დრო აღარ დაუტოვა. 1675 წელს წიგნი დამთავრებული იყო. შესრულებული იყო შრომა, რომელიც მას მთელ სიცოცხლედ უღირდა. თუმცა, ამ ნაშრომის მაშინვე გამოქვეყნება ვერ მოხერხდა, მხოლოდ სპინოზას სიკვდილის შემდეგ გამოიცა იგი სხვა ნაშრომებთან ერთად.
„ეთიკამ“ მაღლა ასწია პროგრესული დროშა გონების ბრძოლისა უმეცრების წინააღმდეგ, მეცნიერებისა — თეოლოგიის წინააღმდეგ, იდეათა სინათლისა — სარწმუნოებრივი ბნელეთის წინააღმდეგ და სამუდამოდ შევიდა მსოფლიო, საერთო-საკაცობრიო კულტურის საგანძურში.
۞ ÷ ۞ ÷ ۞
გამოყენებული ლიტერატურა
-
Бенедикт Спиноза — Избранные произведения, том I, 1957
-
ბელენკი მ. — სპინოზა, 1966 წ.
-
ბაქრაძე კ. — რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი, VI ტ. 1972 წ.
kargadaa gaazrebuli yvela sityvis arsi 🙂