მილან ენგელ უმცროსი

engel-mylan-07

მილან ენგელ უმცროსი (დაბ. 1960) — მილან ენგელ უმცროსი ასწავლის ფილოსოფიას ჩრდილოეთ ილინოისის უნივერსიტეტში. მას გამოცემული აქვს რამდენიმე სტატია ეპისტემოლოგიაში, რელიგიის ფილოსოფიასა და მეტაფიზიკაში. მისი ამჟამინდელი კვლევა ეხება ადამიანის ვალდებულებებს ცხოველებთან (nonhuman animals) მიმართებაში. წინამდებარე სტატიაში, პროფ. ენგელი ავითარებს ხორცის ჭამის ამორალურობის არგუმენტს. ვეგეტარიანიზმის სხვა ეთიკური არგუმენტებისაგან განსხვავებით, შემოთავაზებული არგუმენტი არ ეფუძნება სპეცისიზმის მცდარობას, ის არც თქვენს შეხედულებაზეა დამოკიდებული, რომლის მიხედვითაც ყველა ცხოველი თანასწორია ან ყველა ცხოველს გააჩნია სიცოცხლის უფლება, ის არც იმ ზოგიერთ ფრიად საკამათო მეტაეთიკურ თეორიას ეფუძნება, რომელსაც თქვენ უარყოფთ, არამედ ის ეფუძნება თქვენს რწმენებს (beliefs). მარტივად რომ ვთქვათ, არგუმენტი აჩვენებს, რომ თქვენივე რწმენების გათვალისწინებით, თქვენ შორის ისიც კი, ვინც მტკიცედ აღიარებს ადამიანის აღმატებულ ღირებულებას ცხოველებთან შედარებით, ამისდა მიუხედავად აღიარებს ხორცის ჭამის ამორალურობას.

ხორცის ჭამის ამორალურობა

ვეგეტარიანიზმის მორალური ვალდებულების არგუმენტთა უმეტესობა ორიდან ერთ-ერთ ფორმას იღებს. ისინი ან პიტერ სინგერის მითითებასა და მოთხოვნას იზიარებენ, რომლის მიხედვითაც ყველა ცხოველი თანასწორია უტილიტარიანული მოსაზრებით ან ტომ რეგანის დეონტოლოგიურ, უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას იზიარებენ და ამტკიცებენ, რომ იმ ცხოველთა უმეტესობას, რომლითაც ჩვენ რეგულარულად ვიკვებებით, გააჩნია უფლების ზუსტად იგივე მიმნიჭებელი მახასიათებლები, რომლებიც ანიჭებენ უფლებებს ადამიანებს. მაშინ, როცა ზემოხსენებული არგუმენტები დამაჯერებელი აღმოჩნდა მრავალი ადამიანისათვის, რათა შეეცვალათ თავიანთი კვების წესი, ფილოსოფოსთა უმეტესობამ ისინი უბრალოდ უგულებელჰყო. პირადი გამოცდილების მიხედვით, როდესაც ხორცის მოყვარული ფილოსოფოსები უპირისპირდებიან ამ არგუმენტებს, ისინი ხშირად უარყოფენ მათ შემდეგნაირად:

სინგერის რჩეული უტილიტარიანიზმი გამოუსწორებლად ნაკლოვანია ისევე, როგორც რეგანის მორალური უფლებების თეორია. სანამ სინგერისა და რეგანის არგუმენტები ვეგეტარიანიზმის სასარგებლოდ ეფუძნება ხარვეზიან ეთიკურ თეორიებს, მანამ მათი არგუმენტები იქნება ასევე ხარვეზის შემცველი. სანამ ვინმე წარმომიდგენს ნათელ მორალურ მიზეზს ხორცის არჭამისთვის, მანამ გავაგრძელებ ხორცის ჭამას.

