მილან ენგელ უმცროსი

engel-mylan-07

მილან ენგელ უმცროსი (დაბ. 1960) — მილან ენგელ უმცროსი ასწავლის ფილოსოფიას ჩრდილოეთ ილინოისის უნივერსიტეტში. მას გამოცემული აქვს რამდენიმე სტატია ეპისტემოლოგიაში, რელიგიის ფილოსოფიასა და მეტაფიზიკაში. მისი ამჟამინდელი კვლევა ეხება ადამიანის ვალდებულებებს ცხოველებთან (nonhuman animals) მიმართებაში. წინამდებარე სტატიაში, პროფ. ენგელი ავითარებს ხორცის ჭამის ამორალურობის არგუმენტს. ვეგეტარიანიზმის სხვა ეთიკური არგუმენტებისაგან განსხვავებით, შემოთავაზებული არგუმენტი არ ეფუძნება სპეცისიზმის მცდარობას, ის არც თქვენს შეხედულებაზეა დამოკიდებული, რომლის მიხედვითაც ყველა ცხოველი თანასწორია ან ყველა ცხოველს გააჩნია სიცოცხლის უფლება, ის არც იმ ზოგიერთ ფრიად საკამათო მეტაეთიკურ თეორიას ეფუძნება, რომელსაც თქვენ უარყოფთ, არამედ ის ეფუძნება თქვენს რწმენებს (beliefs). მარტივად რომ ვთქვათ, არგუმენტი აჩვენებს, რომ თქვენივე რწმენების გათვალისწინებით, თქვენ შორის ისიც კი, ვინც მტკიცედ აღიარებს ადამიანის აღმატებულ ღირებულებას ცხოველებთან შედარებით, ამისდა მიუხედავად აღიარებს ხორცის ჭამის ამორალურობას.

ხორცის ჭამის ამორალურობა

ვეგეტარიანიზმის მორალური ვალდებულების არგუმენტთა უმეტესობა ორიდან ერთ-ერთ ფორმას იღებს. ისინი ან პიტერ სინგერის მითითებასა და მოთხოვნას იზიარებენ, რომლის მიხედვითაც ყველა ცხოველი თანასწორია უტილიტარიანული მოსაზრებით ან ტომ რეგანის დეონტოლოგიურ, უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას იზიარებენ და ამტკიცებენ, რომ იმ ცხოველთა უმეტესობას, რომლითაც ჩვენ რეგულარულად ვიკვებებით, გააჩნია უფლების ზუსტად იგივე მიმნიჭებელი მახასიათებლები, რომლებიც ანიჭებენ უფლებებს ადამიანებს. მაშინ, როცა ზემოხსენებული არგუმენტები დამაჯერებელი აღმოჩნდა მრავალი ადამიანისათვის, რათა შეეცვალათ თავიანთი კვების წესი, ფილოსოფოსთა უმეტესობამ ისინი უბრალოდ უგულებელჰყო. პირადი გამოცდილების მიხედვით, როდესაც ხორცის მოყვარული ფილოსოფოსები უპირისპირდებიან ამ არგუმენტებს, ისინი ხშირად უარყოფენ მათ შემდეგნაირად:

სინგერის რჩეული უტილიტარიანიზმი გამოუსწორებლად ნაკლოვანია ისევე, როგორც რეგანის მორალური უფლებების თეორია. სანამ სინგერისა და რეგანის არგუმენტები ვეგეტარიანიზმის სასარგებლოდ ეფუძნება ხარვეზიან ეთიკურ თეორიებს, მანამ მათი არგუმენტები იქნება ასევე ხარვეზის შემცველი. სანამ ვინმე წარმომიდგენს ნათელ მორალურ მიზეზს ხორცის არჭამისთვის, მანამ გავაგრძელებ ხორცის ჭამას.

ასეთი პასუხის პირად ინტერესებზე მორგებული სოფისტიკა ერთი შეხედვითაც აშკარაა. რამდენადაც დღემდე არსებული არც ერთი ეთიკური თეორია არ არის შეუვალი შედავების მიმართ, ამდენად სრულიად შესაძლებელია ჩამოყალიბდეს მსგავსი პასუხი რათა „გავამართლოთ“ ან გონივრული ახსნა მოვუძებნოთ ფაქტობრივად ნებისმიერ ქცევას. გაუპატიურება შესაძლებელია „გამართლდეს“ შემდეგნაირად: გაუპატიურების მოწინააღმდეგემ შესაძლოა მიმართოს უტილიტარიანულ, კანტიანურ ან კონტრაქტარიანულ თვალსაზრისს, რათა განსაზღვროს გაუპატიურების ამორალურობა. ჩვენმა ფიქციურმა გაუპატიურების მოყვარულმა ფილოსოფოსმა შეიძლება განაცხადოს, რომ ყველა ეს ეთიკური თეორია არის ნაკლოვანი და ifso facto გაუპატიურების საწინააღმდეგო ყველა არგუმენტი არის ასევე ხარვეზის შემცველი. ჩვენმა გაუპატიურების მომხრემ შესაძლოა დაასკვნას: სანამ ვინმე წარმომიდგენს ნათელ მორალურ მიზეზს გაუპატიურების არჩადენისთვის, მანამ გავაგრძელებ გაუპატიურებას.
გაუპატიურების ამგვარი „გამართლების“ მოჩვენებითობა აშკარაა. არავინ, ვინც კი მიიღებს მხედველობაში გაუპატიურების სისასტიკეს, დაფიქრდება იმაზე, რომ გაუპატიურება რამდენადმე გამართლებულია/დასაშვებია მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა ამჟამინდელი ეთიკური თეორია ხარვეზიანია. მაგრამ ასეთი ზედაპირული მსჯელობა გამოიყენება ყოველთვის, რათა „გაამართლონ“ შემზარავ პირობებში ცხოველთა მოშენება, დამწყვდევა, ტრანსპორტირება, დასახიჩრება, მკვლელობა და საკვებად გამოყენება. ჩემი მიზანია უკუვაგდო და შევაფერხო ასეთი ყალბი პასუხი ხორცის ჭამის ამორალურობის ისეთი არგუმენტის წარმოდგენით, რომელიც არ ეყრდნობა რომელიმე ცალკეულ ეთიკურ მიდგომას, არამედ ის დაფუძნებულია იმ რწმენებზე, რომლებიც თქვენ უკვე გაგაჩნიათ.
სანამ გადავიდოდეთ უშუალოდ თქვენს რწმენებზე, მანამ საჭიროა ორი შესავალი შენიშვნის გაკეთება. პირველი, ვეგეტარიანიზმის სხვა ეთიკური არგუმენტებისაგან განსხვავებით, ჩემი არგუმენტი არ ეფუძნება სპეცისიზმის მცდარობას, ის არც თქვენს შეხედულებაზეა დამოკიდებული, რომლის მიხედვითაც ყველა ცხოველი თანასწორია ან ყველა ცხოველს გააჩნია სიცოცხლის უფლება. ამის მნიშვნელობა შეიძლება აიხსნას შემდეგნაირად: ზოგიერთი ფილოსოფოსი აინუნშიაც არ აგდებს სინგერისა და რეგანის არგუმენტებს სულ სხვა მიზეზების გამო, ვიდრე ზემოთ იყო ნახსენები. ამ ფილოსოფოსებს სინგერისა და რეგანის არგუმენტების არასპეცისისტური მნიშვნელობა, უბრალოდ, მცდარად ეჩვენებათ. ისინი გულწრფელად ფიქრობენ, რომ ადამიანი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცხოველი. შეიძლება ეს შეხედულება ევოლუციური თეორიისა და სხვა სახეობებთან ჩვენი ბიოლოგიური მსგავსების ფონზე საკმაოდ არაგონივრულია, თუმცა, ის მაინც რეალურია. ჩემი არგუმენტი ამგვარ შეხედულებებთან მიმართებაში ნეიტრალურია. ის თანაბრად შეთავსებადია როგორც ანთროპოცენტრულ, ისე ბიოცენტრულ მსოფლმხედველობასთან. მოკლედ რომ თქვათ, ჩემი არგუმენტი აგებულია ისე, რომ თქვენივე რწმენების გათვალისწინებით აჩვენოს, რომ თქვენ შორის ისიც კი, ვინც მტკიცედ აღიარებს ადამიანის აღმატებულ ღირებულებას ცხოველებთან შედარებით, ამისდა მიუხედავად აღიარებს ხორცის ჭამის ამორალურობას.
მეორე, ეთიკური არგუმენტები ხშირად ვითარებაზეა დამოკიდებული, რამდენადაც ისინი მოითხოვენ სპეციფიკურ მსმენელს განსაზღვრულ გარემოებებში. ხოლო ნაგულისხმევი მსმენელისა და ვითარების გათვალისწინებას შეუძლია თავიდან აგვაცილოს ეთიკური მტკიცების ფარგლებთან დაკავშირებული გაუგებრობები. ჩემი არგუმენტიც ზუსტად ამგვარადაა დამოკიდებული ვითარებაზე. ის არ არის მიმართული იმ შედარებით მცირე რაოდენობის მკვიდრ მოსახლეობაზე, რომელთაც საკვებად ვარგისი მცენარეული საშუალების სიმწირის გამო უხდებათ ხორცის ჭამა, რათა გადარჩნენ. არამედ ის მიმართულია იმ ადამიანებზე, მაგალითად თქვენზე, რომელნიც ცხოვრობენ სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით ნაყოფიერ საზოგადოებაში, რომელშიც, ხორცის ადეკვატური ალტერნატივები უხვადაა ხელმისაწვდომი. ამგვარად, ჩემი მიზანია გაჩვენოთ, რომ თქვენი რწმენები გაიძულებენ ამორალურად მიიჩნიოთ ხორცის ჭამა ყველასათვის, ვინც ისეთ ვითარებაშია, როგორშიც თქვენ ხართ ჩვეულებრივ და a fortiori რომ თქვენთვის ამორალურია ხორცის ჭამა ასეთ ვითარებაში. შესავლისთვის საკმარისია, ახლა კი გადავიდეთ თქვენს რწმენებზე.

1. რაც თქვენ გწამთ

რწმენები (beliefs), რომლებიც თქვენ გიკავშირდებათ, ამ ნარკვევში, ჩვეულებრივ, მიიჩნევა უდავოდ. უმეტეს კონტექსტში, ჩვენ მხედველობაში მივიღებთ ისეთ ადამიანს, რომელიც არ ფლობს ამ რწმენებს იმის გამო, რომ თვლის მორალურად დეფექტურად ან ირაციონალურად. ცხადია, უმეტეს კონტექსტში, ეს რწმენები არ წარმოადგენს საფრთხეს იმისათვის, რათა სიამოვნება მიიღოთ ჰამბურგერით, ჰოთდოგით, მწვადითა და ნეკნებით; თუმცა, ჰამბურგერის შემთხვევაშიც კი, ვფიქრობ, დაეთანხმებით შემდეგ მტკიცებას: 1) ყოველგვარი თანასწორობის შემთხვევაში, მსოფლიო ნაკლები ტკივილითა და ტანჯვით უკეთესია, ვიდრე მსოფლიო მეტი ტკივილითა და ტანჯვით; და 2) მსოფლიო ნაკლები არასაჭირო ტანჯვით უკეთესია, ვიდრე მეტი არასაჭირო ტანჯვით. ნებისმიერი, ვინც გრძნობს ათეისტური არგუმენტის ძალას ბოროტების წინააღმდეგ, რომელიც დაფუძნებულია გაუმართლებელ ტანჯვაზე, აღიარებს 1-ელ და მე-2 მტკიცებას. საბოლოოდ, მიზეზი, რის გამოც ვფიქრობთ, რომ სრულიად კეთილი ღმერთი არ დაუშვებს არასაჭირო ტანვას, არის ის, რომ ჩვენ მიგვაჩნია ასეთი ტანჯვა არსებითად ბოროტებად და ვთვლით, რომ მსოფლიო მის გარეშე უკეთესი იქნება. მას შემდეგ, რაც ფიქრობთ, რომ ზედმეტი ტანჯვა არსებითად ცუდია, თქვენ უეჭველად გწამთ, რომ: 3) ზედმეტი (არასაჭირო) სისასტიკე არასწორია და prima facie არ უნდა იყოს მხარდაჭერილი ან წახალისებული. თქვენ, ალბათ, გწამთ, რომ 4) ჩვენ ვალდებული ვართ გადავდგათ ნაბიჯები, რათა მსოფლიო ვაქციოთ უკეთეს ადგილად. თუმცა, თუკი თქვენ უარყოფთ მე-4 მტკიცებას იმის საფუძველზე, რომ ჩვენ არ გვაკისრია პოზიტიური ვალდებულება სარგებლის მოტანისა, თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ არსებობს ნეგატიური ვალდებულებები ზიანის არმოტანისა, შესაბამისად, თქვენ გწამთ, რომ 4) ჩვენ ვალდებული ვართ, გონივრულობის ფარგლებში, ვაკეთოთ რაც შეგვიძლია, რათა თავიდან ავიცილოთ მსოფლიოს უარეს ადგილად გადაქცევა. თქვენ, ასევე, გწამთ, რომ 5) მორალურად კარგი პიროვნება გადადგამს ნაბიჯებს, რათა აქციოს მსოფლიო უკეთეს ადგილად და უფრო მეტიც, უფრო ძლიერ ნაბიჯებს, რათა თავიდან აიცილოს მსოფლიოს უარეს ადგილად გადაქცევა; და 6) თუნდაც მინიმალურად წესიერი პიროვნება გადადგამს ნაბიჯებს, რათა წვლილი შეიტანოს მსოფლიოში ზედმეტი რაოდენობის ტკივილისა და ტანჯვის შემცირებაში, თუ მას ეს შეუძლია ძალიან მცირე ძალისხმევის შედეგად.
თქვენ, ასევე, გაგაჩნიათ რწმენები საკუთარ თავზე. თქვენ გწამთ ერთ-ერთი მტკიცებათაგანის, რომელშიც უკუქცევითი ნაცვალსახელი თქვენზე მიუთითებს: 7) მე ვარ მორალურად კარგი პიროვნება; ან 8) მე ვარ, სულ მცირე, მინიმალურად წესიერი პიროვნება. თქვენ, ასევე, გწამთ საკუთარ თავზე, რომ 9) მე ვარ იმ კატეგორიის პიროვნება, რომელიც აუცილებლად გადადგამს ნაბიჯებს, რათა წვლილი შეიტანოს მსოფლიოში ზედმეტი რაოდენობის ტკივილისა და ტანჯვის შემცირებაში, თუ მე ეს შემიძლია ძალიან მცირე ძალისხმევის შედეგად. თქვენ შესახებ საკმარისია. ახლა კი გადავიდეთ თქვენს რწმენებზე ცხოველების შესახებ და ჩვენს მოვალეობებზე მათ მიმართ.
თქვენ გწამთ, რომ 10) ბევრი ცხოველი (ცხადია ყველა ხერხემლიანი) გრძნობს ტკივილს; 11) მორალურად არასწორია ცხოველთა არასაჭირო ტკივილისა და ტანჯვის გამოწვევა; და 12) მორალურად არასწორია და საზარელი ცხოველთა მიმართ არაჰუმანური მოპყრობა ყოველგვარი საფუძვლიანი მიზეზის გარეშე. ცხოველებისთვის არასაჭირო ტკივილის მიყენების არასწორობის შესახებ თქვენი რწმენების გარდა თქვენ, ასევე, გაქვთ რწმენები ცხოველთა მკვლელობის მართლზომიერების შესახებ; მაგალითად, თქვენ გწამთ, რომ 13) ჩვენ უნდა განვახორციელოთ ეუთანაზია განუკურნებლად ტრავმირებული და ტანჯული ცხოველების მიმართ, რათა გავათავისუფლოთ ისინი ტანჯვისაგან, როდესაც ეს შესაძლებელია; და 14) ყოველგვარი თანასწორობის შემთხვევაში, უარესია ცნობიერებაზე მყოფი მგრძნობიარე ცხოველის მოკვლა, ვიდრე მცენარისა. საბოლოოდ, თქვენ გწამთ, რომ 15) ჩვენ გვაკისრია მომავალი თაობისათვის გარემოს შენარჩუნების მოვალეობა (სულ მცირე, მომავალ ადამიანთა თაობისათვის); და შესაბამისად, თქვენ გწამთ, რომ 16) მავანმა უნდა შეამციროს მეორის წვლილი გარემოს გადაგვარებაში, განსაკუთრებით იმ გზებით, რაც მოითხოვს მავანის მინიმალურ ძალისხმევას.

2. ფერმერული მეურნეობა და თანამედროვე სასაკლაო: სისასტიკე ცელოფნის მიღმა

სანამ ფერმის ცხოველები ვინმეს სადილი გახდებიან, მანამ „ფაბრიკულ ფერმებში“ (factory farms) მათი უმეტესობა იძულებულია აიტანოს ძლიერი ტანჯვა და ტკივილი. ცხოველთა ფერმა წარმოადგენს გაძლიერებულ სამწყვდევ პირობებს, სადაც ცხოველები იძულებულნი არიან იცხოვრონ საზარელ და არაბუნებრივ პირობებში მთელი სიცოცხლის განმავლობაში. პირველი ეტაპია დედისა და ნაშიერის ადრეული განცალკევება. წიწილებს დედისაგან აცალკევებენ დაბადებამდე, რამდენადაც ისინი იჩეკებიან ინკუბატორში, დასაკლავ ხბოებს აშორებენ თავიანთ დედებს რამოდენიმე დღეში, ხოლო გოჭებს დედისაგან აცალკევებენ დაბადებიდან ორი სამი კვირის შემდეგ. ნაშიერს, შემდგომ, ათავსებენ გადავსებულ სამწყვდევ სათავსოებში. სახორცე წიწილებსა (broiler chickens) და ინდაურებს ათავსებენ ფარდულში, რომელიც მოიცავს დაახლოებით 10 000-დან 100 000-მდე ფრინველს; დასაკლავ ხბოებს ამწყვდევენ 22X54 სმ2ფართობის მქონე ყუთებში და აბამენ კისერზე დამაგრებული ჯაჭვით, რომელიც არ აძლევს მოძრაობისა თუ მობრუნების შესაძლებლობას; ღორებს ამწყვდევენ მეტალის ყუთებში (წარმოადგენს 180 სმ2 საცხოვრებელ სივრცეს), რომელიც განთავსებულია ბეტონის უსუფთაო იატაკზე ყოველგვარი ჩალისა თუ საძილე ქვეშაგების გარეშე; ხოლო სახორცე საქონელს ათავსებენ გამოსაკვებ ნაგებობაში, რომელიც მოიცავს 100 000 ცხოველს. არასათანადო და შეუფერებელი ზედაპირი, რომელზედაც ცხოველებს უხდებათ დგომა, იწვევს ჩლიქისა და ფეხის მუდმივ დაზიანებას. რამდენადაც მათ არ შეუძლიათ მოძრაობა, ამიტომ ისინი იძულებულნი არიან იდგნენ თავიანთ ფეკალიებში. ასეთ შეზღუდულ და ანტისანიტარიულ პირობებში, ფაქტობრივად, ცხოველის ყველა ძირითადი ინსტინქტური სურვილები (მაგ. ნაშიერის გამოკვება, გაზმორება, მოძრაობა, მიწის ჩიჩქნა, ბეწვის მოვლა, ბუდეების აშენება, სქესობრივი ნადირობა, სოციალური წესრიგის დაყენება, მეწყვილის შერჩევა, შეწყვილება, გამრავლება და ნაშიერის გამოზრდა) იხშობა, რაც იწვევს მოწყენილობასა და სტრესს ცხოველებში. სტრესი და ანტისანიტარიული პირობები, ჯამში, იწვევს მათი იმუნური სისტემის დაქვეითებას. დაავადების გამო დიდი რაოდენობით დანაკარგის თავიდან ასაცილებლად ცხოველებს კვებავენ ანტიბიოტიკების უცვლელი დიეტითა და ზრდის ხელშემწყობი ჰორმონებით. როდესაც საქმე ეხება კვებას, დაავადების პრევენცია არ არის ერთადერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი. მეორეა ფასი. აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (USDA) დაამტკიცა დანახარჯის შემამცირებელი დიეტური „გამოგონებები“, რომლებიც ცხოველთა კეთილდღეობას უმნიშვნელოდ თუ უკავშირდება. ამგვარი დიეტა გულისხმობს ბალახისმჭამელი ცხოველების საკვებისთვის მკვდარი დაავადებული ცხოველების (ადამიანისთვის საკვებად უვარგისი) გადამუშავებული ნარჩენების დამატებას, ასევე ცემენტის მტვერის დამატებას საქონლის საკვებისთვის, რათა ხელი შეუწყოს წონის მყისიერ მომატებას და ცხოველთა საკვებისათვის თავიანთი ექსკრემენტების დამატებას.