ასეთი პასუხის პირად ინტერესებზე მორგებული სოფისტიკა ერთი შეხედვითაც აშკარაა. რამდენადაც დღემდე არსებული არც ერთი ეთიკური თეორია არ არის შეუვალი შედავების მიმართ, ამდენად სრულიად შესაძლებელია ჩამოყალიბდეს მსგავსი პასუხი რათა „გავამართლოთ“ ან გონივრული ახსნა მოვუძებნოთ ფაქტობრივად ნებისმიერ ქცევას. გაუპატიურება შესაძლებელია „გამართლდეს“ შემდეგნაირად: გაუპატიურების მოწინააღმდეგემ შესაძლოა მიმართოს უტილიტარიანულ, კანტიანურ ან კონტრაქტარიანულ თვალსაზრისს, რათა განსაზღვროს გაუპატიურების ამორალურობა. ჩვენმა ფიქციურმა გაუპატიურების მოყვარულმა ფილოსოფოსმა შეიძლება განაცხადოს, რომ ყველა ეს ეთიკური თეორია არის ნაკლოვანი და ifso facto გაუპატიურების საწინააღმდეგო ყველა არგუმენტი არის ასევე ხარვეზის შემცველი. ჩვენმა გაუპატიურების მომხრემ შესაძლოა დაასკვნას: სანამ ვინმე წარმომიდგენს ნათელ მორალურ მიზეზს გაუპატიურების არჩადენისთვის, მანამ გავაგრძელებ გაუპატიურებას.
გაუპატიურების ამგვარი „გამართლების“ მოჩვენებითობა აშკარაა. არავინ, ვინც კი მიიღებს მხედველობაში გაუპატიურების სისასტიკეს, დაფიქრდება იმაზე, რომ გაუპატიურება რამდენადმე გამართლებულია/დასაშვებია მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა ამჟამინდელი ეთიკური თეორია ხარვეზიანია. მაგრამ ასეთი ზედაპირული მსჯელობა გამოიყენება ყოველთვის, რათა „გაამართლონ“ შემზარავ პირობებში ცხოველთა მოშენება, დამწყვდევა, ტრანსპორტირება, დასახიჩრება, მკვლელობა და საკვებად გამოყენება. ჩემი მიზანია უკუვაგდო და შევაფერხო ასეთი ყალბი პასუხი ხორცის ჭამის ამორალურობის ისეთი არგუმენტის წარმოდგენით, რომელიც არ ეყრდნობა რომელიმე ცალკეულ ეთიკურ მიდგომას, არამედ ის დაფუძნებულია იმ რწმენებზე, რომლებიც თქვენ უკვე გაგაჩნიათ. სრული ტექსტი

ღვთისმეტყველურ-პოლიტიკური ტრაქტატი

۞ ÷ ۞ ÷ ۞

1668 წელს სპინოზამ დაამთავრა „ღვთისმეტყველურ-პოლიტიკური ტრაქტატი“. იან რიუვერტსმა იკისრა ზრუნვა მეგობრისა და მასწავლებლის ახალი თხზულების გამოცემაზე. რიუვერტსის რჩევით გადაწყდა ტრაქტატის ანონიმური გამოცემა. პირველი გამოცემა იბეჭდებოდა ამსტერდამში, ქრისტეფორე კონრადთან — 1670 წელს. წიგნის გარეკანზე აღნიშნული იყო, რომ ის ჰამბურგში, გამოგონილი პირის — ჰენრიხ კიუნრატის სტამბაშია გამოცემული. სრული ტექსტი

ბერტრან რასელი

ბერტრან რასელი (1872-1970) — ინგლისელი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მათემატიკოსი, საზოგადოებრივი მოღვაწე. რასელმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე მათემატიკური ლოგიკის განვითარებაში. რასელი ფიქრობს, რომ ფილოსოფია თავის პრობლემებს ბუნებისმეტყველებიდან იღებს, მისი ამოცანაა ბუნებისმეტყველების პრინციპებისა და ცნებების ანალიზი და ახსნა, ფილოსოფიის არსს შეადგენს ლოგიკა, ლოგიკური ანალიზი. რასელი ინგლისური ნეორეალიზმისა და ნეოპოზიტივიზმის ფუძემდებელია. იგი იყო რელიგიის მოწინააღმდეგე და იცავდა ათეისტურ შეხედულებებს. გამოდიოდა ფაშიზმის წინააღმდეგ და იღწვოდა მშვიდობიანი თანაარსებობისთვის.