ასეთ არაადამიანურ და სტრესულ პირობებზე ცხოველების რეაქცია გამოიხატება „სტერეოტიპებისა“ (ე.ი. სტრესითა და მოწყენილობით გამოწვეული, ნერვულად განმეორებითი ქცევები) და სხვა არაბუნებრივი ქცევების ჩამოყალიბებაში, მათ შორის კანიბალიზმში. მაგალითად, ქათმები, რომლებსაც არ აქვთ „კენკვის რიგითობა“ (pecking order, იერარქიული სტრუქტურა ფრინველებში) განვითარებული, სიკვდილამდე კორტნიან ერთმანეთს, ხოლო ნაძალადევი უმოძრაობით მოწყენილი ღორები კი რეგულარულად კბენენ კუდზე მათ წინ დაბმულ ღორებს. კანიბალიზმითა და აგრესიით გამოწვეული დანაკარგების თავიდან ასაცილებლად ცხოველები იღებენ წინასწარ დასახიჩრებებს. ქათმებისა და ინდაურების სიკვდილამდე ურთიერდაკორტნის თავიდან ასაცილებლად ფრინველებს გახურებული მწველი დანით აჭრიან ნისკარტს, რომელიც პირდაპირ ჭრის ნისკარტის ძალზე მგრძნობიარე რქას და პირის ღრუში ტოვებს ბებერას; ასევე, რათა თავიდან იქნას აცილებული ფრინველთა მიერ ერთმანეთის სიკვდილამდე დაკაწვრა (რომელსაც ფერმერული მრეწველობა უწოდებს „სახურავისთვის ძირის გამოთხრას“ (back ripping)) ხდება მათი თითების ამპუტაცია იგივე გაცხელებული დანის გამოყენებით. სხვა რეგულარულ დასახიჩრებებში შედის: წაჭრა (მამალ ფრინველებში ქირუგიული გზით ბიბილოსა და საყურის მოკვეთა), კუდის მოჭრა, დადაღვა, რქების მოჭრა, ყურზე ეტიკეტის მიკვრა, ყურის წაჭრა, კბილების ამოძრობა, კასტრაცია და საკვერცხეების ამოკვეთა. ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა ეს მტანჯველი პროცედურა ტარდება ანესთეზიის გარეშე. არაანესთეზირებული დადაღვა, რქების მოჭრა, ყურზე ეტიკეტის მიკვრა, ყურის წაჭრა და კასტრაცია სტანდარტული პროცედურებია არაინტენსიურ ფერმებშიც.
იმედგაცრუებასა და ტანჯვაში ცხოვრება სრულდება იმით, რომ ცხოველებს არაჰუმანური მეთოდებით ათავსებენ სატვირთო მანქანებში და გადაჰყავთ დიდ მანძილზე სასაკლაომდე საკვებისა და წყლის, აგრეთვე უამინდობისაგან სათანადო დაცვის გარეშე. ყოველ წელს ათეულ ათასობით ცხოველი კვდება და მილიონობით მძიმედ შავდება ამგვარი მოპყრობისა და ტრანსპორტირების შედეგად. მაგალითად, 1997 წელს, აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (USDA) ინსპექტორებმა მოახდინეს 22 ათასი იხვის, 26 მილიონი ინდაურისა და 30 მილიონი ქათმის კონფისკაცია მანამ, სანამ ისინი შეაღწევდნენ სასაკლაოში, რადგან სასაკლაომდე მიყვანამდე უკვე ან მკვდრები იყვნენ ან მძიმედ დაშავებულები. სასაკლაოს შიგნით ცხოველებს ჰკიდებენ თავდაღმა (ღორებს, საქონელსა და ცხვარს ჰკიდებენ უკანა ცალი ფეხით, რომელიც ხშირად ტყდება) და კონვეიერის მეშვეობით მიჰყავთ ყასბამდე, რომელიც ჭრის მათ ყელსა და საუღლე ვენას და საყასბო დანით უხვრეტს გულს. თეორიულად, ჰუმანური დაკვლის ფედერალური აქტის (Federal Humane Slaughter Act) მიხედვით ცხოველები უგრძნობ მდგომარეობამდე უნდა იქნან მიყვანილნი ელექტროდენის ან გამაბრუებელი იარაღის (Captive bolt pistol – პნევმატური იარაღი, რომელიც სათანადოდ დამიზნების შემთხვევაში აბრუებს და ცნობიერებას უკარგავს ცხოველს) მეშვეობით. ქათმები, ინდაურები, იხვები და ბატები არ შედიან ფედერალური აქტით დაცულ ცხოველთა რიცხვში და შესაბამისად, არც რაიმე მფარველობას იღებენ. პრაქტიკულად, ფედერალური კანონი არ ხორციელდება და შედეგად მრავალი სასაკლაო, ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე, ამჯობინებს უარი თქვას გამაბრუებელი იარაღის გამოყენებაზე. რაც შეეხება ელექტროშოკს, ნაკლებად სარწმუნოა, რომ ცნობიერების დაკარგვამდე შოკში ჩაგდება უმტკივნეულო პროცესი იყოს, რაც ეფუძნება იმ ადამიანთა განცხადებებს, რომელთაც საკუთარ თავზე განიცადეს ელექტროშოკური თერაპია. ჰუმანური დაკვლის ფედერალური აქტის დაუდევარი განხორციელების შედეგი არის ის, რომ უმეტეს შემთხვევაში ცხოველები ყელის გამოჭრის მძიმე განსაცდელის დროს სრულ ცნობიერებაზე არიან.
ცხოველთა მოვლისა და დაკვლის ამგვარი მეთოდები სრულებით არ არის იშვიათი: შინაურ ფრინველთა 97% იწარმოება 100 000 + ფრინველიან საწარმოებში, ღორების 97% და მთელი ქვეყნის მეწველი ძროხების ნახევარზე მეტი იზრდება სამწყვდევ სისტემებში, ყველა დასაკლავი ხბო, ძირითადად, არის ყუთებში გაზრდილი და სახორცე საქონლის 61% დაბმულია ცხოველთა ფერმებში არსებულ გამოსაკვებ მოედნებზე. რათა წარმოვიდგინოთ თუ რამდენი ცხოველი განიცდის ფერმერული მეურნეობის დაკანონებულ ტანჯვასა და სისასტიკეს, მხედველობაში უნდა მივიღოთ აშშ-ში დაკლულ ცხოველთა წლიური რაოდენობა. ეროვნული აგროკულტურის სტატისტიკური სამსახურის (National Agricultural Statistics Service) მიხედვით 36.3 მილიონი საქონელი, 1.58 მილიონი დასაკლავი ხბო, 92.0 მილიონი ღორი, 3.91 მილიონი ცხვარი და ბატკანი, 22.0 მილიონი იხვი, 290.2 მილიონი ინდაური და 7,903.5 მილიონი ქათამი იქნა დაკლული 1997 წელს. საერთო ჯამში, 8.35 მილიარდი ცხოველი იზრდება და იკვლება ყოველწლიურად (სათვალავში არ არის მიღებული ცხენები, თხები, კურდღლები, ემუები, სხვა შინაური ფრინველები და ასევე თევზები); ეს რიცხვი სრულად არ ასახავს ფერმის მოკლულ ცხოველთა საერთო დაოდენობას, რამდენადაც ის არ მოიცავს 921.4 მილიონ ცხოველს, რომელიც იღუპება მტანჯველი სიკვდილით დაავადების, არასათანადო კვების, დაშავების ან სულის შეხუთვისგან სასაკლაომდე მიღწევამდე ცხოველთა ფერმებში უკიდურესი ანტისანიტარიული პირობებისა თუ ტრანსპორტირებისას სასტიკი მოპყრობის შედეგად. ექსტრაპოლაციის (სტატისტიკაში: მოვლენის ერთ ნაწილზე დაკვირვების შედეგად მიღებული დასკვნების გავრცელება მის მეორე ნაწილზე) მიხედვით 25 მილიონზე მეტი ცხოველი იკვლება ყოველდღიურად (უხეშად რომ ვთქვათ 293 ცხოველი წამში) ცხოველური ხორცის წარმოების გამო. საკმარისია ითქვას, რომ სხვა არც ერთი ადამიანური საქმიანობა არ იწვევს იმდენ ტკივილს, ტანჯვას, დათრგუნვასა და სიკვდილს, რამდენსაც ფერმერული მეურნეობა და ცხოველთა აგრობიზნესი.