ვინ არის აგნოსტიკოსი?

ვინ არის აგნოსტიკოსი?

აგნოსტიკოსი შეუძლებლად მიიჩნევს ჭეშმარიტების შეცნობას ღმერთის არსებობისა და მარადიული ცხოვრების საკითხებში, რომლებთანაც დაკავშირებულია ქრისტიანობა და სხვა რელიგიები. ან, თუ ზოგადად შეუძლებლად არა, ყოველ შემთხვევაში, ამჟამად მაინც.

ითვლებიან თუ არა აგნოსტიკოსები ათეისტებად?

არა. ათეისტი, ქრისტიანის მსგავსად, მიიჩნევს, რომ შესაძლებელია შეიცნო არსებობს თუ არა ღმერთი. ქრისტიანის აზრით, ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი არსებობს; ათეისტის აზრით, ღმერთი არ არსებობს. აგნოსტიკოსი თავს იკავებს აზრის გამოთქმისაგან, ამბობს რა, რომ არ არსებობს საკმარისი საფუძველი არც მტკიცებისა და არც უარყოფისათვის. ამავე დროს, აგნოსტიკოსი შეიძლება მიიჩნევდეს, რომ ღმერთის არსებობა არა შეუძლებელი, მაგრამ ძნელად დასაჯერებელია; მან შეიძლება ჩათვალოს კიდეც ეს არსებობა იმ დონეზე დაუჯერებლად, რომ მას არ უღირდეს ამის განხილვა პრაქტიკაში. ასეთ შემთხვევაში, ის არცთუ ისე შორსაა ათეიზმისგან. მისი პოზიცია შესაძლოა გვაგონებდეს ფილოსოფოსის ფრთხილ დამოკიდებულებას ძველ ბერძენთა ღმერთებისადმი. თუ მე მთხოვდნენ დამემტკიცებინა, რომ ზევსი, პოსეიდონი, ჰერა და სხვა ოლიმპოელები არ არსებობენ, ჩემთვის რთული აღმოჩნდებოდა დამაჯერებელი არგუმენტების მოძიება. აგნოსტიკოსი ქრისტიანული ღმერთის არსებობას შეიძლება მიიჩნევდეს იმდენად დაუჯერებლად, რამდენადაც ოლიმპოელი ღმერთების არსებობას; ამ შემთხვევაში ის პრაქტიკულად დგება ათეისტის პოზიციაზე. სრული ტექსტი

ფრენსის ბეკონი

ფრენსის ბეკონი (1561-1626) — ინგლისელი ფილოსოფოსი, ახალი დროის მატერიალიზმისა და ექსპერიმენტული მეცნიერების ფუძემდებელი. მეფე იაკობ I-ის დროს მიაღწია მაღალ თანამდებობას სახელმწიფოში, გახდა ლორდ-კანცლერი. ბეკონს ეკუთვნის ცნობილი ტრაქტატი „ახალი ორგანონი“ (1620 წ.), რომელშიც განავითარა მეცნიერების ამოცანების ახალი გაგება და მეცნიერული ინდუქციის საფუძვლები. გამოაცხადა, რომ ცოდნა მიზანს მიაღწევს, თუ მეცნიერება შეძლებს გააძლიეროს ადამიანის ბატონობა ბუნებაზე. ამასთან, ბეკონი თვლიდა, რომ ამ მიზნის მიღწევა ძალუძს მხოლოდ იმ მეცნიერებას, რომელსაც შეუძლია მოვლენათა ჭეშმარიტი მიზეზების წვდომა, ამიტომაც იგი გამოდიოდა სქოლასტიკის წინააღმდეგ.