3. თქვენი რწმენების შედეგები: რატომ ხართ მიდრეკილი ხორცის ჭამის ამორალურობის აღიარებისკენ

ახლა კი მე შემოგთავაზებთ არგუმენტს ხორცის ჭამის ამორალურობის სასარგებლოდ, რომელიც დაფუძნებულია თქვენს რწმენებზე. ამჯერად მე წარმოგიდგენთ ერთმანეთთან დაკავშირებულ არგუმენტთა ერთობლიობას, რომელიც ეფუძნება წანამძღვართა წყების უმრავლესობას. თქვენ არ გიხდებათ ყველა წანამძღვრის დაჯერება, რათა ჩემი არგუმენტი წარმატებული იყოს, თუმცა რაც უფრო მეტი წანამძღვრის გწამთ, მით უფრო მეტად მიდრეკილი ხართ ხორცის ჭამის ამორალურობის აღიარებისკენ. მოხერხებულობისთვის, ყველა წანამძღვარი #1 – #16 ბოლოში თან ერთვის სტატიას.
თქვენი რწმენები #10 – #13 ადასტურებენ, რომ თქვენ უკვე გწამთ, რომ ცხოველებს შეუძლიათ განიცადონ ინტენსიური ტანჯვა და ტკივილი. მე არ მიწევს ვამტკიცო, რომ არაანესთეზირებული დადაღვა, კასტრაცია, ნისკარტის მოჭრა, კუდის მოკვეთა, კბილის ამოძრობა და ა.შ. იწვევს ცხოველთა საშინელ ტკივილს. თქვენ უკვე გწამთ, რომ ყველა ეს პროცედურა უზომოდ მტკივნეულია. შესაბამისად, ზემოთ განხილული ფერმერული მეურნეობისა და ცხოველთა დაკვლის მეთოდების გათვალისწინებით თქვენ უნდა აღიაროთ ფაქტი, რომ: (ფ1) ფაქტობრივად, ყველა კომერციული ცხოველთა აგროკულტურა, განსაკუთრებით ფერმერული მეურნეობა, იწვევს ცხოველთა ინტენსიურ ტანჯვასა და ტკივილს და, ამდენად, მნიშვნელოვნად ზრდის ტანჯვისა და ტკივილის ოდენობას მსოფლიოში. (ფ1) და თქვენი რწმენა (#1) ერთობლიობაში იწვევს იმას, რომ სხვადასხვაგვარი თანასწორობის შემთხვევაში, მსოფლიო უკეთესი იქნებოდა ცხოველთა აგროკულტურისა და ფაბრიკული ფერმების გარეშე. ასევე ფაქტია, რომ: (ფ2) თანამედროვე საზოგადოებაში ხორცით კვება სრულებით არ არის აუცილებელი ადამიანის არსებობისათვის, და შესაბამისად, ტანჯვა და ტკივილი, რომელიც მომდინარეობს ხორცის წარმოებისგან არის სრულიად არასაჭირო, ისევე როგორც ცხოველთა აგროკულტურაში დანერგილი ყველა სასტიკი მეთოდი. რამდენადაც არავის ჭირდება ხორცის ჭამა, ამდენად ყველა არაჰუმანური მოპყრობა, რომელსაც ფერმის ცხოველები რეგულარულად განიცდიან, ხორციელდება ყოველგვარი საფუძვლიანი მიზეზის გარეშე, და შესაბამისად, თქვენი რწმენა, რომ ცხოველებისადმი არაჰუმანური მოპყრობა ყოველგვარი საფუძვლიანი მიზეზის გარეშე [(#12)] არის მორალურად არასწორი და გასაკიცხი, გაიძულებთ აღიაროთ, რომ ფერმერული მეურნეობა და ცხოველთა აგრობიზნესი აგრეთვე არის მორალურად არასწორი და გასაკიცხი. უფრო მეტიც, თქვენი რწმენა, რომ მსოფლიო ნაკლები არასაჭირო ტანჯვით უკეთესია, ვიდრე მეტი არასაჭირო ტანჯვით [(#2)] (ფ2)-თან ერთად გულისხმობს, რომ მსოფლიო უკეთესი იქნებოდა ნაკლები რაოდენობის ცხოველთა აგროკულტურისა და ფაბრიკული ფერმების შემთხვევაში და ბევრად უკეთესი თუ ცხოველთა აგროკულტურა და ფაბრიკული ფერმები საერთოდ არ იარსებებდნენ. ამასთანავე, თქვენი რწმენა (#3)-ისა მიგიყვანთ იმ აზრამდე, რომ ფერმერული მეურნეობა არის არასწორი და prima facie არ უნდა იყოს მხარდაჭერილი ან წახალისებული. როდესაც მავანი ყიდულობს ფერმაში წარმოებულ ხორცს, ამ გზით ის მხარს უჭერს ფაბრიკულ ფერმებს ფინანსურად და ამდენად სტიმულს აძლევს მათ არასაჭირო სასტიკ მეთოდებს. ერთადერთი გზა ფაბრიკული ფერმების მხარდაჭერის თავიდან აცილებისა არის მათი პროდუქტების ყიდვის შეწყვეტა.
რამდენადაც (#3)-იდან გამომდინარე თქვენ გაგაჩნიათ prima facie ვალდებულება შეაჩეროთ ფერმერული მეურნეობისა და ცხოველთა აგროკულტურის მხარდაჭერა, თქვენ პრიმა ფაციე გაქვთ ვალდებულება გახდეთ ვეგეტარიანელი. ცხადია, prima facie ვალდებულებები იგნორირებადნი არიან. შესაძლოა მათი უგულვებელყოფა მოხდეს, უბრალოდ, იმ ფაქტით, რომ მათი შესრულება არის მეტისმეტად სამძიმო ან მოითხოვს უდიდეს ძალისხმევასა და თავგანწირვას. შესაძლოა, თუმცა ერთი რამ ნათელია: როდესაც მავანს შეუძლია პრიმა ფაციე ვალდებულების შესრულება მისი წილი მინიმალური ძალისხმევითა და ასევე სხვა ვალდებულებების შესრულების შეუფერხებლად, მაშინ ეს ვალდებულება ხდება შესასრულებლად აუცილებელი.
რაც შეეხება თქვენს prima facie ვალდებულებას ფერმერული მეურნეობისა და ცხოველთა აგროკულტურის მხარდაჭერის შეჩერებისა, თქვენ შეგიძლიათ მარტივად შეასრულოთ ის სხვა ვალდებულებების შესრულების შეფერხების გარეშე, უბრალოდ, ხორცის ჭამისაგან თავის შეკავებითა და სანაცვლოდ სხვა საკვების მიღებით. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ მიირვათ ვეგეტარიანული ბურგერი ჰამბურგერის მაგიერ, მაკარონის კერძი მარინერას სოუსით ხორცის სოუსის მაგიერ, ბურიტო ან ტოსტადა ტაკოს მაგიერ, წითელი ლობიო და ბრინჯი კაჯუნურად შემწვარი ქათმის მაგიერ, შემწვარი ტოფუ შემწვარი ნეკნების მაგიერ, ბოსტნეულის მუ შუ (Moo shu vegetables) ღორის ხორცის მუ შუს (Moo shu pork) მაგიერ, ბოსტნეულის სუპი ქათმის სუპის მაგიერ, თურქული ბარდას სალათი ქათმის სალათის მაგიერ და ა.შ. ეს მაგალითები ხაზს უსვამენ იმ სიმარტივეს, რომლის მეშვეობითაც მავანს შეუძლია თავიდან აიცილოს ხორცის ჭამა, ფაქტი, რომელიც ხშირად უსხლტებათ ხორცის მჭამელებს.
თქვენი რწმენებიდან (#1), (#2) და (#4) გამომდინარეობს, რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ არასაჭირო ტანჯვის ოდენობა მსოფლიოში. რამდენადაც ერთი რამ, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ არასაჭირო ტანჯვის მხარდაჭერის თავიდან ასაცილებლად არის ფერმერული მეურნეობის მხარდაჭერის შეწყვეტა ჩვენ მიერ მათი პროდუქტების შესყიდვაზე უარის თქმით, გამოდის, რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ შევწყვიტოთ ხორცის ყიდვა და მოხმარება.
თქვენი სხვა რწმენებიდანაც იგივე დასკვნა გამომდიანრეობს. თქვენ გწამთ, რომ (#5) მორალურად კარგი პიროვნება გადადგამს ნაბიჯებს, რათა აქციოს მსოფლიო უკეთეს ადგილად და უფრო მეტიც, უფრო ძლიერ ნაბიჯებს, რათა თავიდან აიცილოს მსოფლიოს უარეს ადგილად გადაქცევა; და (#6) თუნდაც mინიმალურად წესიერი პიროვნება გადადგამს ნაბიჯებს, რათა წვლილი შეიტანოს მსოფლიოში ზედმეტი რაოდენობის ტკივილისა და ტანჯვის შემცირებაში, თუ მას ეს შეუძლია ძალიან მცირე ძალისხმევის შედეგად. თქვენ, ასევე, გწამთ, რომ თქვენ ხართ მორალურად კარგი პიროვნება [(#7)]; ან სულ მცირე, მინიმალურად წესიერი პიროვნება [(#8)]. უფრო მეტიც, თქვენ გწამთ, რომ თქვენ ხართ იმ კატეგორიის პიროვნება, რომელიც აუცილებლად გადადგამს ნაბიჯებს, რათა წვლილი შეიტანოს მსოფლიოში ზედმეტი რაოდენობის ტკივილისა და ტანჯვის შემცირებაში, თუ თქვენ ეს შეგიძლიათ ძალიან მცირე ძალისხმევის შედეგად [(#9)]. როგორც ზემოთ იქნა ნაჩვენები, მცირეოდენი ძალისხმევის შედეგად თქვენ შეგიძლიათ გადადგათ ნაბიჯები, რათა შეამციროთ არასაჭირო ტანჯვის ოდენობა მსოფლიოში, უბრალოდ, ხორცის ნაცვლად სხვა საკვების მიღებით. შესაბამისად, (#6) გათვალისწინებით, თქვენ ვალდებულნი ხართ თავი შეიკავოთ ხორცის ჭამისაგან. (#9) შესაბამისად, თუ თქვენ ნამდვილად იმ კატეგორიის ადამიანი ხართ, როგორიც თქვენ გგონიათ რომ ხართ, თქვენ შეწყვეტთ ხორცის ჭამას და ამჯობინებთ ძალადობისგან თავისუფალი ვეგეტარიანული საკვების მიღებას.
საბოლოოდ, მეცხოველეობა (animal agriculture) არის უკიდურესად მფლანგველური, არაეფექტური და გარემოსთან მიმართებაში საკვების წარმოების დამანგრეველი საშუალება. სრული დისკუსია ცხოველთა აგროკულტურის არაეფექტურობისა და გარემოს მიმართ მავნებლობის შესახებ არ წარმოადგენს ამ ნაშრომის მთავარ მიზანს, თუმცა მოვიყვანთ ხუთ მაგალითს:
1. მეცხოველეობა არის საკვების წარმოების უკიდურესად ინტენსიური მეთოდი ენერგიის მოხმარების თვალსაზრისით. საშუალოდ, მას სჭირდება 28 კკალ ქვანახშირის ენერგიისა რათა აწარმოოს 1 კკალ ცხოველური ცილა, ხოლო 1 კკალ მცენარეული ცილის საწარმოებლად საჭიროა 3,3 კკალ ქვანახშირის ენერგიისა. რაც მეცხოველეობას რვაჯერ არაეფექტურს ხდის მარცვლეულის წარმოებასთან შედარებით.
2. მეცხოველეობა ბოსტნეულისა და მარცვლეულის წარმოებასთან შედარებით უკიდურესად არაეფექტურია წყლის მოხმარების თვალსაზრისითაც. 1 კგ ცხოველური ცილის წარმოებას ესაჭიროება 100-ჯერ მეტი წყალი, ვიდრე 1 კგ მცენარეული ცილის წარმოებას, მაგალითად, 1 კგ კარტოფილის მოსაყვანად საჭიროა 500 ლ წყალი, 1 კგ ხორბლისა კი 900 ლ. ხოლო 1კგ ხორცის წარმოებას ესაჭიროება 100 000 ლ წყალი. შესაბამისად, წყლის მოხმარება მეცხოველეობის წარმოებისათვის, რომელიც ნიშნავს მსოფლიოს მასშტაბით მტკნარი წყლის 87%-ის ხარჯვას, შესაძლებელია მნიშვნელოვნად შემცირდეს მემცენარეობაზე სრულად გადასვლის შემთხვევაში.
3. მეცხოველეობა არის ზედმეტად არაეფექტური აგრეთვე ნოყიერების თვალსაზრისითაც. ცხოველური ცილის საწარმოებლად მარცვლეულის გადამუშავებით ვკარგავთ მარცვლეულის ცილის 90%, მისი კალორიების 96%, ნახშირწყლების 100%-სა და მისი ბოჭკოების 100%.
4. მეცხოველეობის სხვა თანამდევი უარყოფითი შედეგი არის ნიადაგის ეროზია. აშშ-ში სახნავი მიწის უმეტესობა განკუთვნილია მოსავლის მოსაყვანად. აშშ-ში მოყვანილი ხორბლის 80% და შვრიის 95% დადგენილია პირუტყვთა გამოსაკვებად და სამეურნეო მიწების გადამეტებული დამუშავება ამ მოსავლის მისაღებად განაპირობებს 7 მილიონი ტონა მიწის სახნავი ზედაპირის დაკარგვას ყოველწლიურად. დევიდ პიმენტელი (David Pimentel), კორნელის უნივერსიტეტის პროფესორი აგროკულტურისა და ბუნებისმეტყველების დარგში, პრობლემის მნიშვნელობას შემდეგნაირად აღწერს: bოლო 40 წლის განმავლობაში, მსოფლიოს სახნავი მიწის დაახლოებით 1/3 დაიკარგა ეროზიის შედეგად და მისი კარგვა გრძელდება ყოველწლიურად 10 მილიონი ჰექტარის ოდენობით. აშშ კარგავს მიწას 13-ჯერ სწრაფი ტემპით მიწის ფორმირების ტემპთან შედარებით.
5. მეცხოველეობა ქმნის უდიდესი რაოდენობის სახიფათო ნარჩენებს ექსკრემენტების სახით. აშშ-ს მეცხოველეობა წარმოქმნის 113 400 კგ ექსკრემენტს ყოველ წამში, ხოლო 1 მილიარდ ტონა გადაუმუშავებელ ნარჩენებს ყოველწლიურად. აშშ-ს ბიუჯეტის კონტროლის მთავარი ოფისის (General Accounting Office) მიერ აშშ-ს სენატის აგროკულტურის, კვებისა და მეტყევეობის კომიტეტისადმი წარდგენილი მოხსენების თანახმად ცხოველთა მიერ წარმოებული ნარჩენები, რომლებიც მომდინარეობენ საკვები და საძოვარი ტერიტორიებიდან მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ წყლის ხარისხზე, აზიანებენ რა მდინარეებისა და ნაკადულების დაახლეობით 72%, ტბების 56%-სა და ზღვის ტოტების 43%. აშშ-ს ბიუჯეტის კონტროლის მთავარი ოფისის მოხსენების მიხედვით მეცხოველეობა არის ერთ-ერი მიზეზი მიწისქვეშა წყლის დაზიანებისა და ასევე: „დაბინძურების წყაროების ხუთ ძირითად კატეგორიას შორის (კომუნალური წერტილოვანი წყაროები, ქალაქის ტერიტორიიდან გამონადენები/წვიმის წყალსადინარი, მეცხოველეობა, სამრეწველო წერტილოვანი წყაროები და ბუნებრივი წყაროები), მეცხოველეობა მიჩნეულია მდინარეების, ნაკადულებისა და ტბების დაბინძურების ნომერ პირველ მიზეზად.“ დასკვნა ასეთია: მეცხოველეობა არის ყველაზე მეტად არაეფექტური, რესურსების გამოყენების თვალსაზრისით ინტენსიური, გარემოსთვის დიდი ზიანის მომტანი და საბოლოოდ, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და პირდაპირი ნაბიჯი, რომელიც მავანმა შეიძლება გადადგას გარემოს დასაცავად და მომავალი თაობებისათვის რესურსების შესანარჩუნებლად, მოითხოვს რა მინიმალურ ძალისხმევას, – ეს არის ხორცის ჭამის შეწყვეტა. რამდენადაც თქვენ გწამთ, რომ გაგაჩნიათ ვალდებულება დაიცვათ გარემო მომავალი თაობებისათვის და შეამციროთ გარემოს დაბინძურების მხარდაჭერა, თქვენი რწმენები გაიძულებენ გახდეთ ვეგეტარიანელი, რადგან ეს ყველაზე მარტივი გზაა გარემოს შენარჩუნებისა.
ზემოთ წარმოდგენილი მონაკვეთის მორალი ნათელია: თანმიმდევრულობა გაიძულებთ აღიაროთ, რომ ხორცის ჭამა ამორალურია და, ამდენად, აუცილებელს ხდის ვეგეტარიანელად გახდომას.

4. წინააღმდეგობები და პასუხები

შესაძლოა ხორცის ჭამა აუცილებელია სათანადოდ კვებისათვის

ჩემი არგუმენტის ძირითადი წინაპირობა (crucial premise) არის შემდეგი: (CP1) ტკივილი და ტანჯვა, რაც გარდაუვალად მოჰყვება ხორცის წარმოებას არის სრულებით არასაჭირო. მე დავიცავი (CP1) იმ საფუძვლით, რომ თანამედროვე საზოგადოებაში ხორცის მოხმარება საერთოდ არ არის საჭირო ადამიანის არსებობისთვის (ფ2). მაგრამ (CP1) არ გამომდინარეობს (ფ2)-დან, რამდენადაც ხორცის ჭამა შეიძლება იყოს აუცილებელი სხვა მიზეზის გამო, ვიდრე ადამიანის არსებობაა. შესაბამისად, მავანი შეიძლება შეგვეწინააღმდეგოს: „ხორცის ჭამა არ არის აუცილებელი ადამიანის არსებობისთვის, თუმცა ის კვლავ შეიძლება საჭირო იყოს ადამიანის ზრდა-განვითარებისთვის, რა შემთხვევაშიც (CP1) იქნებოდა მცდარი, რამდენადაც ტანჯვა და ტკივილი, რასაც ფერმის ცხოველები განიცდიან, საჭირო იქნებოდა ადამიანის კეთილდღეობისთვის.“
ხორცის საკვებად მოხმარება რომ ადამიანთა ზრდა-განვითარებისათვის ყოფილიყო საჭირო, მაშინ ჩემი არგუმენტი სერიოზულად შეილახებოდა, ამიტომ მოდით შევამოწმოთ მტკიცებულება. პირველ რიგში განვიხილოთ საწინააღმდეგო მაგალითები. რამდენადაც მსოფლიო დონის ათლეტური შეჯიბრება არის ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული და ფიზიკურად დამღლელი საქმიანობა რაშიც ადამიანმა შეიძლება მიიღოს მონაწილეობა, მავანი არც უნდა მოელოდეს იქ დიდად წარმატებულ ვეგეტარიანელ ათლეტსა თუ ვეგეტარიანელ რეკორდსმენებს ხორცის ჭამა რომ ყოფილიყო ადამიანის ზრდა-განვითარებისათვის მნიშვნელოვანი. თუმცა, მსოფლიო კლასის ვეგეტარიანელ ათლეტთა სია საკმაოდ გრძელია და მოიცავს: დეივ სკოტს (Hawaii’s Ironman Triathlon-ის ექვსგზის გამარჯვებული), სიქსტო ლინარესს (მსოფლიო რეკორდსმენი 24 საათიან ტრიატლონში), ედვინ მოსესს (400 მეტრზე ბარიერისტი, საერთაშორისო შეჯიბრებებში დაუმარცხებელი 8 წლის განმავლობაში), პაავო ნურმის (20 მსოფლიო რეკორდი და 9 ოლიმპიური მედალი), ანდრეას კალინგს (1980 Mr. International ტიტულის მფლობელი ბოდიბილდინგში) და რიგლი აბელეს (აშშ-ის კარატის ასოციაციის მსოფლიო ჩემპიონი). ამრიგად, ჩვენ დავასახელეთ რამდენიმე ადამიანი, რომელიც გვარწმუნებს იმაში, რომ ხორცის ჭამა არ არის აუცილებელი ადამიანის ზრდა-განვითარებისთვის.
მეორე რიგში განვიხილოთ დაავადებები, რომლებიც ასოცირდებიან ხორცისა და ცხოველური პროდუქტების საკვებად მოხმარებასთან – გულის დაავადება, სიმსივნე, ინსულტი, ოსტეოპოროზი (ძვლის დაავადება), დიაბეტი, მომატებული სისხლის წნევა, ართრიტი და სიმსუქნე – როგორც დოკუმენტირებულია უამრავ ავტორიტეტულ კვლევებში. ოთხი მაგალითი საკმარისი უნდა იყოს:
1. ლომა ლინდას (Loma Linda) კვლევის შედეგად, რომელიც მოიცავდა 24 000 ადამიანს, დადგინდა, რომ ლაქტო-ოვო-ვეგეტარიანელ მამაკაცებს (საკვებად მოიხმარენ კვერცხს და რძის ნაწარმს, მაგრამ არა ხორცს) ჰქონდათ კორონარული დაავადებით (Coronary Heart Disease) გამოწვეული სიკვდილიანობის 61%-ით დაბალი მაჩვენებელი, ვიდრე კალიფორნიას მთელ მოსახლეობას. ვეგან მამაკაცებს უკეთესი შედეგი ჰქონდათ: კორონარული დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 86%-ით დაბალი იყო, ვიდრე კალიფორნიას მთელ მოსახლეობის.
2. ფრემინგემის გულის კვლევითი ცენტრი (Framingham heart Study) აკვირდება ფერმინგემის (მასაჩუსეტსი) ათასობით მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრებისა და კვების წესს 1984 წლიდან. დოქტორი უილიამ კასტელი, კვლევითი ცენტრის დირექტორი უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, კვლევაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ გულსისხლძარღვთა სისტემისთვის ყველაზე ჯანსაღი დიეტა – წმინდა ვეგეტარიანული (pure vegetarian) დიეტაა. შესაძლოა, ვეგეტარიანელები იტანჯებიან ან იღუპებიან სხვა დაავადებებით უფრო ადრე, ვიდრე მათი ხორცისმჭამელი მოწინააღმდეგენი. კასტელის აზრით: vეგეტარიანელები არამხოლოდ უფრო მეტ ხანს ცოცხლობენ, არამედ ისინი არ არიან ისეთი დეგენერაციული დაავადებების მსხვერპლნი, როგორებიცაა: დიაბეტი, მომატებული სისხლის წნევა და ა.შ., რომლებიც ანელებენ ჩვენი ცხოვრების ტემპს და ქრონიკულად გვავაავადებენ.
3. კორნელ-ოქსფორდ-ჩინეთის ჯანმრთელობის პროექტი (Cornell-Oxford-China health project) სისტემატურად აკვირდება კონტინენტური ჩინეთისა და ტაივანის 56 ოლქიდან 6500 ოჯახის კვების, ცხოვრების სტილისა და დაავადების ხასიათს (pattern). ამ კვლევის შედეგად მიღებულმა ინფორმაციამ კვლევის დირექტორს უფლება მისცა დაესკვნა, რომ 80-90% ყველა სახის სიმსივნისა შეიძლება გაკონტროლებულ ან თავიდან აცილებულ იქნას ნაკლებ ცხიმიანი (10-15% ცხიმი) ვეგეტარიანული დიეტით.
4. დენ ორნიშის (Dean Ornish) კვლევაში დამტკიცდა, რომ განვითარებული კორონარული დაავადებისგან განკურნება შესაძლებელი იყო სტრესის შემცირებისა და უკიდურესად ნაკლებ ცხიმიანი ვეგეტარიანული დიეტის კომბინაციით. კვლევის ყველა პაციენტს გააჩნდა 50%-ზე მეტი სტენოზი (ღრუ ან მილოვანი ორგანოების დავიწროება, რაც აძნელებს მათ მოქმედებას) ერთ ან მეტ კორონარულ არტერიებში. საცდელი ჯგუფის წევრები მონაწილეობდნენ სტრესის მართვის სწავლებაში და იკვებებოდნენ 1400 კალორიანი დიეტით, რომელიც შეიცავდა ახალ ხილსა და ბოსტნეულს, დაუმუშავებელ მრაცვლეულს, პარკოსან მცენარეებს, ბოლქვებს და სოიას მარცვლებს, მაშინ, როცა საკონტროლო ჯგუფი აგრძელებდა თავის ყოველდღიურ საქმიანობას სამსახურში და სახლში. 6 კვირის შემდეგ კორონარული ფუნქციის ძირითადი მაჩვენებელი საცდელ ჯგუფში გაუმჯობესდა 6,4%-ით, ხოლო საკონტროლო ჯგუფში გაუარესდა 1,7%-ით. დამატებით, საცდელმა ჯგუფმა აჩვენა პლაზმური ქოლესტერინის 20,5%-ით შემცირება, ანგინის სიხშირის 91%-ით შემცირება და წონის დაკლება 4,5 კგ-ით. რაც შეეხება საკონტროლო ჯგუფს, მას არ უჩვენებია რაიმე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება რომელიმე სფეროში. ამ და სხვა უამრავმა კვლევებმა აიძულა ამერიკის კვების ასოციაცია (American Dietetic Association), ქვეყნის წამყვანი კვების ორგანიზაცია, რათა დაესკვნა შემდეგი:
მეცნიერული ინფორმაციის საფუძველზე მტკიცდება პოზიტიური დამოკიდებულება ვეგეტარიანულ დიეტასა და ქრონიკული დეგენერაციული დაავადებების (გულის დაავადება, სიმსივნე, დიაბეტი, მომატებული სისხლის წნევა, და სიმსუქნე) რისკის შემცირებას შორის. ამერიკის კვების ასოციაციის (ADA) პოზიციაა, რომ სათანადოდ დაგეგმილი ვეგეტარიანული დიეტა არის ჯანსაღი, ადეკვატური და სასარგებლო გარკვეული დაავადებების თავიდან აცილებასა და განკურნებაში.
ამერიკის მედიცინის ასოციაციის ჟურნალში ერთ-ერთი სტატია ეთანხმება მტკიცებას: „ვეგეტარიანულ დიეტას შეუძლია კორონარული არტერიის დახშობის 97%-ის თავიდან აცილება.“ ამ აღმოჩენების ფონზე, მედიკოსთა კომიტეტი რეკომენდაციას იძლევა ჩვენი კვების რეჟიმი დავაფუძნოთ საკვების შემდეგ ოთხ ჯგუფზე: 1) მარცვლეული (5+ ულუფა დღეში); 2) ბოსტნეული (3+ ულუფა დღეში); 3) ხილი (3+ ულუფა დღეში); 4) პარკოსანი მცენარეები (2+ ულუფა დღეში). კვების რეჟიმიდან ამოღებულია ხორცი და რძის პროდუქტები, ცხიმისა და ქოლესტერინის ძირითადი წყარო ამერიკულ დიეტაში. მტკიცებულება აშკარაა: ვეგეტარიანული დიეტა კვების კუთხით აღემატება ხორცზე დაფუძნებულ დიეტას. მავანს არ შეუძლია უარყოს (CP1) იმ საფუძვლით, რომ ხორცის ჭამა აუცილებელია ადამიანის კეთილდღეობისთვის, რადგან ის არ არის აუცილებელი. პირიქით, ის მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის.

უტილიტარიანული გამბიტი: შესაძლოა ადამიანის გემოვნებითი სიამოვნება გადაწონის (აღემატება) ცხოველთა ტანჯვას

სპეცისისტი ხორცისმჭამელი შეიძლება შემეწინაამღდეგოს, რომ მე მოხერხებულად გამოვტოვე მისი შესაფერისი რწმენა: (#17) ადამიანის სიამოვნება ყოველთვის გადაწონის ცხოველის ტანჯვას. (#17)-ის მხედველობაში მიღებით, რამდენადაც ადამიანის გემოვნებითი სიამოვნება მომდინარეობს ცხოველთა სხეულის ჭამით, სხვა გარემოებები არ არიან თანასწორნი. შესაბამისად, მილიონობით ფერმის ცხოველთა აგონიის გამამართლებელი მიზეზი ეს არის – გემო.
პირველი, თქვენ ნამდვილად არ გწამთ (#17). გავიხსენოთ ჰერმანის კატა. თქვენ არ გწამთ, რომ სიამოვნება, რომელსაც ავაზაკები კატის ცოცხლად დაწვისგან იღებენ მორალურად ამართლებს კატის ტანჯვის არიდების ინტერესის მათ მიერ უგულებელჰყოფას. თქვენ არ გწამთ, რომ სიამოვნება, რომელსაც სადისტი სატანისტი იღებს სრულ ცნობიერებაზე მყოფი ძაღლის ცოცხლად გატყავებითა და შეჭმით (თუნდაც ის იღებს უზარმაზარ გემოვნებით სიამოვნებას ამის კეთებით) გადაწონის ძაღლის ინტერესს თავიდან აიცილოს მსგავსი ტანჯვა. თქვენ, უბრალოდ, არ გწამთ, რომ ადამიანის ტრივიალური სიამოვნება გადაწონის მილიარდობით ცხოველთა უმნიშვნელოვანეს ინტერესებს.
მეორე, იმის შეფასებისას ხორცისმჭამელის მიერ ხორცის ჭამის შედეგად მიღებული სიამოვნება გადაწონის თუ არა იმ ცხოველის ტკივილს, რომელიც გახდა ეს ხორცი, შეცდომაა ხორცის ჭამის შედეგად გამოწვეული სიამოვნების შედარება არაფრის ჭამით გამოწვეულ იმედგაცრუებასთან. პირიქით, ხორცის ჭამის შედეგად მიღებული სიამოვნების შეფასებისას მავანმა უნდა შეადაროს სიამოვნება, რომელიც მიიღება ხორცის ჭამისაგან იმ სიამოვნებას, რომელიც მიიღება სხვა საკვების ჭამისაგან. ჩავთვალოთ, რომ თქვენი საკვები საშუალება არის მხოლოდ ხორცი (beef tacos) და ლობიო (bean tostadas). თუ თქვენ მიიღებდით ათ ჰედონ სიამოვნებას ხორცის ჭამისაგან და ცხრას ლობიოსაგან, მაშინ მხოლოდ ერთი ჰედონი იქნება დაკავშირებული ხორცის ჭამასთან. რამდენადაც ხორცით მომზადებული ნებისმიერი კერძის ჩანაცვლება შეიძლება ბოსტნეულით, რომელიც მოგანიჭებთ დაახლოებით იგივე ზომის სიამოვნებას, ნაკლებად სარწმუნოა, რომ მინიმალური სიამოვნება, რომელსაც მავანი ხორცის ჭამისაგან იღებს გადაწონის უწყვეტ და მტანჯველ ტკივილს გამოწვეულს კასტრაციით, ბრენდირებით, რქებისა და კუდის ამპუტაციითა და ა.შ.
მესამე, ცხოველები არ არიან ერთადერთი არსებები, რომლებიც იტანჯებიან ხორცის ინდუსტრიის შედეგად. მილიარდობით ადამიანი იტანჯება აგრეთვე ხორცის ინდუსტრიის გამოისობით, 1,3 მილიარდი ადამიანის ჩათვლით, რომლებიც იტანჯებიან ქრონიკული შიმშილობით, მილიონობით თავად ხორცისმჭამელები, რომლებიც იტანჯებიან გულის დაავადებით, სიმსივნით, ოსტეოპოროზით (ძვლის დაავადება), მომატებული სისხლის წნევითა და სიმსუქნით, და ასევე ამ ხორცისმჭამელთა შვილები, რომელთაც უმოკლდებათ სიცოცხლის ხანგრძლივობა იმ დამაუძლურებელი დაავადებების შედეგად, რომლებიც ვითარდებიან ხორცზე დაფუძნებული დიეტით. ხორცის ჭამაზე უარის თქმით ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირებთ დამაუძლურებელი დაავადებების შედეგად გამოწვეულ ტანჯვას, ასევე შევამცირებთ ჩვენივე შვილების იგივე დაავადებით გამოწვეული ტანჯვის რისკს, და ჩვენ, ყოველშემთხვევაში არაპირდაპირ, შევამცირებთ მსოფლიო შიმშილობას მარცვლეულით გამოკვებილ ხორცზე მოთხოვნის შემცირებით, გავათავისუფლებთ რა მარცვლეულს ადამიანთათვის. ასე რომ, თქვენ რომ სპეცისისტი ყოფილიყავით, რომელსაც წამდა (#17) და ზრუნავდა მხოლოდ ადამიანებზე, თქვენი სხვა რწმენების თანმიმდევრობა გაიძულებდათ ხორცის ჭამის შეწყვეტას.