სიკვდილის შესახებ

ხალხს ისე ეშინია სიკვდილის, როგორც პატარა ბავშვებს სიბნელის და როგორც ბავშვებს უძლიერდებათ ეს თანდაყოლილი შიში ზღაპრებით, ზუსტად ასევეა სიკვდილის შიშიც. ცხადია, ფიქრი სიკვდილზე როგორც ცოდვებისათვის სასჯელზე და სხვა სამყაროში გადასვლაზე ღვთისმოშიშურია. მაგრამ, შიში სიკვდილისა როგორც ბუნების გარდაუვალი ხარკისა არის სისუსტე. თუმცა კი, ღვთისმოსაობაში სიკვდილზე ფიქრი გარკვეულწილად ამაოებასა და ცრურწმენაში ირევა. ზოგიერთი ბერმონაზვნის თხზულებებში მოკვდავთა ტანჯვის შესახებ ჩვენ მოგვაგონებენ თუ როგორია ტკივილი, რომელსაც შეიგრძნობს ადამიანი თუნდაც მისი თითის წვერის წვალებისას და როგორი იქნება, შესაბამისად, სიკვდილის ტანჯვა, როცა ინგრევა მთელი სხეული. სხვათა შორის, სიკვდილი ხშირად უფრო ნაკლებად მტანჯველია, ვიდრე სხეულის ერთი ნაწილის დაზიანება, რამდენადაც სიცოცხლისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოები არ არიან ყველაზე მგრძნობიარენი. „Pompa mortis magis terret, quam mors ipsa“[1] — ეს სიტყვები თავის თავში გულისხმობენ როგორც ფილოსოფიურ, ისე ცხოვრებისეულ ჭეშმარიტებას. კვნესა, კრუნჩხვა, ფერმკრთალი სახე, მეგობართა ცრემლები, გლოვა, ძაძები, დაკრძალვა და სხვა — აი, რისგან გარდაიქმნება სიკვდილი საშინელებად. სრული ტექსტი

იმანუელ კანტი

იმანუელ კანტი (1724-1804) — გერმანელი ფილოსოფოსი და მეცნიერი, გერმანული კლასიკური იდეალიზმის ფუძემდებელი.  დაიბადა, სწავლობდა და მოღვაწეობდა ქ. კენინსბერგში (ახლანდელი კალინინგრადი), სადაც 1755-70 წლებში იყო უნივერსიტეტის დოცენტი, ხოლო 1770-96 წლებში პროფესორი კანტი „კრიტიკული“ ანუ „ტრანსცენდენტალური“ იდეალიზმის ფუძემდებელია.

ქვემორე სტატია წარმოადგენს იმანუელ კანტის საპასუხო სტატიას ფრანგი ფილოსოფოსის — ბენჟამინ კონსტანისადმი, რომელმაც მანამდე თავის სტატიაში გააკრიტიკა კანტის შეხედულებები.

ტყუილის თქმის შესაძლო უფლებაზე ალტრუისტული მოტივებით

ჟურნალის „საფრანგეთი 1797 წელს“ მეექვსე გამოცემის პირველ ნომერში, პოლიტიკურ წინააღმდეგობათა შესახებ ბენჟამინ კონსტანის სტატიის 123-ე გვერდზე ნათქვამია შემდეგი:

„მორალური პრინციპის, თითქოს სიმართლის თქმა ჩვენი მოვალეობაა — უპირობოდ და განცალკევებულად მიღება, — ნებისმიერი საზოგადოების წარმოქმნას შეუძლებელს გახდიდა. ამის მტკიცებულება ჩვენ გაგვაჩნია მოცემული პრინციპიდან გამომდინარე იმ უშუალო დასკვნებში, რომელიც გააკეთა ერთმა გერმანელმა ფილოსოფოსმა; ის იქამდე მივიდა, რომ ამტკიცებს, თითქოს ტყუილის თქმა ბოროტგანმზრახველის კითხვის პასუხად, ხომ არ დაიმალა ჩვენს სახლში მის მიერ დევნილი ჩვენი მეგობარი, — იქნებოდა დანაშაული“. სრული ტექსტი