შესაძლოა მცენარეები გრძნობენ ტკივილს

შესაძლოა, მაგრამ თქვენ არ გწამთ ამის. თქვენ დადიხართ ბალახზე, კრეჭთ საკუთარ გაზონს და სხლავთ ცოცხალ ღობეს (hedge) იმაზე წუხილის გარეშე, რომ თქვენ შეიძლება მცენარეებს ტკივილს აყენებდეთ. მაგრამ თქვენ არასოდეს დააბიჯებთ საკუთარ ძაღლს კუდზე ან მოაჭრით ფეხებს, რადგან თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ამ გზით თქვენს ძაღლს საშინელ ტკივილს მიაყენებთ. მარტოოდენ ჰიპოთეზა, რომ მცენარეები შესაძლოა გრძნობდნენ ტკივილს ვერ გააბათილებს ჩემს არგუმენტს, რადგანაც ჩემი არგუმენტი ეფუძნება თქვენს რწმენებს. რამდენადაც თქვენ არ გწამთ, რომ მცენარეები გრძნობენ ტკივილს, განხილულის შეწინააღმდეგება არანაირ მიზეზს გაძლევთ ხორცის ჭამის გასაგრძელებლად.

უზენაესი დიეტოლოგი

ხალხი ყოველთვის ცდილობს გაამართლოს თავისი ხორცისმჭამელური ჩვეულებანი იმის მტკიცებით, რომ ღმერთს სურს, რომ მათ ჭამონ ხორცი და მათთვის სასურველ რელიგიურ ტექსტზე უთითებენ როგორც ღმერთის ნების მტკიცებულებაზე. ამგვარი „გამართლება“ ერთგვარად დამაბნეველია, რამდენადაც ყველა ძირითადი რელიგია ასწავლის ყველა ცოცხალი არსებისადმი თანაგრძნობას. ისლამი ქადაგებს ცხოველებისადმი კეთილად მოპყრობას; ჰინდუიზმის თეორია რეინკარნაციის შესახებ მხარს უჭერს ყველა ცხოველის თანაბარ პატივისცემას; და ბუდისტის ეთიკური ქცევის პირველი წესი არის მგრძნობიარე არსებებისთვის ვნების არმიყენება. იუდაიზმიც და ქრისტიანობაც აღიარებს ძველ აღთქმას, რომელიც ამბობს: „და თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო.“ მაშინ რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთს სურს, რომ ხორცი ვჭამოთ? ჩანაწერების ძიება ისეთ ტექსტებში, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ზემოხსენებულ სწავლებებს ვერ გადაწყვეტს საკითხს, რამდენადაც ამ ტექსტთა სწავლებანი ურთიერთსაწინააღმდეგოა, შესაბამისად ჩვენ არავითარი ნათელი მინიშნება გაგვაჩნია იმაზე თუ რა სურს ღმერთს რომ ვჭამოთ.
საბედნიეროდ, ჩვენ შეგვიძლია გვერდი ავუაროთ ამ წარუმატებელ ჰერმენევტიკულ პროექტს. არსებობს ბევრად უფრო დამაჯერებელი არგუმენტი „ღმერთს სურს, რომ ჩვენ ვჭამოთ ხორცი“-ს წინააღმდეგ. თუ ღმერთს სურს, რომ ჩვენ ვჭამოთ ხორცი, მაშინ ის ან უმეცარია, ან უგუნური ან ბოროტი. თუ ღმერთმა არ იცის, რომ ხორცის ჭამა იწვევს გულის შეტევას, სიმსივნეს, ინსულტს და ა.შ., მაშინ ის უმეცარია სწორად კვების თვალსაზრისით. თუ ღმერთმა იცის, რომ ხორცის ჭამა მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისათვის, მაგრამ მიუხედავად ამისა მას მაინც სურს, რომ ჩვენ ვჭამოთ ხორცი, მაშინ ის ან ბოროტია და სურს ავი შეგვამთხვიოს ან უგუნურია, რამდენადაც იმისდა მიუხედავად, რომ მას სურს ჩვენი ჯანმრთელად ყოფნა ის გვთავაზობს ჩვენი ჯანმრთელობისათვის მავნებელ დიეტას. რამდენადაც, განსაზღვრების მიხედვით, ღმერთი არც უმეცარია, არც უგუნური და არც ბოროტი, მაშინ უმართებულოა ვირწმუნოთ, რომ ღმერთს სურს, რომ ჩვენ ვჭამოთ ხორცი.

თავისუფალი გადაადგილების (Free Range) ფანტაზია

ჩემს არგუმენტს კრიტიკოსი შეიძლება ასე შეეწინააღმდეგოს:

კარგი, ჩემთვის გასაგებია შენი სტრატეგია. შენ ცდილობ დამანახო, რომ ჩემი რწმენების თანმიმდევრულობა მაიძულებს ვაღიარო, რომ ხორცის ჭამა არასწორია. დავუშვათ მე ვაღიარებ, რომ ფერმერული მეურნეობა იწვევს განგრძობად, არასაჭირო, მტანჯველ ტკივილს და რომ ჩემი რწმენები (#1) – (#12) მაიძულებენ ვირწმუნო ფერმერული მეურნეობით მოპოვებული ხორცის ჭამის ამორალურობა. მიუხედავად ამისა, შენ ისევ უნდა დაამტკიცო, რომ ჩემი რწმენები მაიძულებენ ვაღიარო ჰუმანურად გაზრდილი ცხოველების ჭამის ამორალურობა. რა არის ცუდი ისეთი ცხოველების ჭამაში, რომლებსაც სიცოცხლის განმავლობაში თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდათ, ეპყრობოდნენ ჰუმანურად და დაკვლისას ტკივილი არ განუცდიათ? როგორ შეუძლიათ ჩემს რწმენებს მიმიყვანონ იმ დასკვნამდე, რომ მათი ჭამა ამორალურია?

ჩემი პასუხი ასეთი კრიტიკოსისადმი ოთხნაწილიანია: პირველი, ფერმერული მეურნეობით მოპოვებული ხორცის ჭამის ამორალურობის აღიარებით თქვენ აღიარებთ, რომ ამორალურია იმ ხორცის 90%-ის ჭამა, რომლითაც თქვენ იკვებებით. მეორე, ტერმინი „თავისუფალი გადაადგილება“ (free range) აუცილებლად არ გულისხმობს მეცხოველეობის ჰუმანურ მეთოდებს. აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (USDA) ეტიკეტირების სამსახურის მიხედვით “თავისუფლად მოძრავ ფრინველში იგულისხმება ფრინველი, რომელსაც შენობის გარეთ გასვლის შესაძლებლობა აქვს“ მიუხედავად იმისა თუ რამდენად მცირე მოცულობისაა შენობის გარე ტერიტორია. ტერმინი „თავისუფალი გადაადგილება“ უბრალოდ გულისხმობს ფრინველებს, რომლებიც არ გაზრდილან გალიებში, თუმცა ისინი მუდმივად იყვნენ გამოკეტილნი ფერმაში. შესაბამისად, ბროილერის ქათმები, რომლებიც არ ყოფილან მოთავსებულნი გალიებში და განკუთვნილი ჰქონდათ ინდუსტრიულად რეკომენდირებული 21 სმ2 ფართობის სივრცე, სრულიად ლეგალურად შეიძლება გაყიდულ იქნან როგორც „თავისუფლად მოძრავი/მოხეტიალე“ ფრინველები. უფრო მეტიც, მტკივნეული სახიჩრობები, რომლებიც ზემოთ იქნა უკვე განხილული რუტინულად ხორციელდება არაინტენსიური და „თავისუფალი გაადგილების“ რეჟიმის ფერმებში. დამატებით, თუკი დავუშვებთ, რომ „თავისუფლად მოძრავ/მოხეტიალე“ ცხოველებს ფერმაში ყოფნისას კარგი ცხოვრება ჰქონდათ, მაინც არ არსებობს ცხოველთა ჰუმანური ტრანსპორტირების საშუალებები და ჰუმანური სასაკლაოები. ერთადერთი გზა იმაში დარწმუნებისა, რომ ცხოველი, რომელსაც თქვენ ჭამთ ჰუმანურად გაზრდილი და დაკლულია არის ცხოველის თქვენივე ხელით გამოზრდა და დაკვლა. მესამე, თქვენ რომც გქონოდათ დრო, სივრცე და სურვილი თქვენი „სადილის“ გამოზრდისა და დაკვლის, თქვენ მაინც დააყენებდით საფრთხის ქვეშ თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობას და დახარჯავდით იმ რესურსებს, რომელთა უკეთესი გზით გამოყენება შეამცირებდა შიმშილობასა და კვების ნაკლებობას. „ბედნიერ ძროხებსაც“ კი ჭირდებათ 6 კგ მარცვლეულობა, რათა წარმოქმნან 500 გრ ხორცი. მეოთხე და ყველაზე მნიშვნელოვანი, თქვენ უკვე გწამთ, რომ ყოველგვარი თანასწორობის შემთხვევაში, ცნობიერი და მგრძნობიარე არსების მოკვლა უფრო ცუდია ვიდრე მცენარისა. საილუსტრაციოდ მოვიყვანთ ენდრიუ ტარდიფის მაგალითს. დავუშვათ, რომ ჩვენ შეგვიძლია კაცობრიობისთვის სასარგებლო შედეგის მომტანი ექსპერიმენტის ჩატარება ძაღლზე ან მცენარეზე. ექსპერიმენტის შედეგი ორივე შემთხვევაში იქნება თანაბრად სანდო და ღირებული, თუმცა გამოიწვევს საცდელი ობიექტის სიკვდილს. ყველა, ვინც ეთანხმება (#14) აუცილებლად აღიარებს, რომ ჩვენ ვალდებული ვართ ექსპერიმენტი ჩავატაროთ მცენარეზე. მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ გააჩნიათ გარკვეული ეჭვები, ტარდიფი ცვლის თავის მაგალითს: კვლავ, ჩვენ შეგვიძლია კაცობრიობისთვის სასარგებლო შედეგის მომტანი ექსპერიმენტის ჩატარება ძაღლზე ან მცენარეზე და კვლავ, ექსპერიმენტის შედეგად საცდელი ობიექტი დაიღუპება, მაგრამ ამ შემთხვევაში დავუშვათ, რომ ჩვენ მივიღებთ კაცობრიობისთვის გაცილებით დიდ სარგებელს ექსპერიმენტის მცენარეზე ჩატარებით, ვიდრე ამას მივიღებდით ექსპერიმენტის ძაღლზე ჩატარებით. ცხადია თქვენ მხარს დაუჭერთ ექსპერიმენტის მცენარეზე ჩატარებას. ახლა კი შევადაროთ ეს შემთხვევა საკვების შემთხვევას. თქვენ უკვე გწამთ, რომ ყოველგვარი თანასწორობის შემთხვევაში ცნობიერი და მგრძნობიარე ცხოველის მოკვლა უფრო ცუდია ვიდრე მცენარისა. მაგრამ, საკვების შემთხვევაში სხვა საკითხები არ არიან თანასწორნი. რამდენადაც მცენარეზე დაფუძნებული დიეტა უფრო ნოყიერი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა ვიდრე ხორცზე დაფუძნებული დიეტა, (#14) გაიძულებთ აღიაროთ, რომ საკვებისათვის ცნობიერი და მგრძნობიარე ცხოველის მოკვლა უფრო ცუდია ვიდრე მცენარის, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს ცხოველები ჰუმანურად იყვნენ გაზრდილნი.

თანმიმდევრობა: ორლესული ხმალი

მე-4 თავში აღვნიშნე, რომ არგუმენტთა თანმიმდევრობა გაიძულებთ აღიაროთ, რომ ხორცის ჭამა ამორალურია. მე ეს გავაკეთე იმის ჩვენებით, რომ როცა თქვენი რწმენები უკავშირდება ორ უდავო ფაქტს, იგულისხმება, რომ ხორცის ჭამა მორალურად არასწორია და იპსო ფაცტო ვეგეტარიანიზმი მორალურად სავალდებულო ხდება. მე ეს არგუმენტი წარმოვადგინე შემდეგი ფორმით:

[(#1), (#2), . . . . , (#16), (ფ1), (ფ2)] → ხორცის ჭამა ამორალურია

ცხადია, როგორც ჰერმანმა და პოლოკმა აღნიშნეს vis-à-vis სკეპტიციზმი, რომელიც წარმოდგენილია სწორი სკეპტიკური არგუმენტით

[#1, . . . , #n] →  K,

არ გაიძულებთ აღიაროთ  K, უფრო გონივრული იქნება უარყოთ რომელიმე # წანამძღვარი, ვიდრე აღიაროთ  K.
მსგავსად, მავანი შეიძლება შეეწინააღმდეგოს ჩემს არგუმენტს შემდეგნაირად: „თანმიმდევრობა არ მოითხოვს, რომ მე ვაღიარო ხორცის ჭამის ამორალურობა. თანმიმდევრობა მოითხოვს, რომ მე ან ხორცის ჭამის ამორალურობა ვაღიარო ან უარვყო ჩემი ერთ-ერთი რწმენა. რას შეუძლია უარი მათქმევინოს უკანასკნელის გაკეთებაზე?“ პირველი, ეს ორი შემთხვევა არ არის ანალოგიური. სკეპტიკოსის რომელიმე (ზოგიერთი) # არგუმენტის უარყოფით თქვენ უარყოფთ სკეპტიკოსის რომელიმე რწმენას; მაშინ, როცა ჩემი რომელიმე არგუმენტის (#) უარყოფით თქვენ უარყოფთ თქვენს საკუთარ რომელიმე მტკიცე რწმენას. რამდენადაც (#1) – (#16) თქვენი რწმენებია, სულაც არ არის ცხადი, რომ თქვენ შეძლოთ შეწყვიტოთ ერთ-ერთისადმი რწმენა – მაგალითად, თქვენ არ შეგიძლიათ უფრო ნაკლებად დაიჯეროთ, რომ ცხოველებს გააჩნიათ ტკივილის შეგრძნება, ვიდრე ადამიანებს. უფრო მეტიც, ჩემი არგუმენტები შედგება მთელი წყება არგუმენტებისაგან, რომლებიც ეფუძნება {(#1), . . . , (#16)} წანამძღვართა დიდ ნაწილს. შესაბამისად, მაშინ, როცა მავანს შეუძლია სკეპტიკოსის არგუმენტისგან თავი დაიძვრინოს ერთი #-ს უარყოფით, ჩემი არგუმენტის შემთხვევაში თქვენ უნდა უარყოთ თქვენი არაერთი რწმენა. მეორე, თქვენ რომც შეგეძლოთ ამ რწმენების უარყოფა, თქვენი მხრიდან არაგონივრული იქნებოდა ამის გაკეთება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თქვენ, როგორც ფილოსოფოსი, უფრო მეტით ხართ დაინტერესებული, ვიდრე თანმიმდევრობით; თქვენ დაინტერესებული ხართ ჭეშმარიტებით. ამდენად, თქვენ არ უარყოფთ რომელიმე რწმენას მხოლოდ თანმიმდევრობისთვის. თქვენ უარყოფთ იმ რწმენას, რომელსაც თქვენ მცდარად მიიჩნევთ. ამჟამად თქვენ თვლით, რომ თქვენი რწმენათა სისტემა უმეტესწილად მართებულია ან თქვენ უკვე შეიტანეთ მასში მნიშვნელოვანი ცვლილებები. ასე რომ, თქვენ მოისურვებთ უარყოთ რაც შეიძლება ნაკლები ოდენობის რწმენა. რამდენადაც (#1) – (#16) წანამძღვრები სავსეა მასში ნაგულისხმევი აზრით (მნიშვნელობებით), ზოგიერთი მათგანის უარყოფა გამოიწვევს თქვენი სხვა უამრავი რწმენის უარყოფას ტკივილზე არათანმიმდევრულობის გამო, მაშინ როცა ხორცის ჭამის ამორალურობის აღიარება მოითხოვს თქვენი რწმენის მინიმალური ოდენობის გადასინჯვას. მარტივად რომ ვთქვათ, ხორცის ჭამის ამორალურობა შეესაბამება თქვენს მართებულ რწმენებს, შედეგად უფრო გონივრულს ხდის დაეთანხმოთ ხორცის ჭამის ამორალურობას ვიდრე უარყოთ თქვენი რომელიმე სხვა რწმენები.

5. დასკვნა

დასკვნის სახით შემოგთავაზებთ თქვენი რწმენების ორ საბოლოო შედეგს. პირველი, თქვენი რწმენები გაიძულებენ აღიაროთ არა მარტო ვეგეტარიანული დიეტის სავალდებულოობა, არამედ ვეგანური დიეტისაც, რომელიც გამორიცხავს ნებისმიერი სახის ცხოველურ პროდუქტს. აი, რატომაც: მე-4 თავში ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ვეგანური დიეტა არის ყველაზე ნოყიერი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო დიეტა, რომელიც ადამიანს შეიძლება გააჩნდეს. აგრეთვე, ძირითადი შეხედულებისაგან განსხვავებით (საპირისპიროდ) ვეგანურ დიეტაზე ყოფნა საკმაოდ ადვილია. რომ დარწმუნდეთ თუ რამდენად ადვილია ეს გადახედეთ მე-3 თავს, სადაც მე წარმოვადგინე ადვილად ხელმისაწვდომი ვეგეტარიანული კერძების საკმაოდ გრძელი სია, რომლებიც ფაქტიურად ვეგანურიცაა. რამდენადაც კვერცხი და რძის პროდუქტები კვების თვალსაზრისით არაა აუცილებელი და მათთვის თავის არიდებაც სირთულეს არ წარმოადგენს, ჩვენთვის უკვე გასაგებია თუ რატომ მიიჩნევა თქვენი რწმენების მიხედვით ამ პროდუქტების ჭამა ამორალურად.
მოდით დავიწყოთ კვერცხის წარმოების განხილვით. არსებობს ქათმის ორი განსხვავებული სახეობა: კვერცხის მდებელი ქათამი (“layer”) კვერცხის წარმოებისთვის და სახორცე ქათამი (“broiler”) ხორცის წარმოებისთვის. რამდენადაც კვერცხის მდებელი ქათმები ხორცის წარმოებისთვის შეუფერებლად მიიჩნევიან და მამალი წიწილები კვერცხს არ დებენ, სქესის დადგენის შემდეგ მამალ წიწილებს ყრიან ცელოფნის პარკში, სადაც სულის შეხუთვით იღუპებიან. 1995 წელს 247 მილიონმა უსარგებლო მამალმა წიწილამ გაიზიარა ეს ბედი. სახორცე ქათმების მსგავსად კვერცხის მდებელ ქათმებს აჭრიან ნისკარტს ერთი კვირის ასაკში. თუმცა, რამდენადაც კვერცხის მდებელ ქათმებს უფრო დიდხანს ამყოფებენ ცოცხლად, კვერცხის მწარმოებელთა უმეტესობა ხელმეორედ აჭრის ნისკარტს თავის ქათმებს 12 კვირის ასაკში. ყველაზე უარესი ისაა, რომ კვერცხის მდებელი ქათმები მუდმივად ჰყავთ გამოკეტილი 730 სმ2 ფართობის გალიებში, 5 ან 6 ქათამი ერთ გალიაში. შესაბამისად, საშუალო კვერცხის მდებელ ქათამს გააჩნია 120 – 145 სმ2 ფართობის საცხოვრებელი სივრცე, ართუ ისე მეტი ვიდრე 100 სმ2 ფართობის მქონე აღრიცხვის ბარათი. გალიებს დახრილ გისოსებიანი ფსკერი აქვთ, რაც სრულიად შეუფერებელია ქათმების ფეხებისთვის, რადგან ზოგჯერ ფეხი გალიის ფსკერს შეეზრდება და შეუძლებელს ხდის საკვებამდე და წყლამდე მისვლას. აშშ-ში წარმოებული კვერცხის 98% სწორედ ასეთ გალიებში მუდმივად გამოკეტილი კვერცხის მდებელი ქათმებისგან მოდის. ასეთ პირობებში წლინახევრიანი ცხოვრების შემდეგ (ჩავთვალოთ, რომ ისინი არ კვდებიან თავიანთ გალიებში, თუმცა 12-18% ამ ქათმებისა იღუპება გალიებში ყოველწლიურად) დაახლოებით იმ დროისათვის, როცა მათი კვერცხის წარმოება მცირდება, ფრინველებს ან უფრო მჭიდროდ ტენიან მოძრავ ყუთებში, გადაჰყავთ სასაკლაოებში და საკვებად აქცევენ ან კვლავ ამყოფებენ გალიებში კვერცხის დების შემდგომი ციკლისთვის. ამ ორი ვარიანტიდან ირჩევენ უფრო ეკონომიურს. მათ, ვისაც არ გაუმართლებს და „გადასამუშავებლად“ დაიტოვებენ, ბუმბულს ხელოვნურად უცვენენ, რათა მოამზადონ კვერცხის დების შემდგომი ციკლისთვის. ბუმბულის ცვენის (forced molting) ძირითადი მეთოდი გულისხმობს ქათმებისათვის არანაირი საკვების მიწოდებას 5-14 დღის განმავლობაში. ერთი ან ორი ასეთი ციკლის შემდეგ ქათმები ორიდან ერთ-ერთ ბედს გაიზიარებენ: ან სასაკლაში გააგზავნიან, როგორც ეს ზემოთ აღინიშნა ან რასაც მეტ უპირატესობას ანიჭებენ, ფერმაშივე მოიშორებენ თავიდან, სადაც მათ ცოცხლად კეპენ ქათმების მომავალი თაობის გამოსაკვებად. ამ ქათმებს აიძულებენ გადაიტანონ ყოველი ასეთი არაადამიანური მოპყრობა, რათა ვისიამოვნოთ არსებითად არაჯანსაღი საკვებით, რომელიც სავსეა ქოლესტერინით (300 მგრ ერთ კვერცხში) და ცხიმით (კვერცხის კალორიების 50% მოდის ცხიმიდან, რომლის უმეტესობა გაჯერებულია), რომელიც რატომღაც ასოცირდება ვახშამთან. რამდენადაც კვერცხი კვების თვალსაზრისით არასაჭიროა, თავის არიდებაც ადვილია და გაუმართლებლად სასტიკი ინდუსტრიის შედეგია, თქვენი რწმენები გაიძულებენ აღიაროთ, რომ მისი ჭამა ამორალურია.
რაც შეეხება რძის პროდუქტებს, სარძევე ძროხების 57%-ს ზრდიან ფაბრიკულ ფერმებში, სადაც მათ აშორებენ თავიანთ ხბოებს დაბადებიდან ერთ ან ორ დღეში და სადაც განუწყვეტლივ ხდება მათი მრავალჯერ დაორსულება, მათი ორგანიზმის გაჯერება ანტიბიოტიკებითა და ზრდის ჰორმონებით, დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ მოწველვა, სარძევე ჯირკვლების ანთებით ტანჯვა, არაბუნებრივი საკვებით კვება და თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა მათი რძის წარმოება მცირდება, სახორცე ძროხების მსგავსად, არაჰუმანური მეთოდებით სატვირთო მანქანებით გადაჰყავთ სასაკლაოში ყოველგვარი საკვების, წყლისა და უამინდობისაგან დაცვის გარეშე, სასაკლაოში კი ხორცად გარდაქმნიან. რაც შეეხება მათ ხბოებს, თუ ხბო დედალია, მას ან დაიტოვებენ ან მიჰყიდიან რძის მწარმოებელ სხვა ფერმერს, ხოლო თუ მამალია, მას დიდი ალბათობით მიჰყიდიან ხორცის მწარმოებელ ფერმერს, რომელიც კისრის არეში ჯაჭვით დააბამს და გამოკვებავს რკინანაკლული საკვებით 14-16 კვირის განმავლობაში სასაკლაოში გაგზავნამდე. შესაბამისად, როდესაც მავანი ყიდულობს რძის პროდუქტებს, ის არა მარტო მხარს უჭერს სარძევე ძროხების არასაჭირო დატყვევებასა და არაჰუმანურ მოპყრობას, არამედ ის არაპირდაპირ მხარს უჭერს უფრო მეტად არაჰუმანურ ხბოს ხორცის ინდუსტრიას. რამდენადაც, ამერიკის დიაბეტის ასოციაციისა (American Diabetes Association) და წამალზე პასუხისმგებელ ექიმთა კომიტეტის (Physicians Comittee for Responsible Medicine) მიხედვით რძის პროდუქტები საერთოდ არ არის აუცილებელი ადამიანის სრული ჯანმრთელობისთვის, თავის არიდებაც მარტივია, რძის პროდუქტების წარმოება იწვევს სარძევე ძროხებისა და მათი ხბოების ენით აუღწერელ ტკივილსა და სიკვდილს, თქვენი რწმენები გაიძულებენ აღიაროთ რძის პროდუქტების მოხმარების ამორალურობა.
საბოლოოდ, თქვენი რწმენები გაიძულებენ აღიაროთ პირადი ჰიგიენისა და საოჯახო მეურნეობის ისეთი პროდუქტების შეძენის ამორალურობა, რომლებიც ცხოველებზე იქნა გამოცდილი. ცდები მოიცავს დრაიზის თვალის გამაღიზიანებლობის ცდას (Draize Eye Irritancy Test), სასიკვდილო 50%-იანი დოზის ცდას (LD 50), კანის მოწამვლადობის ცდასა და ინიექციებს. ცხოველთა 80%-ს ასეთი ცდების დროს არ უტარდება ანესთეზია. უფრო მეტიც, ასეთი ცდები სრულიად უსარგებლო და არასაიმედოა. მაგალითად, საკმაოდ უხეში LD50 ცდა, რომლის დროსაც საცდელ ცხოველთა ჯგუფს ძალით აჭმევენ ნივთიერებას მანამ, სანამ ცხოველთა 50% არ დაიღუპება (ეს ხშირად ხდება მუცლის გახეთქვით, ვიდრე ნივთიერების ზემოქმედებით), გვაწვდის ყოვლად უსარგებლო ინფორმაციას ცდის შედეგის ადამიანზე გასავრცელებლად. უმეტეს შემთხვევაში, ისეთი პროდუქტებისთვის თავის არიდება, რომლებიც ცხოველებზე იქნა გამოცდილი საკმაოდ მარტივია, რადგან თანაბრად ეფექტური, თანაბრად უსაფრთხო და იგივე ფასის ალტერნატიული პროდუქტები, რომლებიც ცხოველებზე არ იქნა გამოცდილი და არ შეიცავენ ცხოველურ პროდუქტებს, ადვილად ხელმისაწვდომია. ასევე, იმის გარკვევა თუ რომელი პროდუქტებია ცხოველებისადმი ძალადობისგან თავისუფალი (cruelty-free) არ მოითხოვს განსაკუთრებულ ძალისხმევას, რადგან ასეთი პროდუქტების ეტიკეტზე ყოველთვის მითითებულია ცხოველებისადმი ძალადობისგან თავისუფალი სტატუსი. რამდენადაც მავანს შეუძლია ლაბორატორიის ცხოველთა ტანჯვაში საკუთარი წვლილის შემცირება ცხოველებზე გამოცდილი პროდუქტების ნაცვლად ცხოველებისადმი ძალადობისგან თავისუფალი პირადი ჰიგიენისა და საოჯახო მეურნეობის პროდუქტების შეძენით (როგორც წესი ეს პროდუქტები მაღაზიის თაროებზე ერთმანეთის გვერდითაა განთავსებული), თქვენი რწმენები გაკისრებენ ასე მოქცევის მორალურ ვალდებულებას.
თქვენი რწმენების შედეგები ნათელია. კერძოდ, 1) ხორცის ჭამა ამორალურია; 2) ცხოველური პროდუქტების ჭამა ამორალურია; 3) ცხოველებზე გამოცდილი პირადი ჰიგიენისა და საოჯახო მეურნეობის პროდუქტების შეძენა ამორალურია (იმის გათვალისწინებით, რომ ცხოველებისადმი ძალადობისგან თავისუფალი პროდუქტები ადვილად ხელმისაწვდომია). ეს დასკვნები გამომდინარეობს არა საკამათო ეთიკური თეორიიდან, რომელიც თქვენ შეგიძლიათ მარტივად უარყოთ, არამედ სწორედ თქვენივე მტკიცე რწმენებიდან. გარდა ამისა, ეს დასკვნები მომდინარეობენ მიუხედავად თქვენი შეხედულებისა სპეცისიზმზე, ცხოველთა თანასწორობასა და ცხოველთა უფლებებზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ დავგადაკლული სპეცისისტი ხართ, თქვენი რწმენების გათვალისწინებით თქვენ მიდრეკილი ხართ ზემოაღნიშნული ქმედებების ამორალურობის აღიარებისკენ. ასე რომ, თანმიმდევრობა მოითხოვს, რომ თქვენ გაიზიაროთ ამ ქმედებების ამორალურობა და შეცვალოთ თქვენი ქცევა ამის შესაბამისად.

• #1 – ყოველგვარი თანასწორობის შემთხვევაში, მსოფლიო ნაკლები ტკივილითა და ტანჯვით უკეთესია, ვიდრე მსოფლიო მეტი ტკივილითა და ტანჯვით;
• #2 – მსოფლიო ნაკლები არასაჭირო ტანჯვით უკეთესია, ვიდრე მეტი არასაჭირო ტანჯვით;
#3 – ზედმეტი (არასაჭირო) სისასტიკე არასწორია და prima facie არ უნდა იყოს მხარდაჭერილი ან წახალისებული;
#4 – ჩვენ ვალდებული ვართ გადავდგათ ნაბიჯები, რათა მსოფლიო ვაქციოთ უკეთეს ადგილად; ან ჩვენ ვალდებული ვართ, გონივრულობის ფარგლებში, ვაკეთოთ რაც შეგვიძლია, რათა თავიდან ავიცილოთ მსოფლიოს უარეს ადგილად გადაქცევა;
#5 – მორალურად კარგი პიროვნება გადადგამს ნაბიჯებს, რათა აქციოს მსოფლიო უკეთეს ადგილად და უფრო მეტიც, უფრო ძლიერ ნაბიჯებს, რათა თავიდან აიცილოს მსოფლიოს უარეს ადგილად გადაქცევა;
#6 – თუნდაც მინიმალურად წესიერი პიროვნება გადადგამს ნაბიჯებს, რათა წვლილი შეიტანოს მსოფლიოში ზედმეტი რაოდენობის ტკივილისა და ტანჯვის შემცირებაში, თუ მას ეს შეუძლია ძალიან მცირე ძალისხმევის შედეგად;
#7 – მე ვარ მორალურად კარგი პიროვნება;
#8 – მე ვარ, სულ მცირე, მინიმალურად წესიერი პიროვნება;
#9 – მე ვარ იმ კატეგორიის პიროვნება, რომელიც აუცილებლად გადადგამს ნაბიჯებს, რათა წვლილი შეიტანოს მსოფლიოში ზედმეტი რაოდენობის ტკივილისა და ტანჯვის შემცირებაში, თუ მე ეს შემიძლია ძალიან მცირე ძალისხმევის შედეგად;
#10 – ბევრი ცხოველი (ცხადია ყველა ხერხემლიანი) გრძნობს ტკივილს;
#11 – მორალურად არასწორია ცხოველთა არასაჭირო ტკივილისა და ტანჯვის გამოწვევა;
#12 – მორალურად არასწორია და საზარელი ცხოველთა მიმართ არაჰუმანური მოპყრობა ყოველგვარი საფუძვლიანი მიზეზის გარეშე;
#13 – ჩვენ უნდა განვახორციელოთ ეუთანაზია განუკურნებლად ტრავმირებული და ტანჯული ცხოველების მიმართ, რათა გავათავისუფლოთ ისინი ტანჯვისაგან, როდესაც ეს შესაძლებელია;
#14 – ყოველგვარი თანასწორობის შემთხვევაში, უარესია ცნობიერებაზე მყოფი მგრძნობიარე ცხოველის მოკვლა, ვიდრე მცენარისა;
#15 – ჩვენ გვაკისრია მომავალი თაობისათვის გარემოს შენარჩუნების მოვალეობა (სულ მცირე, მომავალ ადამიანთა თაობისათვის);
#16 – მავანმა უნდა შეამციროს მეორის წვლილი გარემოს გადაგვარებაში, განსაკუთრებით იმ გზებით, რაც მოითხოვს მავანის მინიმალურ ძალისხმევას.

۞ ÷ ۞ ÷ ۞

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Mylan Engel — The Immorality of Eating Meat, 2000.

8 comments on “მილან ენგელ უმცროსი

  1. “რომ დარწმუნდეთ თუ რამდენად ადვილია ეს გადახედეთ მე-3 თავს, სადაც მე წარმოვადგინე ადვილად ხელმისაწვდომი ვეგეტარიანული კერძების საკმაოდ გრძელი სია, რომლებიც ფაქტიურად ვეგანურიცაა.” – მგონი ამ სიის მოძებნა მომიწევს. დიდი ხანია, რაც ამაზე ვფიქრობ, ვინ იცის, იქნებ ეს სტატია გადამწყვეტი იყოს. ყოველ შემთხვევაში მე მგონია, რომ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში 02:35-ზე ამხელა ნაშრომს ვერ წავკითხავდი. მონახაზები გააკეთე, გადვbედავ, მოვისაზრებ და აბა მე ვიცი.

    • წარმატებებს გისურვებ! სხვათაშორის, ახლახან შევიძინე სამარხვო კერძების რეცეპტების წიგნი, რომელშიც უამრავი ვეგანური კერძებია, მარტივად მოსამზადებელი. ვეგანიზმს მარხვასთან, გარდა ფორმისა, არაფერი აქვს საერთო, თუმცა ეს რეცეპტების წიგნი დიდად გამომადგა, საქართველოში ხელმისაწვდომ პროდუქტებზეა აგებული და იმიტომ.

      • კი… შენს გამონათქვამს მარხვის შესახებ შესაძლოა მიემატოს ერთი სიტყვა და გამოვიდეს, რომ ” მარხვა – რელიგიური, ვეგანური დიეტაა”

      • ძალიან რთული ყოფილა, აი ფაქტობრივად მშიერი ხარ და თუ ჭამ, მხოლოდ მორალს ჭამ :დ აი მაგალითად როცა ჩემი სახლი ხორცით იყო სავსე ავდექი და ძალიან უგემური, “რეზინის” პომინდვრის სალათი გავიკეთე და ვჭამდი და, მეთქი რა უგემურია… სამაგიეროდ მორალურია :დ და მერე გამეცინა, მორალი ვჭამო ახლა მე მეთქი? :დ:დ არა, არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ მერე დავასკვენი, რომ სანამ საკუთარ ხარჯზე არ ვიცხოვრებ, მანამდე ვერ მოვახერხებ, რამდენიმე მიზეზის გამო. დარწმუნებული ვარ ჩემი ასაკის რომ ყოფილიყავი იგივე შეგაფერხებდა… 😦

      • შენ თვითონ რომ მოიმზადო საჭმელი? შენი წილი საკვები ხო მაინც უნდა გაკეთდეს სახლში და ადექი და ვეგეტარიანული/ვეგანური კერძი მოამზადე. რა თქმა უნდა სირთულეები საკმაოდაა და თავგანწირვასაც არავინ მოითხოვს შენგან, თუმცა შესაძლებლობების ფარგლებში შეეცადე მაქსიმუმი გააკეთო.

      • კი მაგაზეც ვიფიქრე თავისთავად, მაგრამ იმის გამო რომ მუდმივი გადარბენის პერიოდი მაქვს (აბიტურიენტი ვარ) არ მრჩება იმედნი დრო რო ვიზრუნო ჩემს საკვებზე, თან ჩემს სიახლოვეს არაა ისეთი მაღაზიები სადაც ბოსტნეულია და, მოკლედ, ჯერ-ჯერობით ასეა. ნელ-ნელა ამ პერიოდს რომ “გადავაგორებ” რაღაცას შევცვლი და უფრო მეტი კულინარობის და სიარულის დრო მექნება :დ ალბათ ცუდი არგუმენტებია, მაგრამ, მაინც 😦

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s